ექთანი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ხალხის დასახმარებლად მეზობელი სოფლიდან ფეხით დადის

სტატიები
2,172 ნახვა

ავტორი: ირინა ხმიადაშვილი

ზაირა დარბუაშვილი  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისიდანაა. წარმოშობით ერგნეთიდანაა და პროფესიულ საქმიანობასაც დღემდე მშობლიურ მხარეში აგრძელებს. ამბობს, რომ მიუხედავად ადგილმდებარეობისა, არასოდეს უფიქრია სოფლის დატოვება და სხვაგან, შედარებით უსაფრთხო დაწესებულებაში მუშაობა. მისი თქმით, კონფლიქტის ზონის მოსახლეობის დახმარება მეტ სტიმულს ძლევს უფრო დიდხანს იყოს ამ სფეროში და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მათ, ვისაც ეს სჭირდება.

“კვირაში ორი დღე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ვმუშაობ. ტირძნისიდან კილომეტრებით მიწევს ფეხით სიარული, მე ერგნეთიდან ვარ და ჩემი სამშობლოს სიყვარული უფრო მეტ სტიმულს მაძლევს ღირსეულად ვემსახურო ჩემს თანასოფლელებს და არა მარტო მათ. 5 სოფელს ვემსახურები..  ვიდრე ამის უნარი შემწევს ასე გავაგრძელებ. გავიარე საოჯახო მედიცინის გადამზადების კურსები და ვარ ოჯახის ექთანი, ასე ვემსახურები დიდსაც და პატარასაც”, -ამბობს ის.

სამედიცინო სფეროში ზაირა დარბუაშვილი ათეული წლებია საქმიანობს. ამბობს, რომ ეს მისი ბავშვობისდროინდელი ოცნება იყო, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებით აიხდინა. ამ ყველაფერზე ბიძგი კი როგორც თავად ამბობს მეზობელი ექთნის საქმიანობამ მისცა, რომელსაც დედის გამო ხშირად აწუხებდა.

“მეზობელი მყავდა ექთანი.. დედაჩემი ავადმყოფობდა და როდესაც რამე უჭირდა დახმარებას მას ვთხოვდით. ჩავიფიქრე, მეც თამარა ძალოსნაირი  ექთანი გავხდებოდი და გაჭირვებულებს დავეხმარებოდი. მქონდა სურვილი ინსტიტუტში ჩამებარებინა და სხვა განხრით წავსულიყავი, თუმცა არჩევანი ბავშვობის ოცნებაზე, ექთნობაზე შევაჩერე. ჩემი მშობლების ჩუმად  ჩემ თანაკლასელთან ერთად საბუთები შევიტანე გორის სამედიცინო სასწავლებელში, რომელიც  1975 წელს დავამთავრე. ცამეტი წელი უმუშევარი ვიყავი.1988 წელს  ტირძნისის საექიმო ამბულატორიაში დავიწყე მუშაობა. ბავშვთა ექთანი ვიყავი და მას შემდეგ 35 წელია ვმუშაობ“, -ამბობს ზაირა დარბუაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *