გორში 7 ბაღი დაიხურა – რა ვქნათ მშობლებმა ვინც ვმუშაობთ და ბავშვებს ვერსად ვტოვებთ?

სიახლეები სტატიები
166 ნახვა

გორში, კორონავირუსის მიზეზით, 7 საბავშვო ბაღია დახურული. აქედან 2-მა მათგანმა დღეს შეწყვიტა მუშაობა, დანარჩენმა 5-მა კი მანამდე. საშობაო არდადეგების შემდეგ, სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებში 10 იანვრიდან განახლდა, თუმცა ზოგიერთს მუშაობის საშუალება მხოლოდ რამდენიმე დღით მიეცა. COVID-19 ძირითადად თანამშრომლებშია გავრცელებული, რომელთა კონტაქტებიდან გამომდინარე ხდება გადაწყვეტილების მიღება ჯგუფის ან მთლიანი დაწესებულების დაკეტვის შესახებ.

“გორში, ამ დროისთვის 7 ბაღია დახურული. ბოლო შემთხვევები პირველ და მე-6 საბავშვო ბაღებში გამოვლინდა, რის გამოც სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. პირველი ბაღის შემთხვევაში დავაკვირდებით კონტაქტების მდგომარეობას და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას რამდენ დღეში აღდგება მუშაობა, მე-6 ბაღი კი დიდი ალბათობით ორი კვირის განმავლობაშ იქნება დახურული”, – აღნიშნავენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.

არსებულმა ვითარებამ იმ მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც ბავშვების ტარებას საბავშვო ბაღებში, კორონავირუსის გავრცელების გამო ვეღარ ახერხებენ. საზოგადოებას ისინი გამოსავლის ძიებაში დახმარებას სთხოვენ.

“შემოდგომით მივიყვანე ბავშვი ბაღში და სულ რამდენიმე კვირა ვიარეთ ზედიზედ. პატარამ ვერც გაიგო ბაღი რა არის. ძალიან გაუსაძლისია ეს ყველაფერი არც კი ვიცი რა უნდა ვქნა და როგორ ვატარო ბავშვი სამსახურში, სადაც ვერც კი მივხედავ”.

განსაკუთრებული დისკომფორტი კორონავირუსის საბავშვო ბაღებში გავრცელებამ მრავალშვილიან მშობლებს შეუქმნა. 3 და მეტი არასრულწლოვანი შვილების დედები ამბობენ, რომ სამსახურის ხელფასი ძიძის აყვანის შესაძლლებლობას არ აძლევთ და იძულებულნი ხდებიან სამუშაო ადგილებზე უარი თქვან.

“მე მაგალითად 4 შვილი მყავს, 2 კი სკოლის მოსწავლეა და თავის თავს მიხედავს, მაგრამ 2 მცირეწლოვან ბავშვს რა მოვუხერხო არ ვიცი. ისეთ სამსახურში ვმუშაობ, რომ იქ ყოველდღე მათი ტარება არ შემიძლია. იძულებული ვარ დავრჩე სახლში. ჩენაირი დედებისთვის, ვისაც ბავშვების დამტოვი არავინ ჰყავს, ძალიან ძნელია ეს ყველაფერი”.

მშობლების ნაწილი ხელისუფლებას ყურადღებას და გარკვეული შეღავათების დაწესებას სთხოვს. მათი აზრით, თუ კი პანდემიის გამო დახურული ბაღების შედეგად, არასრულწოვანი ბავშვების მშობლები უმუშევრები რჩებიან, მთავრობამ ამისთვის კომპენსაციის გაცემაზეც უნდა იზრუნოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.