“რას იტყვის ხალხი” – ტრენინგი მოზარდებთან ნაადრევ ქორწინებაზე

კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი სიახლეები
64 ნახვა

ვინ არის დამნაშავე, როდესაც გოგონები ადრეულ ასაკში თხოვდებიან და ადრეული ქორწინების გამო გარკვეულ შეზღუდვებს იქმნიან? ეს იყო ძირითადი საკითხი, რომელიც მოზარდებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის ორგანიზებით ტრენინგს მაია მიხანაშვილი უძღვებოდა, რომელმაც შეკრებილ ახალგაზრდებთან ერთად ის ძირითადი მიზეზები განიხილა, რაც მოზარდს გაუცნობიერებლად დაოჯახების გადაწყვეტილების მიღებას აიძულებს.

ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ზოგჯერ გოგონა მშვიდ და მისთვის სასურველ გარემოს ეძებს, რასაც ხშირად მომავალი მეუღლე ჰპირდება. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები კი რაც დაოჯახებას ახლავს თან მათთვის იმ მომენტში გაუაზრებელი რჩება.

“არის შემთხვევები, როდესაც გოგოსთვის უკეთესიც კი არის, რომ გაერიდოს იმ ოჯახს, სადაც ძალადობაა და გათხოვდეს, მაგრამ აუცილებელია მას ჰქონდეს თუნდაც ასეთ ტრენინგებზე დასწრების საშუალება და იცოდეს საკუთარი უფლებები. გააცნობიეროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები ადრე გათხოვებისას. მომავალი სასწორზე არ უნდა დადოს არავინ – ან გაუმართლებს ან არა. აუციელებლია მიიღოს განათლება, ჰქონდეს კარგად გააზრებული ყველაფერი და ისე გადადგას ეს ნაბიჯი. გარშემო ძალიან ბევრ სტერეოტიპებს ვხვდებით. ალბათ ჩვენს მერე 2 თაობა თუ შეძლებს ამ ვითარების შეცვლას. კარგი იქნება, რომ სკოლებში უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდეს ასეთ თემებზე მსჯელობას”,– აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.

ტრენერმა მოსწავლეებს სამართლებრივი ნორმების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია ადრეული ქორწინების შესახებ, შემდეგ კი ის შედეგები განიხილა, რაც ხშირად ადრეული ქორწინების შემთხვევებს ახლავს. მაია მიხანაშვილმა ბავშვებს 90-იანი წლების ამსახველი ფილმიც აჩვენა და მაშინდელ და ამჟამინდელ პერიოდებს შორის პარალელები გაავლო.

“ცვლილებები აშკარად გვაქვს, თუმცა მაინც ვლინდება ცნობიერების დაბალი დონე საზოგადოებაში. მოზარდებმა საკმაოდ საინტერესო მაგალითები დაასახელეს, რასაც ირგვლივ ხედავენ და ისმენენ. აუცილებელია, რომ ხშირად ვესაუბროთ მოზარდებს საკუთარ ვალდებულებებსა და იმ პასუხისმგებლობებზე, რასაც გათხოვება გულისხმობს. ოჯახების დანგრევის საფუძველიც ზუსტად ის გაუაზრებელი გადაწყვეტილებები ხდება, რასაზ ახალგაზრდები “სიყვარულს” ეძახიან. ჩვენ გვახსოვს ის პერიოდიც, როდესაც მოტაცებულ გოგონებს სახლში აღარ აბრუნებდნენ, ძალადობის შემთხვევაში ქალს მოთმინებას აიძულებენ ახლაც, “რას იტყვის ხალხი” – სტერეოტიპული მიდგომები ოჯახმა, სკოლამ, საზოგადოებამ ერთად უნდა აღმოფხვრას“, – აღნიშნა მაია მიხანაშვილმა.

ცნობიერების ამაღლების კამპანიისკენ მიმართულ პროექტს კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი ფონდი “ტასოს” მხარდაჭერით ახორციელებს. აქტივობების ფარგლებში ტრენინგები ტარდება ახალგაზრდებთან, მათთვის აქტუალური საკითხების განხილვა კი პერიოდულად, სპეციალურად შეკრების მშობლებთან და პედაგოგებთანაც მოხდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.