მეორე შვილის გაჩენაზე ფიქრიც კი დიდი სტრესია, უამრავ სირთულეს ვხვდებით შშმ ქალები – დიანა ჯიშიაშვილი

ბლოგი
187 ნახვა

შშმ ქალები და გოგონები ცხოვრების უმეტეს სფეროებში ხვდებიან ბარიერებს, რაც დისკრიმინაციას იწვევს. ეს ეხება განათლებას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, სოციალურ ინტეგრაციას, წვდომას სასამართლოზე და ა.შ. ვერ მონაწილეობენ პოლიტიკაში, არ აქვთ შესაძლებლობა თავად განახორციელონ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე. არ არის მისაწვდომი ჯანდაცვის სერვისები.

იქიდან გამომდინარე, რომ ვარ შშმ ეტლით მოსარგებლე ქალი, ცხოვრებაში ბევრ უსამართლობას შევეჯახე სოციალური უთანასწორობის გამო. სწორედ ამ მიზნით დავაფუძნე ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებულია შშმ ახალგაზრდა ქალები, რათა დავიცვათ და გავაუმჯობესოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებები და პირობები. 

ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობაზე საკუთარ გამოცდილებასაც გაგიზიარებთ. პოლიკლინიკები არ არის ადაპტირებული. ორსულობის პერიოდში ვერ ვისარგებლე სახელმწიფოს უფასო პროგრამით, რომელიც ყველა ორსულს ეკუთვნის – მაგალითად, ექიმთან უფასო ვიზიტები. უფასო გამოკვლევებს ვერ ვიტარებდი, რადგან პოლიკლინიკიდან რომელ კლინიკაშიც გამიშვეს არ იყო ადაპტირებული. იყო კიბეები და არც საპირფარეშოში შესვლა იყო ჩემთვის შესაძლებელი. ამის გამო ვიარე ფასიან კლინიკაში და ყველა ვიზიტი საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. შემდეგ რადგან არ ვიყავი სახელმწიფოს პროგრამით დაფინასებულ გამოკვლევებზე, ამის გამო არც მშობიარობა, არც საკეისრო კვეთაზე იყო შეღავათი, რომელიც წესით უფასო უნდა ყოფილიყო ჩემთვის. არ არის ადაპტირებული გინეკოლოგიური სავარძელი არცერთ კლინიკაში მისაწვდომი.

2019 წლის აგვისტოში ვიმშობიარე და დღემდე არსებობს ეს პრობლემები. ამიტომ მეორე შვილის დაგეგმვა ჩემთვის დიდ სტრესთან ასოცირდება.

მინდა მივმართო ქალებს, მიუხედავად უამრავი სირთულისა, მაინც უნდა ეცადონ იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის, იყვნენ უფრო მეტად თავდაჯერებულები არ შეუშინდნენ გამოწვევებს, დასახონ მიზნები და შედეგს ადრე თუ გვიან აუცილებლად მიაღწევენ.

განათლების მიღებაც რთული იყო ჩემთვის, მაგრამ მაინც შევძელი ის, რომ მესწავლა ერთ-ერთ საერთაშორისო აკადემიაში. სულ ვცდილობ განვითარებას, ონლაინ ლექციებს ვესწრები, დასაქმებულიც ვარ და პარასპორტშიც მაქვს მიღწევები, მაგრამ სირთულეებსა და პრობლემებს მხოლოდ ჩვენ, დამოუკიდებლად ვერ გავუმკლავდებით.

მაგალითად, მე რომელი ეტლიც მჭირდება საკმაოდ ძვირია, ჩემი ხელფასით დიდ ხანს უნდა შევაგროვო ეს თანხა, რადგან სამი წლის პატარა მყავს და ხარჯი უფრო გამეზარდა. ძალიან ძვირია და ამ ეტაპზე ვერ შევძლებ ჩემი სახსრებით მის შეძენას. რამდენი ასეთი მოტივირებული ქალია ქვეყანაში, რომელიც არ უშინდება სიძნელეებს, სურს იყოს წარმატებული და აქტიური საზოგადოებაში, მაგრამ არსებობს სირთულეები შშმ ქალების ყოველდღიურობაში, რომლის მხარდაჭერაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *