მეტი მხარდაჭერა გვჭირდება, რომ სოფელი არ დავტოვოთ – მარიამ გრიგალაშვილი კეხიჯვრიდან

ბლოგი
153 ნახვა

მე ვარ მარიამ გრიგალაშვილი 23 წლის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის,საჯარო მმართველობის კურსდამთავრებული. ვცხოვრობ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარში(ქობესაანთუბანში). ამჯერად  დასაქმებული ვარ სუპერმარკეტში კონსულტანტად, ზოგჯერ კი მოლარე-ოპერატორად რეზერვი თანამშრომლის სტატუსით.

ჩემი დიდი სურვილია მეტი განვითარება მქონდეს და ვიმუშაო ჩემი პროფესიით და სამუდამოდ სუპერმარკეტში ყოფნა არ მომიწიოს. ყველანაირად ვცდილობ ჩემი შესაძლებლობების გამოვლენას, განვითარებას, ვეცნობი გამოცხადებულ ვაკანსიებს, ვაგზავნი cv-ს, რომ ერთ ადგილზე არ ვიყო სულ გაჩერებული და მომეცეს შესაძლებლობა განვითარების, მაგრამ ეს ყველაფერი ერთი შეხედვით მარტივი რომ ჩანს, სულაც არაა ასე.

ეს მარტო ჩემი პრობლემა არაა, ეს ყველა ახალგაზრდა გოგონას და ქალის პრობლემაა. კარგი იქნება მეტი შესაძლებლობები თუ მოგვეცემა საკუთარი უნარების გამოსავლენად. ქალებს მეტი განვითარების საშუალება უნდა ქონდეთ, თუნდაც სამუშაოს მხრივ საკუთარი უფლებების  დაცვის კუთხით. ჩემი სურვილია ავაწყო კარიერა ჩემი პროფესიით და ასევე სურვილი მაქვს ჩემს ბევრ მეგობარს მიეცეს განვითარების საშუალება. 

შეძლებისდაგვარად ვცდილობ ჩემს ცხოვრებაში შევიტანო ისეთი ცვლილებები, რაც მომავალში წარმატების მომტანი იქნება ჩემთვის და არამარტო ჩემთვის.. თუნდაც ის, რომ მე მაგალითი ვიყო სხვა გოგონების. საკუთარი თავები მეტად განვავითაროთ და ჩარჩოებში არ მოვექცეთ, გოგონები ვართ და თითქოს რაღაცეების კეთება არ შეგვიძლია. პირიქით, უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ საკუთარ თავებს.

რომ შემეძლოს ყველა ადამიანის აზროვნებაში დავანგრევდი იმ სტერეოტიპს, რაც ქალების და გოგონების შესახებ აქვთ მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ საკუთარ თავზე მუშაობით უნდა დავიწყოთ და მეტად ინფორმირებულები გავხდეთ არსებულ საკითხებზე. საკუთარი თავის და უფლებების დაცვა ყველა ადამიანის უფლებაა. საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ადამიანის განვითარების ერთ-ერთი საწყისი საფეხურია. როდესაც შემიძლია ვესწრები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოწყობილ სოფლის კრებებს. საარჩევნო პერიოდში შევხვდით ერთ-ერთ ამომრჩეველს, სადაც დავაფიქსირე ჩემი აზრი სოფელში არსებული პრობლემების შესახებ.

ჩვენს სოფელში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ახალგაზრდების დასაქმების საკითხი, პერსპექტივა არაა განვითარების მხრივ. ამიტომ უამრავი ახალგაზრდა ტოვებს სოფელს, ეს ეხება როგორც რეგიონს ასევე ქვეყნის დატოვებას. ჩემი მაგალითიდან გამომდინარე მეტად მტკივნეულად ვუყურებ ამ საკითხს, რადგან ჩემი და დღესდღეობით არაა საქართველოში, ის ემიგრანტია. განვითარების კუთხით და კარიერისთვის მოუწია მიეღო ეს გადაწყვეტილება და დაეტოვებინა ქვეყანა. თემში, რომ ბევრმა არ გაიზიაროს იგივე ქმედება ადგილზე არარსებული პირობების გამო, მეტი მხარდაჭერა და ხელშეწყობაა საჭირო. სხვა შემთხვევაში სოფელი მიგრაციის საფრთხეს ვერ გადაურჩება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.