გოგონებისა და ქალების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება შიდა ქართლში

პროექტები
138 ნახვა

“ქართული მედია ჯგუფის” 6 თვიანი პროექტი მიზნად ისახავს შიდა ქართლის 15 სოფელში, (ჩორჩანა, ცხრამუხა, წაღვლი, ხცისი, კლდისწყარო, ყარაფილა, საკორინთლო, კოდისწყარო, მეტეხის დევნილთა დასახლება, ხვითი, დირბი, დვანი, გვერძინეთი, ზღუდერი, ქობესაანთუბანი,) გოგონებისა და ქალების გაძლიერებას და მათთვის ლიდერული უნარ-ჩვევების გაზიარებას. შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” (CRD) მხარდაჭერით, პროექტის მონაწილეებმა პირველ ეტაპზე გაიარეს 4 ტრენინგი, ინტერნეტუსაფრთხოებაზე, ქალთა უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებზე, საჭიროებების კვლევასა და ადვოკატირების დაგეგმვა-განხორციელებაზე, ასევე საჯარო გამოსვლებზე/პრეზენტაციების ფართო აუდიტორიისთვის წარმოდგენაზე.

მეორე ეტაპზე პროექტში ჩართულმა 15 – მა ქალმა ხაშურის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტების სოფლებიდან მოიძიეს ქალტა საჭიროებები და ჩაერთვნენ ადვოკატირების კამპანიაში. გამოკვეთილ პრობლემებზე ისინი პირისპირ ხვდებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და როგოც თემის ლიდერები სოფლის მთავარ პრობლემებზე მათგან პასუხებს ისმენენ, შემდეგ კი ამა თუ იმ საკითხის გადაჭრის მონიტორინგს ახორციელებენ. მათი აქვტივობების ამსახველი მასალები Feminism.ge – ზე ოპერატოულად ვრცელდება.

პროექტის მონაწილეები:

ლიკა კალმახელიძე – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი დირბი

ჩემთვის, ფემინისტური მოძრაობა ხელისუფლების წარმომადგენელთა ძალისხმევის ხელშეწყობის საშუალებაა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და ადამიანის უფლებების დაცვა, ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი ქალისთვის, ძალიან ნიშვნელოვანია.
თუ ადამიანს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი სურვილების შესაბამისად გადაწყვეტილებები მიიღოს, მას ვერასდროს ექნება სრულფასოვანი ცხოვრება.
ქალების “სუსტ სქესად” წარმოჩენა და მათზე ძალადობა არის ერთ-ერთი გავრცელებული დისკრიმინაციის ფორმა, რომელიც განსაკუთრებით აზარალებს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას. ჩვენი მიზანი კი ის არის, რომ  ქალებს აღარ ჰქონდეთ შეზღუდული უფლებები და აღმოიფხვრას ის სტერეოტიპები რაც ანგრევს უამრავი ქალის ცხოვრებას.

ლელა ხარაული – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი კნოლევი

ჩემი სოფელი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. ადგილზე არსებული სხვადასხვა აქტუალური პრობლემების წინ წამოწევის ნაცვლად, აქცენტი მუდმივად ერთ პრობლემაზე კეთდება, რასაც ჩემი აზრით, ქალების პასიურობა განაპირობებს. სოფლის საჭიროებების გამოკვეთასა და მათი გადაჭრის გზებზე/შესაძლებლობებზე დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს. წლებია გადაწყვეტილებები რამდენიმე ადამიანის ინტერსების მიხედვით მიიღება, რაც არ ასახავს სოფლის მოსახლეობის საერთო სურვილს. ამ პროცესში სრულიად უგულვებელყოფილია ქალების მონაწილეობა და მათი პრობლემების დღის წესრიგში დაყენება. ამიტომ აუცილებელია, ამაღლდეს ცნობიერების დონე მოსახლეობაში, რათა ისინი განურჩევლად სქესისა, თანაბრად ჩაერთონ სოფლის პრობლემების მოგვარების საქმეში. ამ პროექტში სწორედ ამ შესაძლებლობებს და უნარ-ჩვევებს ვსწავლობ, ადგილობრივი ქალების გასააქტიურებლად.

ლილი თოთლაძე – ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელი კეხიჯვარი

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ორგანიზება გაუწია ამ პროექტს და საშუალება მომცა ვყოფილიყავი ამ გუნდის წევრი. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ იმ ორგანიზაციების  შესახებ,რომლებიც იცავენ ქალთა უფლებებს და ეს ცოდნა სხვებსაც გავუზიაროთ. მე ამ პროექტში ჩართულობით  უფრო მეტად გავაანალიზე ჩემს თემში არსებული პრობლემები და მეტი ინფორმაცია მივიღე ქალთა უფლებებზე, ორგანიზაციებზე, რომ ქალებსაც შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა და ხმის ამოღება, საკუთარი აზრის გამოხატვა. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქალისათვის სტერეოტიპების დამსხვრევა და იმ აზრის გააზრება, რომ ქალები არ არიან მონები.

მაია ჯორბენაძე -კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი საკორინთლო

მე ვცხოვრობ სოფელში, რომელიც ახლოსაა საოკუპაციო გამყოფ ხაზთან. აქ არც აფთიაქი და არც მაღაზიაა, რის გამოც პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად ადგილობრივებს 3 კმ-ის გავლა უწევთ. ეს ტვირთი კი განსაკუთრებით ქალებზე გადადის. სამუშაო ადგილების არარსებობის გამო სოფელი იცლება. სწორედ უკეთესი ცვლილების მოლოდინით ჩავერთე პროექტში, რომელიც სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებას ითვალისწინებს. მინდა ამ ტრენინგებიდან და გამოცდილებიდან მიღებული ცოდნა სოფლად მცხოვრებ სხვა ქალებსაც გავუზიარო და ერთად გავიკვალოთ გზა უკეთესი ცხოვრებისკენ.

ალიონა ნუკრაძე -კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის დევნილთა დასახლება

პროექტი ძალიან მომეწონა, უკეთესად გავიგევ ადამიანის, განსაკუთრებით ქალთა უფლებების შესახებ. ტრენინგებიდან და პრაქტიკული საქმიანობის შედეგად უკვე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე დასახლებაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ვის და როგორ მივმართო. ჩემს ცოდნას და გამოცდილებას რომელიც ამ პროექტიდან მივიღე, გავუზიარებ დასახლებაში მცხოვრებ ქალებს. ასევე მიღებული ცოდნა დამეხმარება უფრო ადვილად დავამყარო კონტაქტები ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვადასხვა ორგანზიაციასთან, რათა გარკვეული წვლილი შევიტანო ჩემი დასახლების მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

ნანა ტაბატაძე – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ცხრამუხა

ამ პროექტმა დიდი გამოცდილება შემძინა. ამომწურავი ინფორმაცია მივიღე ოჯახში ძალადობის, გენდერული თანასწორობის და ადვოკატირების შესახებ. ვცდილობ ეს ინფორმაცია სხვებსაც გავუზიარო და გამოვიყენო პრაქტიკაში.  სწორედ ამ პროექტიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე იყო ქალთა ჩართულობა 2022  წლის სოფლის კრებაზე, სადაც დაესწრო ქალთა გარკვეული პროცენტული რაოდენობა, იმაზე მეტი, ვიდრე გასულ წლებში. ჩვენი წვლილი შევიტანეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რაც შეეხება ადვოკატირების საკითხს, გვქონდა საშუალება შევხვედროდით ადგილობრივ თვითმმართველობას და მოგვესმინა მათი პასუხები თემში არსებულ პრობლემებზე. მიხარია, რომ ვარ ჩემი სოფელში მცხოვრები ქალების ხმა ხაშურის მუნიციპალიტეტში.

რუსუდან მინდიევი – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩორჩანა

ვცხოვრობ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, სადაც უამრავი პრობლემის წინაშე დგანან ადგილობრივი ქალები თუ გოგონები.  ტრენინგები საშუალებას მაძლევს განვავითარო ჩემი ცოდნა და დავეხმარო სოფლად მცხოვრებ ქალებსა და ახალგაზრდებს. პროექტებით ვაცნობიერებთ თუ როგორაა შესაძლებელი ჩვენი პრობლემებისა თუ საჭიროებების დადგენა და შემდეგ უკვე ადვოკატირება. ჩემი აზრით,  ცოდნა არის ძალა, რომლითაც შეგვიძლია ყველას გავაგონოთ ჩვენი ხმა.

მერი ქარელიშვილი – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხცისი

პროექტის ფარგლებში გავეცანით და შევისწავლეთ ბევრი საინტერესო საკითხი. მივხვდი, რომ ქალის როლის ზრდა საზოგადოების გააქტიურებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს. ჩართულობის გაზრდა მიმართული იქნება წინსვლისკენ, კეთილდღეობისა და ძლიერი სოფლის პრინციპებისკენ . ძლიერი და განვითარებული სოფელი კი ქვეყნის სიძლიერის საწინდარია.

მელანო ტალახაძე – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი წაღვლი

ამ პროექტმა სოფლად მცხოვრები ქალები გაგვააქტიურა და გამოგვაფხიზლა. აქამდე არც დავინტერესებულვარ სოფლის კრებით, თუნდაც მომესმინა ვინ რას ამბობდა. ახლა კი, როცა მის მნიშვნელობას გავეცანი ჩავერთე და ვთქვი ჩემი საქმელი, რაც სოფლად მცხოვრებ ქალებს სჭირდებათ. უკვე აღარ ველოდებით მამაკაცების გადაწყვეტილებას, რითიც ვფიქრობ, საქმე არ კეთდებოდა. ჩემი მაგალითი მისაბაძი აღმოჩნდა სხვა ქალებისთვისაც და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებზე მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ამ პროექტის დამსახურებაა.

თამარ ყიფიანი – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ზღუდერი

ამ პროექტის საშუალებით ჩემი სოფლის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ქალთა პასიურობა აქტიურ ჩართულობაში გადაიზარდა. გამოკითხვების მეშვეობით აშკარა გახდა მათი ინტერესი ფემინიზმთან დაკავშირებით. ქალთა უფლებებზე ვიდრე გავუზიარებდი ინფორმაციას, ზოგიერთ მათგანს წარმოდგენაც არ ჰქონდა რა სახის ფორმები არსებობს ძალადობის კუთხით და ხშირად გაუცნობიერებლად ისინი მიღებულ ნორმად აფასებდნენ მათი უფლებების შელახვას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ დრომდე როგორც შევძელი გავუზიარე ის ცოდნა, რაც ამ პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგებიდან მივიღე, ასევე ვესაუბრები იმ საშუალებებზე, რითიც ქალთა საჭიროებების ადვოკატირებაა შესაძლებელი. ვფიქრობ, ამ 6 თვის განმავლობაში ჩემი აქტიურობა სოფლად მცხოვრებ ქალებთან და მათი ინტერესი საკუთარ უფლებებსა და შესაძლებლობებზე უკვე დიდი მიღწევაა იმ საზოგადოებაში, სადაც აღნიშნულ თემაზე ინფორმაციული ვაკუუმი არსებობდა.

თამთა გელაძე – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი გვერძინეთი

ამ პროექტში ჩართვა ჩემთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო. ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე როგორც ქალთა უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებზე, ისე იმ პროგრამებზე, რაშიც შეგვიძლია ჩავერთოთ და განვავითაროთ ჩვენი შესაძლებლობები. ამ დრომდე მსგავს პროექტში მონაწილეობის საშუალება არ მქონია და ყველაფერი ახალი და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვისაც და ჩემი თანასოფლელი გოგონებისა და ქალებისთვის, რომელთა საჭიროებებსაც ვიკვლევდი თემში. რა თქმა უნდა ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ ადგილზე, რადგან უკვე იციან, რომ თუ ვინმეს ექნება საჭიროება შესაბამის უწყებებთან ვუშუამდგომლებ და გამოვიყენებ იმ კონტაქტებს, რაც ამ პროექტის ფარგლებში დავამყარე სხვადასხვა ორგანიზაციასთან და სამსახურთან.

ანა ქერდიკაშვილი – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ხვითი

სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურებისთვის განხორციელებულმა პროექტმა ბევრი სასიკეთო უნარები შეგვძინა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში და ჩვენი შესაძლებლობების განვითარებისთვის გამოგვადგება. მე პირადად, ტრენინგებიდან ბევრ საინტერესო თემას გავეცანი, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ. გარდა ამისა, მქონდა საშუალება მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა. თვითმმართველობის წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრების დროს გავაცანით ჩვენს მიერ გამოვლენილი პრობლემები და მათი პასუხებიც მოვისმინეთ. როგორ შესრულედება ეს დაპირებები, რა თქმა უნდა ამასაც დავაკვირდებით. პროექტის შედეგად, ჩვენ უკვე გვაქვს ადვოკატირებისა და მონიტორინგისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

სოფიო ლობჟანიძე – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი კლდისწყარო

ბევრი რამ გავიგე და შესაძლებლობა მომეცა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედროდი და პირადად გავსაუბრებოდი იმ საკითხებზე, რაც ჩვენს სოფელში ქალებს ყველაზე მეტად აწუხებთ. ჩატარებული ტრენინგიებიდან სიტყვათა მარაგი უფრო მომემატა და უფრო თავდაჯერებული გავხდი. ამ პერიოდში თანდათან გავიაზრე ქალთა ყოველდღიური ყოფა და მათი შელახული უფლებები, რომელთა დასაცავად თემში ისევ აქტიურად გავაგრზელებ მუშაობას.

ნანა თოგოშვილი – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაფილა

ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში ჩემი მონაწილეობა. აქტიურად დავიწყეთ შიდა ქართლში ქალთა საკითხებზე მუშაობა. გვქონდაა საშუალება გაგვეგო რა სჭირდებათ ადგილობრივ ქალებს და ვინ იცავს მათ უფლებებს. თუ აქამდე არ ვიცოდით ვისთვის როდის მიგვემართა, ახლა უკვე გვაქვს კავშირები და კონტაქტები შესაბამის სამსახურებთან. პროექტის დასრულების შემდეგაც ინდივიდუალურად გავაგრძელებ თემში არსებული პრობლემების გამოვლენას და შემდეგ ადვოკატირებას. ყველა საჭირო უნარ-ჩვევები უკვე მივიღეთ ამ პროექტიდან.

ხატია ბულბულაშვილი – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი კოდისწყარო

ვცხოვრობ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, სადაც უამრავი პრობლემის წინაშე დგანან ადგილობრივი ქალები და გოგონები. ამ პროექტმა მომცა შესაძლებლობა სოფლად მცხოვრები ქალების ხმა მივიტანო ადგილობრივ უწყებებთან, რომლებიც სამომავლოდ აღმოფხვრიან გამოკვეთილ პრობლემებს და მათი ყოველდღიურობით დაინტერესდებიან. სოფელში ისევ ბევრი სტერეოტიპული მიდგომები არსებობს მთელი რიგი საკითხების მიმართ, მინდა რომ ყველაფერი გავაკეთო მის არმოსაფხვრელად. ეს პროექტი დამეხმარება განვახორციელო ჩემი სამომავლო გეგმები და დავდგე ამ ადამიანების გვერდით, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ.

1 thought on “გოგონებისა და ქალების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება შიდა ქართლში

  1. მე ვარ სოფიო ლობჟანიძე სოფელი კლდის წყაროდან ჩემთვის ფემინისტური მოძრაობა არის სტიმულის მომცემი რათა უკეთ წარმოვაჩინოთ ჩემი სოფლის პრობლემა ან წარმატება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.