“სტრესს ჩვენში ომის ამბებიც იწვევს” – საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოზარდებს ფსიქოლოგი შეხვდა

კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი
107 ნახვა

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოზარდებს ფსიქოლოგი, ეკა ჯაფიაშვილი ესაუბრა. ახალგაზრდებს ის სოფელ მერეთის საჯარო სკოლაში შეხვდა. სტრესის გამომწვევ მიზეზებსა და მისი დაძლევის გზებზე მოსწავლეები საკუთარ მოსაზრებებს გამოთვამდნენ, ზოგიერთი აღნიშნავდა, რომ ბოლო პერიოდში დაძაბულობას მათში უკრაინის მოვლენები იწვევს.

“ჩვენში სტრესს ის ამბებიც იწვევს, რასაც უკრაინასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვეცნობით. ომი ჩვენთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე თემაა, ამიტომ რასაც ამ საკითხზე ვისმენთ, რა თქმა უნდა მოქმედებს ჩვენზე”, – აღნიშნა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ფსიქოლოგმა მოზარდებს რამდენიმე კითხვით მიმართა, რაც მოზარდებს უფრო გულწრფელებს და გახსნილებს გახდიდა. ეკა ჯაფიაშვილის განმარტებით, ხასიათების ხშირი ცვლილება შესაძლოა ასაკობრივიც იყოს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მათ სწორად განსაზღვრონ მათი განწყობის საფუძვლები და შეძლონ ყველაფრისთვის სახელის დარქმევა.

“ხშირად ჩაიხედეთ სარკეში და საკუთარ თავს თავადვე შეუქმენით განწყობა, აუცილებლად გაიღიმეთ გამოუშვით ის რაც გთრგუნავთ, შფოთვას და დაძაბულობას იწვევს თქვენში, თუნდაც ეს სოციალურ ქსელს უკავშირდებოდეს. ნუ დააგროვებთ ნეგატიური ინფორმაციას და ეცადოთ გაერიდოთ მას. ინტერნეტიც მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენეთ და გაუფრთხილდით დროს“,-უთხრა მოზარდებს ეკა ჯაფიაშვილმა.

მერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის ორგანიზებით და”ფონდი ტასოს” მხარდაჭერით გაიმართა. მანამდე კი პროექტის ფარგლებში, ნაადრევი ქორწინების შედეგებზე შეხვედრა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელ ოთარშენის საჯარო სკოლაში გაიმართა.

წლის ბოლომდე “კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი” ჯამში 10 ტრენინგს ჩაატარებს გოგონების უფლებების დაცვის მიმართულებით. მოზარდების შემდეგ კი ორგანიზაცია ექსპერტებს არასრულწლოვანთა მშობლებსაც შეახვედრებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.