ე.წ. “აგენტების კანონპროექტს” ომით დაზარალებული ოჯახები ეხმაურებიან. მათი განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არსებობა და სიცოცხლისუნარიანობა სწორედ უცხოური დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით შეძლეს.
ისინი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართავენ და ამბობენ, რომ მისგან განსხვავებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ოჯახების მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან და სხვადასხვა გრანტის ფარგლებში მათ გააქტიურებას და გაძლიერებას ცდილობენ.
“2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული სახლები მეშვიდე წელს დანიის ლტოლვილთა კომისარიატმა აღადგინა,რატომ? მთავრობა არ გვყავდა? ამდენი ხალხი უცხოური გრანტების ამარა დაგვყარეს, მაშინ სად იყვნენ? ეკონომიკური გაძლიერების ყველა პროექტი NGO -ებმა არ განახორციელეს სოფლებში? გამჭვირვალობაზე საუბარი ამ შემთხვევაში ზედმეტია. აქამდე თუ ვერ გაიაზრეს არასამთავრობო სექტორის როლი ეს მათი პრობლემაა. პროექტების უმეტესი თანხა ქალებისა და ახალგაზრდების განათლებაზე იხარჯება და ალბათ შეეშინდათ ამდენი განათლებული ადამიანის ყოფნა ქვეყანაში, ამიტომ გადაწყვიტეს ისევ უთქმელი და მშიერი ხალხი ჰყავდეთ. მოვიდეს ჩვენთან ის კობახიძე და ადგილზე ავუხსნით ყველაფერს,“-აღნიშნა ერგნეთში მცხოვრებმა მაგული ოქროპირიძემ.
ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფლებში ამბობენ, რომ ადგილობრივი ქალების საქმიანობა დღეს ძირითადად არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობას უკავშირდება, კანონის დამტკიცების შემთხვევაშ კი ისინი არსებული მხარდაჭერისა და სხვადასხვა შესაძლებლობის დაკარგვის საფრთხეზე მიუთითებენ.
“საზღვარგარეთიდან ფინანსდება არაერთი აქტივობა, რომლის საშუალებითაც არასამთავრობო ორგანიზაციებს უჩნდებათ შესაბამისი ფინანსები, რათა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ოჯახებს დაეხმარონ, ხელი შეუწყონ მათ განვითარებაში და დაიცვან მათი პირობები. ე.წ აგენტების შესახებ კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ექნება უარყოფითი შედეგები როგორც ქვეყნის კურსის თვალსაზრისით, ისე ყოველდღიურ ყოფაზე. ამ კანონის თანახმად ძალიან ბევრი ოჯახი საოკუპაციო ხაზთან პოტენციურ დახმარებას დაკარგავს. პირადად მე არაერთ პროექტში ვარ ჩართული და ძალიან მეხმარება არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაში,“-ამბობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში მცხოვრები მერი ტაბატაძე.
საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებლები ამბობენ, რომ არაერთმა ოჯახმა მიიღო უცხოური ორგანიზაციის მხარდაჭერა და საკუთარი ბიზნესი განავითარა. ამ შესაძლებლობის შედეგად, წარმატებულ მეწარმეებს შორის შიდა ქართლელებიც მრავლად არიან.
“უცხოური ორგანიზაციები ქვეყნის განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, ავადმყოფების დასაძლევად, დასაქმების პრობლემის აღმოსაფხვრელად და კიდევ მრავალი სიკეთისთვის გვეხმარება გამყოფ ხაზთან მცხოვრებ დატყვევებულ ხალხს. უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტი თი შეგვიწყდება, ბედნიერ მომავალს დავემშვიდობებით. აზრის გამოთქმის და მოქმედების უფლებაც აღარ გვექნება არავის, ამიტომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს ეს. განვითარების მაგივრად დაგვამუნჯებენ ქალებს, როგორც ადრე იყო”, – ამბობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები ნინო უმეკაშვილი.
საქართველოს პარლამენტში ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი 20 თებერვალს დააინიცირეს, რომლის მხარდაჭერას აპირებს საპარლამენტო უმრავლესობა. მსგავსი კანონი მიიღეს 2012 წელს რუსეთში, რის შედეგადაც დამოუკიდებელმა ორგანიზაციებმა ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.