ნახევარი საუკუნე ბუღალტერიაში – ქალი, რომელიც ასაკის მიუხედავად, 24 საათს მუშაობს

სტატიები
183 ნახვა

მარინა ბარნაბიშვილი წელს 70 წლის ხდება. ამბობს, რომ თითქმის ნახევარი საუკუნეა ბუღალტერიაშია და ასაკის მიუხედავად, საქმიანობას დღესაც აქტიურად აგრძელებს. დღე-ღამეში სულ რამდენიმე საათი სძინავს და საოჯახო საქმეების პარალელურად, თავს პროფესიულ საქმიანობასაც წარმატებით ართმევს.

“ჩემს საქმიანობას ვემსახურები. 1974 წლიდან (გორის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ), 2002 წლამდე ვმუშაობდი  გორის მაცივარკომბინტში რიგით ბუღალტრად. ხელფასი 60 მანეთი მქონდა. მოგვიანებით მთავარი ბუღალტერი გავხდი. ახალგაზრდობიდანვე საკმაოდ აქტიური ვიყავი და არასოდეს მქონია ბარიერები როგორც ქალს სქესის ნიშნით, თუმცა როგორც გარკვეულ დაბრკოლებებს რა თქმა უნდა ადგილი ჰქონდა. ისე უინტერესოა ალბათ ცხოვრება”,-ამბობს მარინა ბარნაბიშვილი.

მისი აზრით, ქალის აქტიური ცხოვრებისთვის დროის სწორად გადანაწილება და მიზანმიმართულობაა საჭირო, რაც მის საქმიანობას უფრო წარმატებულს და საინტერესოს გახდის. ამისთვის მას პირადი მაგალითი მოჰყავს და აცხადებს, რომ სრულიად შესაძლებელია ქალი იყოს დასაქმებულიც, აქტიურ-საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდეს და ოჯახსაც ღირსეულად უძღვბოდეს.

“მე მუდამ ვმუშაობდი და სამ შვილსაც ვზრდიდი. წელს 70 წლის ვხდები და დღესაც სრული დატვირთვით ვმუშაობ. ვემსახურები რამდენიმე კერძო კომპანიას(რაც ადრე შეუძლებელი იყო – ინტერნეტის არ არსებობის გამო). მთავარია საკუთარი შეძლებლობების რწმენა -მონდომება, განათლება, შრომა,შრომა და შრომა”,-ამბობს ის.

მარინა ბარნაბიშვილისთვის პასიური ცხოვრების სტილი ახლაც წარმოუდგენელია, რასაც ამავდროულად მორალური მხარეც აქვს. ამბობს, რომ მისთვის იმის შეგრძნება, რომ ვინმესთვის საჭირო ხარ და სასიკეთო ცვლილებებისთვის რაიმეს კეთება შეგიძლია, ბევრად მეტია, ვიდრე მიღებული შემოსავალი. მისი აზრით როგორც ქალისთვის, ისე კაცისთვის უფუნქციობა ძალიან ძნელია. “დამდგარ წყალში ბაყაყები ჩდებიან” – ამბობს მარინა ბარნაბიშვილი.

ის ქვეყანაში დასაქმების პრობლემასაც ეხმაურება და ფიქრობს, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებში უმოქმედობა გაუმართლებელია. მისი აზრით, თავის დასამკვიდრებლად, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების პირობებშიც შესაძლებელია და ამისთვის შრომა, აქტიურობა და მონდომებაა საჭირო. რაც შეეხება სამუშაო ადგილებზე გენდერულ დისბალანსს, თვლის, რომ ამ საკითხში ოჯახის როლი უმნიშვნელოვანესია ორივე სქესის შვილების აღზრდის პროცესში. ის ამბობს, რომ გოგონები მშობლებამა ისე უნდა გაზარდონ, რომ მომავალში მათ თავი საზოგადოების მეორე ხარისხოვან წევრებად არ იგრძნონ.

“ოჯახის ეკონომიური უზრუნველყოფა  და არა მარტო ეკონომიკური, ქალისთვის და კაცისთვის ერთნაირი უნდა იყოს.”

მარინა ბარნაბიშვილი ფიქრობს, რომ წარმატების ფორმულა თითოეულ ადამიანშია. მისი თქმით, ყველა უნდა ეცადოს საკუთარი შესაძლებლობებიდან და მათი განვითარების პერსპექტივიდან გამომდინარე, მონახოს საკუთარი თავი საზოგადოებაში და სჯეროდეს, რომ შეუძლებელი არაფერია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.