გორში, ქალი მეწარმეები უკრაინის მხარდამჭერ გამოფენა-გაყიდვას მოაწყობენ

Uncategorized
147 ნახვა

8 მარტს, ქალთა დღეს, 13:00 საათიდან, გორის ცენტრში, ადგილობრივი ქალი სოციალური მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან პარტნიორობით იმართება.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, გამოფენა-გაყიდვის მიზანი, ერთი მხრივ, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალი მეწარმეების მხარდაჭერა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციაა, მეორე მხრივ კი, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვა. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 15 ადგილობრივი ქალი, რომლებიც გამოფენენ ხელნაკეთ თუ სხვა ტიპის ნივთებს, საკვებ პროდუქტებს, მცენარეებს და სხვ.

ღონისძიება ინიცირებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად. პროექტის მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.