არჩევნების სამართლიანად ჩატარებისა და ციფრული უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციას გორში, ადგილობრივი ქალები ისმენდნენ. ტრენინგი “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტში “მოზაიკა” ახორციელებს.
“პროექტის ფარგლებში ვცდილობთ, რომ ქალებს და გოგონებს მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც მათ სხვადასხვა სიტუაციაში საკუთარი უფლებების და ინტერესების დაცვაში დაეხმარებათ. შესაბამისად, შეხვედრის თემა იყო აქტიური მოქალაქეობა, ელექტრონული არჩევნები და ციფრული უსაფრთხოება. შეხვედრების ორგანიზაციებისას, აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მუნიციპალიტეტში ქალთა საკითხებზე მუშაობენ”, – აღნიშნა “მოზაიკას დირექტორმა გვანცა დოლუაშვილმა.
შეხვედრას “ქართულმა მედია ჯგუფმა” უმასპინძლა, რომლის სივრცე ბოლო წლებში, სწორედ ქალთა გააქტიურებისა და გაძლიერებისკენ მიმართულ აქტივობებს ეთმობა.
“იქიდან გამომდინარე რომ ქალებს ნაკლებად აქვთ ინფორმაცია “ციფრული ჰიგიენის” შესახებ, შევეცადეთ კონრეტული მაგალითებით გვეჩვენებინა ის საფრთხეები, რაც თან ახლავს ინტერნეტში შესაძლებლობების გაზრდას. ვფიქრობთ, რამდენიმესაათიანი კომუნიკაციით, მნიშნველოვანი ინფორმაცია გავუზიარეთ არსებული რისკების შესახებ, რაც მათში ფაქტების კრიტიკულად აღქმას გააუმჯობესებს. სამწუხაროდ, ონლაინ სივრცეში ამ მარტივი წესების დაცვა გვავიწყდება და გვგონია, რომ ბოროტი ზრახვებისთვის, ჩვენი საქმიანობა არ წარმოვადგენს ინტერესთა სფეროს”, -აღნიშნა ნინო ჩიბჩიურმა.
უსაფრთხოებასთან ერთად, ტრენინგის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს აქტიური მოქალაქეობრივი როლისა და არჩევნებში მათი ხმის მნიშვნელობაზე. საარჩევნო პროცედურები და კონკრეტულად ელექტრონულად ხმის მიცემის თემა მათ “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა გორში, თეა თედლიაშვილმა გაცნო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალების, როგორც ამომრჩევლების ჩართულობის მნიშვნელობას ხმის მიცემის პროცესში, რადგან როგორც ბოლო წლების სტატისტიკამ აჩვენა, საქართველოში ელექტორატის უმრავლესობა ამ მხრივ პასიურობით გამოირჩეოდა. კონკრეტულად კი ბოლო, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში 1 მლნ 874 ათას 227 (53,59%) ქალი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, საიდანაც ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა 922 ათას 414 -მა მათგანმა მიიღო (50.8%), ანუ თითქმის ნახევარ მილიონამდე ქალს (49,45%) ხმის უფლება არ გამოუყენებია.
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე შეხვედრების/დისკუსიების მოწყობას, ქალთა ინფორმირებისა და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნული ორგანიზაციები, პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, სამომავლოდაც გეგმავენ.