• შაბ. სექ 7th, 2024

ლიკა მზარეულიშვილი დევნილების საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია

ByGMG

დეკ 2, 2023

ქალთა ასოციაციამ “თანხმობა” პროექტების დაფინანსება დაიწყო. ორგანიზიაციის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული დევნილი ლიკა მზარეულიშვილია, რომელიც “ქართულ მედია ჯგუფთან” რამდენიმე წელია თანამშრომლობს და ჩართულია დევნილი ქალების გაძლიერების პროცესში. ამჟამად, მისი იდეა ყვავილების სათბურს ეხება, რომლის განხორციელებას ლიკა უკვე შეუდგა.

“ყოველთვის მინდოდა საკუთარი ბიზნესი მქონოდა, თუმცა ფინანსური არამდგრადობის გამო, თითქმის ვერცერთხელ მოვიყვანე სისრულეში საკუთარი იდეა. ახლა, როდესაც გამოცხადდა დევნილი ქალების გაძლიერებისთვის ეს კონკურსი, დავიწყე ამ იდეის განხორციელებისათვის ბრძოლა, რაც გამოიხატებოდა თავდაპირველად მონაწილეობის სურვილში და შემდგომ, ყველა დეტალის საკუთარი ძალებით ორგანიზებაში. ვგულისხმობ, მუშა ხელის და სამშენებლო მასალების მაღაზიების მოძიებას“, – ამბობს ლიკა.

ლიკა ამბობს, რომ ეს ყველაფერი არ იყო მარტივი, თუმცა მისი თქმით, მიზნისთვის დაუღალავ შრომას შედეგი აუცილებლად მოაქვს.

საკმაოდ რთული გზა გავიარე, ყველა დეტალის ორგანიზებამდე მისასვლელად, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა და როგორ მინდოდა. მარტივი არც არაფერია ამ ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავში ბევრი ისეთი შესაძლებლობა აღმოვაჩინე, რაც აქამდე მეგონა, რომ მთლად ასეთი სიზუსტით არ გამომივიდოდა. მოლოდინი მაქვს, რომ გაამართლებს ჩემი წამოწყებული საქმე და შემოსავლის წყაროს გამიჩენს დასაწყისისთვის, თუმცა სამომავლოდ ვგეგმავ გავაფართოვო და მოვიცვა გარკვეული მასშტაბები. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ასოციაცია “თანხმობას” შანსის მოცემისა და გვერდში დგომისთვის”, – ამბობს ლიკა მზარეულიშვილი.

ლიკა სათბურის მოსაწყობად უკვე სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. ამისთვის საჭირო სივრცე, მოხისის დევნილთა დასახლებაში, მშობლების კუთვნილი კოტეჯის ეზოში გამონახა. ამბობს, რომ ამ ყველაფრის მოვლას ჯერჯერობით ოჯახის წევრებთან ერთად გაართმევს, თუმცა სამომავლოდ, საქმეში თემის წევრი სხვა ქალების ჩართვასაც გეგმავს. აქვს მოლოდინი, რომ გაფართოებას მალე შეძლებს, რადგან მიზნის მიღწევის პროცესში, როგორც თავად ამბობს, მაქსიმალური მოტივაციითაა ჩართული.

About Author

By GMG