უკრაინის მოვლენები 2008 წლის აგვისტოს მახსენებს – ლია ჩლაჩიძე

ბლოგი
126 ნახვა

ძნელია უემოციოდ უყურო,რაც ხდება უკრაინის თავს.. მით უმეტეს, რომ უკვე გაქვს გამოცდილება მძიმე და საშინელი დღეების , საკუთარი ქვეყნის მაგალითზე, თუმცა ვფიქრობ საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია იქნება უფრო მწვავე, მაგრამ არა მას შემდეგ, “ურემი რომ გადაბრუნდება”…

კარგად მახსოვს 2008 წლის ომის დაწყება, სროლები, პროვოკაციები თითქოს ქართული არმია “მძინარე ცხინვალს” დაესხა თავს… იგივეს ვხედავ ახლაც…

ორი დღის უკან, ფოსტაზე მომივიდა წერილი ერევნიდან ჩვენმა მეგობარმა მშვიდობის მშენებელმა ქალებმა გადმოგვიგზავნეს, წერილს ხელს აწერს მნიშვნელოვანი რეიტინგის და წონის ამერიკელი და რუსი ქალბატონები, დედები,ბებიები, რომ შეწყდეს ესკალაცია, რომ არ დაიღუპნონ უდანაშაულო ადამიანები. ვფიქრობ, ჩვენც უნდა შევუერდეთ ამ პროცესს ჩვენი ხმით. 

იდგა მცხუნვარე 2008 წლის 2 აგვისტო. ცხინვალში,თეატრალურ მოედანზე
ჩამომდგარიყო ავტობუსები, მსუბუქი მანქანები. ერთი-ორ ჯიპსაც მოვკარი თვალი.
მოდიოდნენ და მოდიოდნენ წარბშეკრული ქალები, ბავშვები, მოხუცები. ყველას სახე
ჩამოსტიროდა, სიხარულის ნიშანწყალი არ ეტყობოდა არავის.

ვიდექი და ჩემი თვალით ვუყურებდი ,როგორ მოათრევდნენ ჩანთებს, ფუთებს. ცოტა წინ, ფოსტისკენ გადავიწიე, მანქანების კოლონა აქედან იწყებოდა. კოლონის თავში ნაცრისფერი ვილისი იდგა რუსი “მშვიდობისმყოფელი” ჯარისკაცებით და ГАИ-ს ორი მანქანა, რომლებსაც კოლონა უნდა გაეცილებინა. გზა თამარაშენის მიმართულებით ჩაკეტილი იყო. ვერ გადავიდოდნენ. დიდი ლიახვის ხეობის ცხრა სოფელი ყელში ჰქონდათ გაჩხერილი და ისევ ძარის, შემოვლითი გზით უნდა გადასულიყვნენ.

-ნუ დგახარ, რას უყურებ? – მკითხა ერთმა უსახურმა.
– სად მიგყავთ ეს ხალხი? – ვკითხე.
– დასასვენებლად – იყო პასუხი.
– მთელი ქალაქი? – მიხვდა,რომ არ დავუჯერე.
Не твое ума дело – მოკლედ მიპასუხა.
კოლონა დაიძრა. ვუყურებდი დაძრული მანქანების კოლონას, რომლის ფანჯრებიდან დაღვრემილი ქალები გაწამებული სახეებით იყურებოდნენ და მივხვდი, იწყებოდა დიდი უბდურება რომელსაც ომი ერქვა.

როცა მამაცი უკრაინელი ქალები, დონეცკიდან და ლუგანსკიდან დევნილები, სტუმრად იყვნენ ჩემთან, ომის მუზეუმში, ისევე ტიროდნენ ჩვენი ომის საშინელებებზე და არ
რცხვენოდათ ამ ცრემლების. ახლაც იგივე სცენარით მოქმედებს რუსეთი უკრაინაში, რასაც ადამიანების უბედურება მოაქვს. გამძლეობა მისურვებია უკრაინელი ხალხისათვის!

ომიდან ცხრა წლის თავზე, ერგნეთში აგვისტოს ომის მუზეუმს ჩავუყარე
საფუძველი, რომლის მოწყობაში უამრავი ადამიანი მონაწილეობდა. მუზეუმი თავისი სიდიადით ვერ დაიტრაბახებს, დახურულ სივრცეში ჯერაც ომის სუნი
ტრიალებს, კედლის დამსკდარი ქვები, დანახშირებული ძელები, ნახევრად დამწვარი
სათამაშოები, მხურვალებისგან დამდნარი უცნაური ფორმის ბოთლები, ქილები, კასეტური ბომბის ნამსხვრევები ამ სახლში დატრიალებული ტრაგედიის, ომის ენით ლაპარაკობენ.

ომის მუზეუმი, მშვიდობის მნიშვნელობის წარმოსაჩენად!

ერთხელაც ,დაინგრევა ეს მახინჯი მავთულხლართები და მუზეუმი გახდება ის ადგილი, სადაც ქართველები და ოსები მშვიდობის ენაზე ილაპარაკებენ!

მე მჯერა!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.