ოკუპაციით დაზარალებული ქალები, რომლებიც საკუთარი ცხოვრებით უახლეს ისტორიას ქმნიან

სტატიები
102 ნახვა

უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ქალებს 2008 წლის საომარი მოქმედებები გაახსენა. ოკუპაციამ არაერთი ოჯახი დააზარალა და ტრაგედია მოუტანა. მათ შორის არიან ქალები, რომლებიც სირთულეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ცხოვრების თავიდან დაწყება შეძლეს. მძიმე მომენტების, სასოწარკვეთილების, ღია ცის ქვეშ დარჩენის და ახლობელი ადამიანების დაკარგვის მიუხედავად წამოდგომა შეძლეს და ამ მაგალითის მიცემას საკუთარი ცხოვრებით სხვა ქალებისთვისაც ცდილობენ. სწორედ ასეთი ქალების სახელები უნდა შეინახოს ისტორიამ მომავალი თაობებისთვის გასაცნობად.

ლია ჩლაჩიძე 

69 წლის ლია ჩლაჩიძე ერგნეთში ცხოვრობს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაბომბილი სახლის სარდაფში ომის მუზეუმი გახსნა. რამდენიმე თვის წინ უკრაინიდან საქართველოში სტუმრად მყოფ დევნილებსაც უმასპინძლა და ომის მძიმე შედეგები სწორედ ამ სივრცეში დაათვალიერებინა. ამბობს, რომ ახალ თაობას ამ სახით სურს, რომ გადასცეს ომის ისტორია, რომელმაც ყველა მხარე დააზარალა.

ლია ჩლაჩიძე

“ძნელია უემოციოდ უყურო, რაც ხდება უკრაინის თავს.. მით უმეტეს, რომ უკვე გაქვს გამოცდილება მძიმე და საშინელი დღეების , საკუთარი ქვეყნის მაგალითზე, თუმცა ვფიქრობ საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია იქნება უფრო მწვავე, მაგრამ არა მას შემდეგ, “ურემი რომ გადაბრუნდება. კარგად მახსოვს 2008 წლის ომის დაწყება, სროლები, პროვოკაციები თითქოს ქართული არმია “მძინარე ცხინვალს” დაესხა თავს… იგივეს ვხედავ ახლაც… ომის მუზეუმი, მშვიდობის მნიშვნელობის წარმოსაჩენად გავხსენი. მჯერა, ერთხელაც ,დაინგრევა ეს მახინჯი მავთულხლართები და მუზეუმი გახდება ის ადგილი, სადაც ქართველები და ოსები მშვიდობის ენაზე ილაპარაკებენ”.

მაგული ოქროპირიძე

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში მცხოვრებ მაგული ოქროპირიძეს მეხუთე შვილი 2008 წლის 7 აგვისტოს შეეძინა, ზუსტად იმ დროს, როდესაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. თავი რომ გადაერჩინა, შვილთან ერთად გაიქცა სამშობიაროდან. ჩვილი ბავშვით ხელში ღამის პერანგის ამარა, თბილისის გზას გაუყვა. ფეხით მიმავალი ქალი უცხო კაცმა დაიმგზავრა ავტომობილით და თბილისამდე ჩაიყვანა. დროთა განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და დღემდე მკურნალობს. ამ ყველაფერს კი ის სწორედ ომის დროს მიღებულ სტრესს უკავშირებს.

მაგული ოქროპირიძე (შვილთან ერთად)

“ბოლო დღემდე სოფელში ვიყავი, მაგრამ როცა ძალიან საშიში გახდა აქ დარჩენა, ჩემი ოჯახის წევრები და ორი პატარა ბავშვი წავიყვანე გორში. უკან ვეღარ დავბრუნდი და აღმოვჩნდი სამშობიაროში. სატანკო ნაწილში რომ ჩამოვარდა ბომბი, სამშობიაროს ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. ჩემს ახლადგაჩენილ შვილს მოვკიდე ხელი, გულზე მივიკარი და სარდაფში გავიქეცი. შემდეგ გორის სამშობიაროს დაცლაც დაიწყო და თბილისში წავედით. დღესაც, როცა ჩემს შვილს დაბადების დღეს ვულოცავ, ცრემლებისა და ემოციების გარეშე არ გამომდის. ისეთი სტრესი მქონდა, ვერც კი აღვიქვი შვილის დაბადების სიხარული, სამხედრო ბაზა, რომ იბომბებოდა 8 აგვისტოს, გადმოვხტი სამშობიაროდან. ჯერ შენობის ქვედა სართულს შევაფარე თავი, ბავშვს სახეზე ვაფრებდი ხელს გაუცნობიერებლად რამე არ მოხვედროდა შემდეგ კი გამოვიქეცი ჩემს შვილათან ერთად. ბავშვისთვის ტანსაცმელიც კი არ მქონდა. 2008 წლის ომი მძიმე დაღად დაეტყო ჩვენ ცხოვრებას,მთლიანად დაინგრა და განადგურდა საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები,მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. დავიწყეთ ბრძოლა ხელახლა წამოდგომისთვის.ომმა გვასწავლა დიდი განსაცდელის შემდეგ როგორ წამოვდგეთ,ვისწავლეთ შიშთან ერთად როგორ ვიცხოვროთ,როგორ ვიყოთ ძლიერები.მე ხელახლა დავიწყე ცხოვრება 5 შვილთან ერთად,ჩემი ოჯახი 90-იანი წლებიდან დევნილია. ძნელი იყო ყველაფრის თავიდან დაწყება,მაგრამ როცა ხარ დედა და შენი შვილები,შენი ოჯახის იმედი, არ გაქვს უფლება არ აჯობო დარდს…ომის შემდეგ დავიწყე აქტიური ცხოვრება,გავაკეთე სათბური და ჩემთვის ეს იყო,როგორც შემოსავლის წყარო ასევე არტ თერაპია.დღეს ჩემი საქმით ძალიან ბედნიერი ვარ“.

ნანა ვანიშვილი

ნანა ვანიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში შვილთან ერთად ცხოვრობს. მეუღლე 3 წლის წინ დაეღუპა. გასულ წელს კი მამაც დაეღუპა. მისი მშობლები ვალია და დათა ვანიშვილები 2013 წლიდან ოკუპირებულ მხარეს აღმოჩნდნენ. დღეს კი ქვრივ დედას თავადაც მარტოხელა ქალი საჭმელს მავთულხლართებიდან აწვდის. ამ ტერიტორიის გავლა გარკვეული რისკის ფონზე უწევს. 9 წლის წინ ის მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად დააკავეს.

ნანა ვანიშვილი (საკვებს დედას მავთულხლართებიდან აწვდის)

“2013 წელს, მამამთილი დამეღუპა. ჩემი და ვლადიკავკაზიდან იყო ჩასული მავთულხლართების იქით დარჩენილ ჩემი მშობლების სახლში და მის წამოსაყვანად წავედით მე, ჩემი ქმარი და  შვილი, რომელიც მაშინ 10 წლის იყო. ახლობელმა წაგვიყვანა ტრაქტორით, როდესაც სოფელ წინაგარას მივუახლოვდით, 2 რუსი შეიარაღებული ჯარისკაცი აგვედევნა და გაჩერება მოგვთხოვეს. ტრაქტორი გავაჩერეთ და გამოგვკითხეს ყველაფერი, შემდეგ კი წაგვიყვანეს სადღაც საგუშაგოსთან. ჩემი ბავშვი იქ დატოვეს. ჩვენ 3 კი გადაგვიყვანეს ცხინვალის საპატიმროში. ერთი კვირა ვიყავით იქ. ცარიელ პურს ვჭამდით, სხვას ვერაფერს ვაკარებდით პირს, რაც შემოჰქონდათ. გვეკითხებოდნენ კონკრეტულ პირებზე რაღაცეებს, ჩვენ ვეუბნებოდით, რომ არაფერი ვიცოდით.  ერთი კვირა ვიყავით და მერე თურმე ჩემ დას გადაუხდია თანხა ჯარიმისთვის. ქართულ ფულზე 300 ლარი გამოდიოდა სამ ადამიანზე, მერე გააძვირეს როგორც ვიცი.. ამ მავთულხლართებს განადგურების მეტი არაფერი მოაქვს. მამაჩემიც დარდმა მოკლა, რომ ვერ გადმოდიოდა ჩვენსკენ და გადაადგილებას უკრძალავდნენ. ახლა დედაჩემია ცუდად და ვერ მივდივარ თავისუფლად რომ მივხედო და საჭმელი მოვუმზადო. რაც შემიძლია მავთულხლართებიდან ვაწვდი რასაც ჩემთვის გავაკეთებ რომ ცოტა მაგანაც ჭამოს. ზოგჯერ ავდივარ და იმ მავთულხლართებამდეც ვეღარ მოდის, ლოგინიდან ვერ დგება ხოლმე ცუდად რომ ხდება. ჩემი და ვლადიკავკაზში ცხოვრობს და ვერ მიდის ხშირად მასთან. მე კიდევ ახლოს ვარ და არ მეძლევა საშუალება დედა მოვინახოულო და ყურადრება მივაქციო“

მაია ოთინაშვილი

ცხინვალის ციხეში მაია ოთინაშვილიც აღმოჩნდა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით. გორის უნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 3 შვილის დედა რუსმა სამხედროებმა საკუთარი ეზოდან წაიყვანეს. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ცხინვალში რთული დღეები გაიარა. დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში გათიშულიც იყო და მის მოსულიერებას თანამესაკნეები ცდილობრნენ. ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მაია გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს.

გატაცების შემდეგ ის სახლი დატოვა, სადაც წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. პატიმრობის შემდეგ იქ სულ ორჯერ დარჩა. სამ შვილთან და ქმართან ერთად გორში გადავიდა და მინისტრის აპარატის დახმარებით, მანდატურის სამსახურში დაიწყო მუშაობა. ამბობს, რომ მისი ცხოვრება 3 ნაწილად გაიყო. მავთუხლართებამდე, მავთულხართების იქით და მავთულხართების აქეთ.

მაია ოთინაშვილი (საოკუპაციო რეჟიმის სასამართლოში)

“ე.წ. საზღვარი ჩემს ბაღზევეა  მიბმული. 2018 წლის 29 სექტემბერს რაღაც ფაჩი-ფუჩი გავიგე, მაგრამ ვიფიქრე, შემოდგომაა და ალბათ ფოთლების შრიალის ხმაათქო. მოვიხედე და სამხედრო ფორმაში ჩაცმული ორი ბიჭი დამხვდა, სახეზე ნიღბებითა და ხელში იარაღით. ერთი პატარა ტანის იყო. ჭიდაობა რომ დამიწყეს, სახეზე ნიღაბი ჩამოვაძრე. შეშინებული სახე ჰქონდა, დღემდე თვალებიდან არ ამომდის. მეორეს ვერ მოვერიე, მაგრამ მისი დიდი, ბრიალა, შავი თვალები, გრძელი წამწამები და დიდი ხელები არასდროს დამავიწყდება… 200 კაცშიც ამოვიცნობ. ხელების შეკვრა სცადეს, მაგრამ ვერ მოერივნენ. მერე კონდახი ჩამარტყეს. გაქცევა ორჯერ ვცადე, ორივეჯერ დამიჭირეს. მავთულხლართების იქით გადამათრიეს და სურათი გადამიღეს, ალბათ დასტური სჭირდებოდათ, რომ “საზღვარი” გადავკვეთე”.მეკითხებოდნენ, “საზღვარი” რატომ გადმოკვეთეო, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ ჩემი ბაღიდან წამიყვანეს. რომ შემიყვანეს საპატიმროში, თანამშრომლები გაოგნებულები მიყურებდნენ. მოხუც კაცი იყო, რომელმაც ქართულად მითხრა, არ ინერვიულო, შენ გვერდით ვარო.შეიძლება ახალმა თაობამ  ქართული არ იცის და ისე ზრდიან, რომ ჩვენ მტრები ვეგონოთ, მაგრამ უფროსებმა იციან. საშინელება გამოვიარე ,გახსენებაც აღარ მინდა ხოლმე.  პირველად სახლში რომ გავიღვიძე, ვერ ვიჯერებდი. თვალი გავახილე და ისევ ციხის კედლებს ვხედავდი. ფორმიანი ადამიანების შიში მქონდა, ქუჩაში მარტო ვერ დავდიოდი, მივდიოდი და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, შრიალის ხმა მაშინებდა. სახლიდან რომ გავდივარ, შვილები დღემდე მეკითხებიან, ხომ დავბრუნდები. გორში გადმოსახლების შემდეგ ცოტა გამოვედი მდგომარეობიდან, თან სამსახურიც მაქვს და სხვა გარემოში გადავერთე“.

გალინა ქელეხსაევა

არანაკლებ მძიძიმე შედეგები მოუტანა ომმა და მავთულოხლართებმა მაია ოთინაშვილის დედას. გალინა ქელეხსაევი 2008 წლიდან დევნილია ლიახვის ხეობიდან და ახლა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ  შავშვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. საკუთართან ერთად, ცდილობს ომისგან დაზარალებული სხვა ქალების ცხოვრებაც შეცვალოს უკეთესობისკენ და მათი ერთფეროვანი ყოველდღიურობა გაამრავალფეროვნოს. სწორედ ერთობლივი აქტიურობის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ დასახლებაში საბავშვო ბაღი აშენდა და ფუნქციონირებს გალინა ქელეხსაევას ხელმძღვანელობით, სადაც 25 აღსაზრდელია რეგისტრირებული, 11 ადგილობრივი კი დასაქმებული.

გალინა ქელეხსაევი

“26  წელი დიდი ლიახვის ხეობის სკოლაში, გერმანული ენის სპეციალისტად ვმუშაობდი დევნილობაში მივხვდი, რომ ეს რეალობა იყო და ცხოვრება ისევ 0-დან უნდა დამეწყო. ჩავერთე ყველგან რაც კიპროგრამები მოდიოდა ჩვენს დასახლებაში, ვისწავლე კერვა, პროექტების წერა, გრანტის მოძიება, თექაზე მუშაობა, ძერწვა, ჩამოვაყალიბე სათემო ორგანიზაცია. ბევრი კონტაქტები გავიჩინე. ერთობლივად ვმუშაობთ, ხანდაზმულებთანაც ვმუშაობ „ღირსეული სიბერის“ ფარგლ;ებში. ასევე იდეაში მაქვს ყოფილი აბანოს შენობა, რომელიც უფუნქციოა გავხსნა სათემო სახლი ხანდაზმულებისტვის.ჯერჯერობით მხარდამჭერთა მოძიების პროცესში ვარ და მჯერა მოხუცებისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე რაც ვფიქრობ, რომ დევნილობაში გავაკეთე საბავშვო ბაღის გახსნის საკითხია. წლების განმავლობაში ბავშვებს არ ჰქონდათ სკოლამდელი განათლების მირების საშუალება, იმ გამონაკლისების გარდა, რომელთა მშობლებსაც ბავშვის სხვა სოფელში მდებარე ბაღში გაყვანის საშუალება ჰქონდა. დღეს ეს სერვისი ჩვენ ბავშვებს ადგილზე აქვთ და მათ დედებს საშუალება აქვთ ბავშვის ბაღში ყოფნის პერიოდში სხვა საქმითაც დაკავდნენ. მაგალითად ჩაერთონ სხვადასხვა სასიკეთო აქტივობაში. კერვაც ძალიან გამომადგა პანდემიის პერიოდში. უფასოდ ვკერავდი და ვარიგებდი პირბადეებს მაშინ, როდესაც ლოქდაუნი გამოცხადდა და პირბადეების დეფიციტი შეიქმნა ქვეყანაში. ახლა მაისურებზე და ჭი8ქებზე ბეჭდვაც ვისწავლე და ვცდილობ დასახლებაში მუდმივი სიახლები შემოვიტანო“.

ვენერა ედიშერაშვილი

89 წლის ვენერა ედიშერაშვილი კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში ცხოვრობს. ის შეიარაღებულ პირებს, რომლებიც საოკუპაციო ძალებს წარმოადგენენ, ყოველდღიურად უყურებს. ისინი მის სახლთან ახლოს, მდებარე ოჯახის კუთვნილ ნაკვეთებთან გადაადგილდებიან. იქვეა ამკრძალავი აბრა წარწერით “სახელმწიფო საზღვარი, მოძრაობა აკრძალულია“. მან საცხოვრებელი სახლი იმ პერიოდშიც არ დატოვა, როდესაც საომარი მოქმედებები მიმდნინარეობდა და სოფელი იბომბებოდა.

ვენერა ედიშერაშვილი

“10 ავტომატიანი მოდიოდა ჩემი სახლისკენ. მოზარდებიც კი ჰყავდათ შეიარაღებულები და ისე მოძრაობდნენ. იარაღი ფეხებში დასთრევდა ზოგს, ისეთი პატარები იყვნენ. მიჰკრეს ავტომატის ლულა კარებს და ისე გააღეს. წაიღეს თუ რამე მოეწონათ. ლოგინი გაიტანეს ძროხები წაიყვანეს, ღორები.. ინდაურებს ცოცხლებს ჩემ თვალწინ ხელით წააცალეს თავები, კანი გადააცალეს და ისე წაიღეს.  ღამე გარეთ გამათენებინეს, სახლში არ შემიშვეს. მეკითხებოდნენ А Где молодежь? მევუთხარი  რა მალადიოჟმეთქი, ერთი შვილი 90-იანებში მომიკლეს და ეგრე დამიგდეს მდინარე ლიახვის პირზე. 2008-ში ჩემი მეორე ვაჟი ძალით გავუშვი სახლიდან. ერთი შვილი მომიკლეს და შენ მაინც გადარჩი ცოცხალი მეთქი. დიდი ხვეწნის მერე წავიდა მაგრამ მე  სახლიდან ფეხი არ მომიცვლია. ვიდრე ცოცხალი ვარ აქაურობას არ მივატოვებ. ჩვენი ბაღის თავში გააკეთეს აბრა და მავთულხლართები. ბევრი ვიბრძოლეთ მაგ ნაკვეთებისთვის, მაგრამ რაღაც ფართობები მაინც იქით მოექცა. არცერთ მტკაველ მიწას არ დავუთმობ.როდესაც ჩემი ვაჟი მიწას ამუშავებს მე სახლიდან გავცქერივარ რომ სიარული მიჭირს უკვე. მეშინია იქვე შეიარაღებული ფორმიანები დადიან და რამე არ დაუშაონთქო ვფიქრობ “.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.