ნაადრევი ქორწინება გვართმევს ბავშვობას – ოთარშენის სკოლაში ნახატები გამოფინეს

კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი
108 ნახვა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენში ნაადრევი ქორწინებისა და მისი შედეგების შესახებ ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც მოსწავლეები დედებთან ერთად დაესწრნენ. შეხვედრა “კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის” ორგანიზებით და ფონდი ტასოს მხარდაჭერით გაიმართა. შეკრებილებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი შეხვდა და მათ უფლებებზე ესაუბრა.

თავდაპირველად, მონაწილეები 3 ჯგუფში გადანაწილდნენ და ერთმანეთს გაუზიარეს შესაძლო შედეგები, რაც მათი აზრით ნაადრევ ქორწინებას ახლავს. საკუთარი შეხედულებები გააჟღერეს მშობლებმაც, რომელთა ნაწილი ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენდა.

ჯგუფებში გამოკვეთილი საკითხების განხილვის შემდეგ ტრენერმა ქეთი ბებიაშვილმა ოჯახსა და მის ვალდებულებებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ოჯახები, რომლებიც ადრეულ ასაკში იქმნება არ არის მყარი და მალევე ინგრევა, ამის მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში ნაადრევი ქორწინებაა.

ქეთი ბებიაშვილი

“მიუხედავად იმისა, რომ კანონი 18 წლამდე ქორწინებას უკრძალავს ადამიანს, სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებში ჩვენ ისევ გვესმის ფარული, არარეგისტრირებული შემეთხვევების შესახებ, რა დროსაც მოზარდები და განსაკუთრებით გოგონები, გარკვეული გავლენების შედეგად თუ გაუცნობიერებლად ადრეულ ასაკში ოჯახდებიან. მოზარდებმა უნდა იცოდნენ რა შეიძლება მოჰყვეს მათ ქმედებას და ასევე მშობლებმა გააცნობიერონ, რა ზიანი შეიძლება მიადგეს ადრეულ ასაკში დაოჯახებულ მის შვილს”,-აღნიშნა ქეთი ბებიაშვილმა.

ტრენინგს უშუალოდ დაესწრო სკოლის დირექტორი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე ცნობიერების ამაღლებას, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

“ჩვენი სკოლა ყოველთვის მიესალმება მსგავსი სახის აქტივობებში მონაწილეობას, რადგან ვფიქრობთ, ეს მოზარდებისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემში სამწუხაროდ დღემდე ფესვმოკიდებულია ის ტრადიციები, რაც ახალ თაობაშივე არღვევს როგორც ბავშვის, ისე გოგონების უფლებებს, ჩვენი მიზანია, განათლების და საჭირო ცოდნის გაზიარებითა და სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის მხარდაჭერით, ხელი შევუშალოთ ისეთი მანკიერი მოვლენების არსებობას, როგორიც მაგალითად ნაადრევი ქორწინებაა”,-ოთარშენის საჯარო სკოლის დირექტორი, თამარ კეკოშვილი.

ოთარშენის საჯარო სკოლაში 56 მოსწავლეა რეგისტრირებული, აქედან ნახევარზე მეტი ეთნიკურად აზერბაიჯანელია. მათ ტრენინგის პარალელურად ჩანახატები და ნახატები გამოფინეს, რომლებიც ამ თემაზე მათ აზრებს ასახავდა.

ტრენინგი პროექტის, “საინფორმაციო კამპანია არასრულწლოვანი გოგონების უფლებების დასაცავად” ფარგლებში ჩატარდა. ამ მიზნით, კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი 8 თვის განმავლობაში ჯამში 10 ტრენინგს დააორგანიზებს და გოგონებს, დედებთან ერთად ბევრ საინტერესო საკითხზე მიაწვდის ინფორმაციას.

მოსწავლეთა ნამუშევრები ოთარშენის საჯარო სკოლაში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.