სოფლად მყოფ ქალებს ხაშურის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მოუსმინეს

სიახლეები
172 ნახვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი და მერის წარმომადგენელი ნინო სუხიაშვილი სოფლად მცხოვრებ ქალებს შეხვდნენ. ჩორჩანა, ხცისი, წაღვლი, კოდისწყარო, ცხრამუხა – ეს ის სოფლებია, სადაც დეკემბრის თვეში ქალები ყველაზე აქტუალურ საკითხებს აგროვებდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან გასაჟღერებლად. ადვოკატირების კამპანიისთვის საჭირო უნარები მათ სპეციალური ტრენინგიდან მიიღეს, რომელიც “ქართული მედია ჯგუფის” მიერ, შვედური არასამთავრობო ორგანიზაციის, “სამოქალაქო უფლებადამცველები” (CRD) მხარდაჭერით ჩატარდა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრიდან აღმოჩნდა, რომ 5 სოფლიდან უმრავლესობას წყლის პრობლემა აწუხებს. მათი თქმით, ეს ის საკითხია, რომლის სიმწვავე განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გამოვლინდა. უწყლობა ხაშურის სოფლებში ყოველდღიურ ყოფას განსაკუთრებით ქალებისთვის ართულებს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემები მოინიშნა და აღნიშნა, რომ თითოეულ საკითხს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ოპერატიულად გააცნობს.

“მნიშვნელოვანია, რომ სოფლად მცხოვრები ქალები თემში არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში თავად ერთვებიან. მე რა თქმა უნდა ყურადღებით ვისმენდი თითოეულის საუბარს და მოვინიშნე კიდეც ის საკითხები და იდეები, რაც მათ გააჟღერეს. გარდა იმისა, რომ კონკრეტული პრობლემის მოგვარება სურთ, აქვთ ინიციატივებიც გარკვეული სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებით, რაც მათი აზრით, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ახალგაზრდების და ქალების გააქტიურებს. აუცილებლად შეგატყობინებთ, როდესაც ამ თემებთან დაკავშირებით რაიმე სიახლე გვექნება”, – აღნიშნა ნინო სუხიაშვილმა.

მასალა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის – “შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო უფლებადამცველები.” მასალის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD-ს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.