მთავარი სტატიები “ბავშვებისთვის სპორტული სივრცის მოსაწყობად ადგილი ვერ მონახეს” – დევნილები მეტეხის დასახლებიდან

“ბავშვებისთვის სპორტული სივრცის მოსაწყობად ადგილი ვერ მონახეს” – დევნილები მეტეხის დასახლებიდან

by GMG

“რამდენი წელია, დასახლებაში ჩვენი შვილებისთვის მინი სტადიონის მოწყობას ვითხოვთ, თუმცა უშედეგოდ“,- სოფელ ჭარებიდან დევნილი მაია კოლოტაშილი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში, მათ სოფელში ვერ გამოინახა ადგილი, სადაც სპორტული მოედანი მოეწყობოდა.

,,პატარებისთვის სათამაშო ადგილი  გამოინახა, სადაც შეგვიძლია ბავშვები გავართოთ, თუმცა შედარებით დიდები ვერსად ერთობიან, უბანში ხალხი წუხდება, როცა ბურთით თამაშობენ, ხან სად გადაუვარდებათ ბურთი, ხან სად. კი ვთხოვეთ სოფლის წარმომადგენელს, კასპის მერიასაც, მაგრამ ადგილი ვერ გამოინახა, სადაც შეიძლება სტადიონი გაკეთდეს და ბავშვები სპორტული აქტივობებით დაკავდნენ”.

  • უშუალოდ ქალების საჭიროებებზე რას გვეტყვით?

“დასახლებაში არ არის ადგილი, სადაც ჩამოჯდები და დაისვენებ, კარგი იქნება იყოს გამწვანებული ადგილი ერთგვარი სკვერი, ხან გინდა ადამიანს მთელი დღის დაღლილი ჩამოჯდე და ასეთ ადგილზე დაისვენო, ვიცი რომ სხვა დასახლებებში არის, ჩვენც ამოვუდგებით მხარში ხელისუფლებას და კარგი იქნება მოგვიწყონ რაიმე მსგავსი, გამწვანებული სივრცე”.

  • საბავშვო ბაღი არის ამ დასახლებაში?

“ჩვენი დასახლება ყველაზე პატარაა  და გასაგებია, რატომაც არ არის საბავშო ბაღი, თუმცა შესაძლებელია მეზობელ სოფელში ვატაროთ ბავშვები, რაც გარკვეულ რესურსებთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული. გვითხრეს, რომ ხუთი ბავშვი მაინც უნდა იყოს, რომ ტრანსპორტი დაინიშნოს, მაგრამ ჩვენთან მხოლოდ ოთხი  საბაღე ბავშვია”

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მერის წარმომადგენელი ნიკოლოზ შარიფაშვილი ამბობს, რომ დევნილთა ამ დასახლების მაცხოვრებლების მოთხოვნები მისთვის ცნობილია.

“ჩვენ არაერთხელ შევხდით მოსახლეობას, ვიცით მათი მოთხოვნების შესახებ, თუმცა პრობლემაა ის, რომ ამ დრომდე, ფიზიკურად ვერ გამოინახა ადგილი, სადაც შესაძლებელია იქნება სტადიონის მოწყობა, სხვა შემთხვევაში ჩვენ გვერდით დავუდგებით მოსახლეობას, შესაძლებლობების ფარგლებში”.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის დევნილთა დასახლება ყველაზე პატარაა, სადაც 35 კოტეჯია და ამდენივე ოჯახი ცხოვრობს.

სტატია მომზადებულია “ფონდი ტასოს” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

About Author

დაკავშირებული პოსტები