წეროვანში შეკრებილმა დევნილმა ქალებმა ოჯახსა და საზოგადოებაში სიმშვიდის არსებობის მნიშვნელობასა და ძალადობის დამანგრეველ შედეგებზე იმსჯელეს. შეხვედრას „ქართული მედია ჯგუფის“ პროექტის მონაწილე ნანა კახნიაშვილი უძღვებოდა. ის ლიახვის ხეობიდან დევნილია და იძულებით გადაადგილებული ქალების მდგომარეობა მისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა. დევნილი ქალები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ოჯახში ისევე, როგორც საზოგადოებაში, ქალი და კაცი თანაბარ უფლებიანები უნდა იყვნენ, თუმცა არსებული სტერეოტიპები მათ ამ უფლებების სრულფასოვნად გამოყენების საშუალებას არ აძლევთ.
ნანა კახნიაშვილს სხვა დევნილ ქალებთან ერთად გამოცდილებას, 5 თვის განმავლობაში გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები უზიარებდნენ. ამჟამად კი ტრენინგებს ისინი საკუთარ დასახლებებში თავად ატარებენ.
„ვისაუბრეთ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, საინტერესო იყო მათი მოსაზრებების მოსმენა. მონაწილეებისთვის დაუშვებელია ოჯახში წამყვანი როლის მინიჭება ცალკეულად კაცის ან ქალისადმი და ისინი გენდერული თანასწორობის მომხრეები არიან. მოვიყვანეთ ცოცხალი მაგალითები, მათ შორის ერთ-ერთი ქალის მდგომარეობაზეც ვიმსჯელეთ. ის მუდმივად იყო ძალადობის მსხვერპლი და ბოლოს და ბოლოს ხმის ამოღება გაბედა. შედეგად, დააკავეს მისი მოძალადე ქმარი, თვითონ მსხვერპლი კი შვილებთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას ქმრის ოჯახში.. ჩვენი შეხვედრის მონაწილეებს აინტერესებთ ასეთი შემთხვევები როგორ გრძელდება. მაგალითად, როდესაც კაცი მოიხდის სასჯელს, რამდენად უსაფრთხოა მათი თანაცხოვრების გაგრძელება ან ზოგადად რა მოჰყვება ამ ყველაფერს. გავუზიარე მათ მიღებული ტრენინგებიდან ინფორმაცია არსებული სერვისებისა და დამცავი მექანიზმების შესახებ,“- აღნიშნა ნანა კახნიაშილმა.
ნანასთან ერთად ტრენინგები შიდა ქართლის სხვა დევნილთა დასახლებებშიც ტარდება, „ქართული მედია ჯგუფის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ფონდი ტასოს“ მიერ.