გორის მუნიციპალიტეტში სოფლის პროგრამის განხორციელებას ქალები დააკვირდებიან

სიახლეები
95 ნახვა

გორის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში სოფლის პროგრამის ფარგლებში გაწერილი სამუშაოების შესრულებას ადგილობრივი ქალები დააკვირდებიან. ინიციატივა “ქართულ მედია ჯგუფს” ეკუთვნის, რომელსაც მხარს “ქალთა ფონდი” უჭერს. პროექტის ავტორების განმარტებით, წლების განმავლობაში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ მოსახლეობის ნაწილმა (განსაკუთრებით ქალებმა) არ იცის რაში (და)იხარჯება მათი სოფლისთვის გამოყოფილი თანხა. იდეა სწორედ სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურებას და მათი ჩართულობისთვის ხელშეწყობას გულისხმობს.

“ქართული მედია ჯგუფი 2014 წლიდან მუშაობს შიდა ქართლის სხვადასხვა თემში და სისტემატურად ეცნობა ადგილობრივ პრობლემებს მათი ადვოკატირების მიზნით. ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებულ აქცენტს სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურებაზე ვაკეთებთ. ერთ-ერთი გასვლითი ღონისძიების დროს მათ აღნიშნეს, რომ არც დასახლების საერთო კრების თარიღები იციან და არც სოფლისთვის გამოყოფილი თანხის მიზნობრიობაზე აქვთ ინფორმაცია. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტი შეგვემუშავებინა და ხელი შეგვეწყო ქალების ინფორმირებულობის გაზრდისა და მათი ჩართულობისთვის გადაწყვეტილების მირების პროცესში. ჩვენთან ერთად ისინი გაეცნობიან საჯარო ინფორმაციებს, რა თანხა გამოყო კონკრეტული სოფლისთვის, რისთვის უნდა დახარჯულიყო თანხები და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი”,-აღნიშნა, “ქართული მედია ჯგუფის” წარმომადგენელმა ლელა ლობჟანიძემ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2017 წელს გაუქმდა და 2019 წელს განახლდა. ამ საკითხს წლების განმავლობაში “ქართული მედია ჯგუფის” ხელმძღვანელი, ნინო ჩიბჩიური იკვლევდა. მისი თქმით, ხშირად ამა თუ იმ სოფლის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივების საჭიროებებს არ პასუხობს და პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა აუცილებელია.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გვახსოვს რომ მასიურად შენდებოდა რიტუალების სახლები, რომელტა ნაწილი დღეს უფუნქციოა. საეჭვო იყო ის, რომ ყველა სოფელს ერთი და იგივე გაწყვეტილება ჰქონდა მიღებული თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით. გამოვითხოვე ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად 2012-2016 წლებში, გორის მუნიციპალიტეტისთვის ამ პროგრამის ფარგლებში 707 009 ლარი დაიხარჯა. თანხის დიდი ნაწილი სწორედ რიტუალების სახლების მშენებლობას და ინვენტარით აღჭურვას მოხმარდა. საინტერესოა რა ხდება 2019 წლიდან ამ დრომდე, როცა მთავრობამ ეს პროგრამა განახლებული ვერსიით წარმოგვიდგინა. ამიტომ ადგილობრივ ქალებთან ერთად ჩვენ მონიტორინგს გავუწევთ ამ პროცესს და საზოგადოებას კვლევის შედეგებსაც გავაცნობთ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მაცხოვრებელმა იცოდეს რაში იხარჯება მისი სოფლისთვის გამოყოფილი თანხა”,-აღნიშნა ნინო ჩიბჩიურმა.

“ქართული მედია ჯგუფი” სოფლად მცხოვრებ ქალებთან აღნიშნული მიზნით 8 თვის განმავლობაში იმუშავებს. მონიტორინგის ფარგლებში გადაცემები ადგილიდან მომზადდება და მასში თავად პროექტის ბენეფიციარები მიიღებენ მონაწილეობას. მათი სახით, შიდა ქართლის ფემინისტურ მოძრაობას კიდევ 10 ქალი შეემატება და ჯამში მათი რიცხვი რეგიონში 50-მდე გაიზრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.