გოგოებს ისევ ადრეულ ასაკში ათხოვებენ, უფლებებზე სოფლად ნაკლები ინფორმაციაა – შეფასებები კონფერენციიდან

სტატიები
146 ნახვა

ინფორმაციის ნაკლებობა საკუთარი უფლებების შესახებ – ასე იწყებდნენ საუბარს შიდა ქართლის ფემინისტური მოძრაობის წარმომადგენლები, თემში ქალების ყოველდღიური ცხოვრების შეფასებისას. 4 მომხსენებელი საკუთარ სოფელში არსებული საჭიროებების შესახებ, მოწვეულ სტუმრებს კონკრეტული მაგალითების განხილვით აცნობდა.

ნათია ბაკაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტიდანაა. მან პრობლემების იდენტიფიცირება 3 სოფელში, წრომში, ქვიშხეთსა და ცხრამუხაში მოახდინა. მისი განმარტებით, ადგილობრივ ქალებს საკუთარ უფლებებზე ინფორმაცია თითქმით არ გააჩნიათ, რის გამოც მათი ცხოვრება კიდევ უფრო მეტად რთულდება.

“ქალებთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია ისეთ შეკრებებზე ჩართულობის უფლებაზე, როგორიცაა მაგალითად, დასახლების საერთო კრება, სადაც სოფლისთვის გამოყოფილი თანხების გადანაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება. ისინი ფიქრობენ, რომ მათ ასეთ საკითხებს არავინ აკითხებს და სოფლის ბედს ამ მხრივ კაცებს ანდობენ. მე მქონდა საშუალება, ჩავრთულიყავი პროექტში, სადაც სწორედ ქალთა უფლებების შესახებ გვიტარდებოდა ტრენინგები. მიღებულ ცოდნას კი იმ ქალებს ვუზიარებდი, რომლებიც ასეთ შეხვედრებს მოკლებულები არიან”, -აღნიშნა ნათია ბაკაშვილმ.

დარინა ერაძე კი ქარელის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დვანში ცხოვრობს. თანასოფლელ ქალებს ინფორმაციას ტრენინგების შემდეგ ისიც უზიარებდა. მისი თქმით, სწორედ ამ პროექტმა მისცა საშუალება გაეგო უფრო მეტი ქალთა უფლებებზე და შედეგად, სხვებსაც დახმარებოდა.

“ჩვენ სოფელში ახალგაზრდა ქალს ოჯახის წევრები მუშაობის უფლებას არ აძლევდნენ. მას ჰქონდა სათანადო კვალიფიკაცია, თუმცა ამბობდა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ სახლში ყოფნა და სამსახურზე უარის თქმა უწევდა, ოჯახის წევრების გაღიზიანებისა და კონფლიქტის თავიდან აცილების გამო. როდესაც მივაწოდე შესაბამისი ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ და ავუხსენი, რომ შევიწროების შემთხვევაში მარტო არ იქნებოდა, დაფიქრდა, კონკრეტული არგუმენტებით ესაუბრა ოჯახის წევრებსაც და შეძლო, რომ დღეს ის სოფლის აფთიაქში მუშაობს და აქვს საკუთარი შემოსავალი”, – ამბობს დარინა ერაძე.

15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების დღისადმი მიძღვნილ ონლაინ ფორუმზე, გამომსვლელთა შორის ერთ-ერთი ზარდიაანთკარში მცხოვრები მარიამ გაბლიშვილი იყო. მისი აზრით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მოსახლეობას განსაკუთრებით ფსიქოლოგიური მხარდაჭერა სჭირდება. გარდა ამისა, სოფელში, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ადგილობრივები ყველაზე გვიან დაბრუნდნენ, არ არსებობს სამედიცინო დაწესებულება და ომგამოვლილი ხალხი ამ მხრივ, მხოლოდ ერთმანეთის დახმარების იმედად არიან. 

“ჩვენ სოფელს ომის კვალი დღემდე ეტყობა. მთელი ტვირთი ამ 13 წლის განმავლობაში მთლიანად ქალებზე გადავიდა, რომლებიც ცდილობენ ყოველდღიური მძიმე ყოფა და ის სირთულეები რაც კონფლიქტმა მოგვიტანა ახალ თაობას არ გვაგრძნობინონ საკუთარ თავზე აიღონ არსებული პრობლემების მოგვარება. ვფიქრობ ამ ქალებს სჭირდებათ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ამ სტრესის შესამსუბუქებლად. გარდა ამისა, არ არსებობს აფთიაქი, ამბულატორია და ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მისაღებად ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფი ხალხი ქალაქში უნდა წავიდეს”, – აღნიშნა მარიამ გაბლიშვილმა. 

განსხვავებული პრობლემებისა და საფრთხის წინაშე დგანან გოგონები და ქალები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში. ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში, როგორც ნარგიზა ემინოვა ამბობს, დღემდე მისდევენ ძველ წეს-ჩვეულებებს და გოგონებს ადრეულ ასაკში ათხოვებენ.

“თუ ვცხოვრობთ საქართველოში ამ ქვეყნის კანონები ყველამ უნდა დავიცვათ. მეც აზერბაიჯანელი ვარ, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ეს გარყვნილება. ამბობენ, რომ ეს მათი ტრადიციაა და კანონის გვერდის ავლით აგრძელებენ ძველებურად ცხოვრებას. 12-13 წლის ასაკში გამოყავთ სკოლიდან ბავშვები და ოჯახს აქმნევინებენ. გარდა ამისა, დღესაც ნორმად ითვლება კაცის ბრძანებების შესრულება, თუნდაც ეს ქალის სურვილს ეწინააღმდეგებოდეს. რაც ამ პროექტში ვარ რადიკალურად შეიცვალა ჩემი აზროვნება და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელზეც ქმარი მუდმივად ძალადობდა, გამოვიყვანე ასეთი გარემოდან და სიკვდილს გადავარჩინე”,– აღნიშნა ნარგიზა ემინოვამ.

სოფლად მცხოვრები ქალების საჭირობებზე ქალებმა მოხსენებები “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გამართეს, რომელსაც შიდა ქართლში ა(ა)იპ ქართული მედია ჯგუფი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, სოფლად მცხოვრები გოგონებისა და ქალების მხარდასაჭერად ფემინისტური მოძრაობა შეიქმნა, სადაც ქალები რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის 10 სოფლიდან არიან ჩართულები.

“6 თვიანი პროექტის ფარგლებში სოფლად მცხოვრებმა ქალებმა, სხვადასხვა თემაზე, ონლაინ ფორმატში ტრენინგ-სემინარები გაიარეს. მათ უკვე აქვთ ინფორმაცია, როგორ უნდა დაეხმარონ თანასოფლელ ქალებს, ვისაც ამის საჭიროება ექნება. პროექტში 10 მობილიზატორი ქალია ჩართული შიდა ქართლის 4-ვე მუნიციპალიტეტიდან. ზარდიაანთკარი, ზღუდერი, დვანი, დირბი, ცხრამუხა, ქვიშხეთი, წრომი, ფერმა, ხიდისყური, საკორინთლო.. თითოეულ მათგანს პროექტში ჩართული ჰყავს კიდევ 5-5 ქალი მათივე თემიდან, რომლებსაც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას პერიოდულად უზიარებენ. ჩვენ მათ მოვიაზრებთ პოტენციურ უფლებადამცვლებად საკუთარ თემში, რომლებთანაც მუშაობას სამომავლოდაც გავაგრძელებთ”, – აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიბჩიურმა.

აღნიშნული პროექტი ნოემბერში დასრულდება. ფემინისტური მოძრაობა, დარჩენილ პერიოდში სარეკომენდაციო დოკემენტზე მუშაობს, რომელიც სოფლად მცხოვრები ქალების მხარდაჭერას გულისხმობს და ის შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას გაეგზავნება. პროექტის დასასრულს, ორგანიზატორები სპეციალურად შექმნილი საიტის, FEMINISM.GE -ს პრეზენტაციას გამართავენ და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან, ურთიერთთანამშრომლობის მიზნით, მემორანდუმსაც გააფორმებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.