“ბვშვებს უნდა ვესაუბროთ ონლაინ სივრცის საფრთხეებზე” – ტრენინგი მშობლებისთვის და პედაგოგებისთვის

კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი სიახლეები
112 ნახვა

“მეცნიერებათა სკოლამ” გორში დღეს ტრენინგს უმასპინძლა, რომელიც კიბერ ბულინგის რისკებსა და ონლაინ უსაფრთხოების გზებს ეხებოდა. ინტერნეტ უსაფრთოების სპეციალისტი ლილი ფულარიანი მშობლებსა და პედაგოგებს “კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის” მოწვევით შეხვდა. ეს ორგანიზაცია შიდა ქართლის რეგიონში ცნობიერების კამპანიას ახორციელებს, გოგონებისა დ ქალების უფლებებთან დკავშირებით.

“მეცნიერებათა სკოლაში” შეკრებილ ქალებთან საუბრისას, ტრენერმა განსაკუთრებული აქცენტი სწორედ გოგონებთან დაკავშირებულ რისკებზე გააკეთა და ამის კონკრეტული მაგალითებიც დაასახელა. მისი ინფორმაციით, ცნობიერების დაბალი დონე მოზარდებში ხშირად შანტაჟის საფუძველი ხდება, რაც ზოგჯერ ფატალური შედეგებითაც სრულდება.

პედაგოგები და მშობლები აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი თემატიკის ტრენინგები მოსწავლეებსაც უნდა უტარდებოდეს და ამისთვის შესაბამისი პროგრამა უნდა დაინერგოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მათი თქმით, ხშირად კიბერბულინგის მსხვერპლები ამ პრობლემას ახლობელ ადამიანებთანაც არ ამხელენ და გამოსავლის გზებს ვეღარ პოულობენ. სწორედ ამიტომ სკოლაში ცნობიერების ამაღლება ინტენსიურად უნდა ხდებოდეს და ამ საკითხით მხოლოდ არასამთავრობო სექტორი არ უნდა ინტერესდებოდეს.

“მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ადრეული ასაკიდანვე გააცნობიეროს, შესაძლებლობებთან ერთად რა რისკები ახლავს მის ამა თუ იმ აქტიურობას სოციალურ ქსელში. რა და როგორ გამოიყენოს ინტერნეტ სივრცეში და როდის უნდა შეიტანოს ეჭვი, რომ მის მიერ გაუაზრებლად გაზიარებული ინფორმაცია შესაძლოა სხვამ ბოროტად გამოიყენოს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა სიღრმისეულად გაიარონ ეს საკითხები და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მოსმენა კვალიფიციური პირებისგან შეძლონ. ჩვენი მხრიდან რაც საჭიროა აუცილებლად გავაკეთებთ. რა თქმა უნდა მოსწავლეებთან აუცილებლად გავაზიარებთ იმ ინფორმაციას, რაც მათ უსაფრთხოებასთანაა დკავშირებული”, – აღნიშნა “მეცნიერებათა სკოლის” დირექტორმა, ეკატერინე სუხიშვილმა.

ტრენინგი “ფონდი ტასოს” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც რეგიონში “კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი” ახორციელებს. წლის ბოლომდე ეს ორგანიზაცია ადგილობრივ სასწავლო დაწესებულებებს კიდევ არაერთ საინტერესო ტრენინგს ჰპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.