კასპის სოფლებში გამოკვეთილი პრობლემები ადგილობრივმა ქალებმა ხელისუფლებას გააცნეს

სტატიები
145 ნახვა

ხაშურის შემდეგ, შიდა ქართლის ფემინისტური მოძრაობის წევრები კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პროექტის ფარგლებში, თითოეული მუნიციპალიტეტიდან 5 ადგილობრივი გოგონა/ქალია შერჩეული, რომლებიც გასული წლის დეკემბრის თვიდან, თემში ქალთა საჭიროებებს იკვლევენ. გამოვლენილი საკითხებიდან მათ 3 ყველაზე აქტუალური თემა შეარჩიეს, რომლებიც კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს პირადად გააცნეს.

“სოფელში ნაგვის ბუნკერები არ დგას და ბინძურდება გარემო. გადმოსასვლელი გზა არ გვაქვს, კილომეტრებს ვუვლით, რომ სოფლამდე მივიდეთ. ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია, რომელიც 7 სოფელს აწუხებს ჩვენს თემში – ეს ის საკითხებია, რომლებზეც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ თემში მცხოვრები ქალები, ჩემთან საუბრისას, როდესაც ვუთხარი, რომ მათ ხმას ხელისუფლებამდე მივიტანდი”, – აღნიშნა ხატია ბულბულაშვილმა, რომელიც კოდისწყაროში ცხოვრობს.

შეხვედრის მონაწილეებს 3-3 წუთი ჰქონდათ, იმისთვის, რომ თითოეული საკითხის მნიშვნელობასა და მათი გადაჭრის აუცილებლობაზე ესაუბრათ. იმ თემებზე, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში არ შედიოდა, პროექტის მონაწილეები ხელისუფლებისგან შუამდგომლობას ითხოვდნენ.

“ჩემი სოფელი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, ის საკითხები, რაც მერიის წარმომადგენლებთან გავაჟღერე ორმაგად მნიშვნელოვანია ჩვენი სოფლისთვის. უნდა გამყარდეს თემი და ისევ სოფელს დაუბრუნდნენ მიგრაციაში მყოფი ადამიანები. აუცილებელია სოფელს დაუბრუნდეს ძველებური ელფერი და ამისთვის აქტიურობა თითოეული ჩვენგანის ვალია”, –  ამბობს, საკონრინთლოში მცხოვრები მაია ჯორბენაძე.

პროექტში დევნილი ქალებიც მონაწილეობენ. მათი საჭიროებები კიდევ უფრო განსხვავებულია დანარჩენ დასახლებებთან შედარებით. მეტეხის დევნილთა დასახლების ხმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, ფემინისტური მოძრაობის წევრმა, ალიონა ნუკრაძემ მიაწვდინა.

“ჩემი ერთ-ერთი კითხვა ბაღების შემოღობვას ეხებოდა, რადგან 2008 წლის შემდეგ, მოსახლეობას მხოლოდ ფართობები გადაეცა, რომლებიც ამ დრომდე ღიად არის დარჩენილი და პირუტყვი შედის. ასევე ვისაუბრე სპორტული მოედნის საჭიროებაზე, დევნილთა დასახლების საზოგადოებრივ ცენტრში ექიმის ვიზიტზე. ამბულატორიის არ არსებობა დიდ პრობლემებს უქმნის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას, მითუმეტეს პანდემიის პირობებში. მერის წარმომადგენლისაგან მივიღე საკმად დამაიმედებელი პასუხები და დაველიდებით შედეგებს”-აღნიშნა პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილმა, ალიონა ნუკრაძემ.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიიდან შეხვედრას სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლები დაესწრნენ, რომელსაც თინათინ გეჯაძე ხელმძღვანელობდა. მისი განმარტებით, დასახელებული საკითხების უმრავლესობა მათთვის ცნობილია, თუმცა ყველა საკითხი მოინიშნეს და შემდგომი რეაგირების მიზნით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ოპერატიულად გადასცემენ.

კასპის შემდეგ მსგავსი სახის შეხვედრა ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან გაიმართება.

მასალა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის – “შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო უფლებადამცველები.” მასალის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD-ს ოფიციალურ პოზიციებს.

2 thoughts on “კასპის სოფლებში გამოკვეთილი პრობლემები ადგილობრივმა ქალებმა ხელისუფლებას გააცნეს

  1. მისასალმებელია, რომ არსებობენ ანას სახით ახალგაზრდები, ვინც ზრუნავენ სოფლის პრობლემების მოგვარებაზე და ცდილობენ შეცვალონ თავიანთი სოციალური გარემო. ანა სხვადასხვა აქტივობებშიც არის ჩართული და მისი მოსაზრებების გათვალისწინება ვფიქრობ ნამდვილად იქნება სარგებლის მომტანი როგორც ხანდაზმულების, ისე ახალგაზრდებისთვის

  2. კასპის მუნიციპალიტეტი, ინტენსიურად მუშაობს სამინსტროებთან, სამთავრობო სტრუქტურებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლების და დევნილთა ჩასახლებების პრობლემების და საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, რათა ინიციატივები იქნას სათანადოდ გაჟღერებული. ნათელი მაგალითებია მისასვლელი გზების, გაზიფიცირების, სასმელი წყლის პრობლემების გადაწყვეტა; სახელმწიფო თუ ადგილობრივი პროგრამებით დაწესებული შეღავათებით სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. თუმცა კვლაც გამოწვევებია დასაქმების, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თუ გარემოსდაცვითი მიმართულებით.
    მზაობას გამოთქვამთ ვითანამშრომლოთ ყველა პირთან, ვისი მოსაზრებაც დადებით ზეგავლენას მოახდენს თითოეულ მაცხოვრებელზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.