“დირბში, სასმელი წყლისთვის 300 000 ლარი დაიხარჯა, მაგრამ წყალი არ მოდის”

სტატიები
129 ნახვა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში მოსახლეობის უმრავლესობას წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივების თქმით, პრობლემის მოგვარებას წლებია უშედეგოდ ითხოვენ. ამ დროისთვის მხოლოდ ის გაარკვიეს, რომ სისტემის მოსაწყობად 300 000 ლარი დაიხარჯა, წყალს კი მოსახლეობა ისევ მეზობელი სოფლებიდან ეზიდება. აღნიშნული პრობლემა ადგილობრივებმა “ქართული მედია ჯგუფის” ფემინისტური მოძრაობის წევთან, ლიკა კალმახელიძესთან საუბრისას გააჟღერეს.

“სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა სოფელში, ამისთვის, გამოყოფილი იყო 300 000 ლარზე მეტი წლების წინ ევროკავშირის მხრიდან, თუმცა მაინც არ მიეწოდებოდა ყველა ოჯახს წყალი. ამ დრომდე მოსახლეობას უწევს სოფლის წყაროზე სიარული იმისთვის რომ სახლში წყალი ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, პრობლემა როგორც ჩანს მაინც ვერ მოგვარდა. არის ოჯახები რომლებსაც დროგამოშვებით მიეწოდება წყალი და ესეც რა თქმა უნდა პრობლემაა“,-აღნიშნა ლიკა კალმახელიძემ.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დირბში, ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობაა, თუმცა აქაც პრობლემას სარწყავი წყლის არქონა წარმოადგენს, რის გამოც მათი თქმით, განმარტებით, თითქმის არ მოდის.

“მოსახლეობას აწუხებს ასევე სარწყავი წყლის პრობლემა. სოფელ დირბში ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს, ამუშავებენ უზარმაზარ მიწებს და დასანანია, რომ სარწყავი წყლის უქონლობის გამო, იმის ნახევარ მოსავალს ვერ იღებენ, რასაც ელოდებიან და რისთვისაც მუხლჩაუხრელად შრომობენ. მერწმუნეთ, სარწყავი არხები რომ იყოს მოწესრიგებული, დირბზე ძლიერი სოფელი არ იქნებოდა საქართველოს მასშტაბით, ამიტომ მოსახლეობის უდიდესი თხოვნა, პირველ რიგში სასმელი და სარწყავი წყალია”,– ამბობს ლიკა.

სოფელი დირბი ქარელის მუნიციპალიოტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, სადაც 2000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

მასალა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის – “შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო უფლებადამცველები.” მასალის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD-ს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.