“ქალთა ფონდის” მხარდაჭერით, ქალები სოფლის გაძლიერებისთვის თეორიულ კურსს გადიან

სიახლეები
67 ნახვა

ქალთა პოლიტიკური ჩართულობა და ინტერნეტ რესურსების სასარგებლოდ გამოყენება – ეს იყო ტრენინგის თემა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის 10 თემში მცხოვრებ ქალებს ჩაუტარდათ. სალექციო ნაწილი საკანონმდებლო საკითხების განხილვას დაეთმო, რომელიც თვითმმართველობის მუშაობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას გულისხმობს, ხოლო ტრენინგის დასკვნითი ეტაპი სასარგებლო ბმულების გაცნობას და დისკუსიას დაეთმო.

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მონიტორინგს ითვალისწინებს, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ დასახლების საერთო კრებაზე გამახვილდა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება რეგისტრირებულ ამომრჩეველთა, მინიმუმ 20%. ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სოფლის კრების შესახებ ინფორმაციას მისი ჩატარების შემდეგ იგებენ და შესაბამისად ვერ ესწრებიან.

ზოგიერთმა ისიც თქვა, რომ სოფელში საკითხებს რამდენიმე ადამიანი წყვეტს და ოქმის შედგენის მიზნით ხელმოსაწერად შემდეგ უკვე კარდაკარ დადიან. ეს ვითარება ბუნებრივია ვერ ასახავს ადგილობრივების და მათ შორის ქალების რეალურ ნებას.

სწორედ აღნიშნული მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს “ქართული მედია ჯგუფის” პროექტი, რომელიც “ქალთა ფონდის” მიერაა მხარდაჭერილი.

გორის მუნიციპლიტეტის 10 თემში შემავალი 25 სოფელი ადგილობრივი გოგონებისა და ქალების ყურადღების ეპიცენტრში ექცევა. რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა ცენტრალური ხელისუფლებისგან, სოფლის მხარდაჭერისთვის გამოყოფილი თანხები ომით დაზარალებულ დასახლებებში და როგორ შესრულდა ამ პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები – ეს იქნება მთავარი კითხვები, რასაც წლის ბოლოს, პროექტში ჩართული ქალები უპასუხებენ. მანამდე კი ისინი ქალთა აქტივიზმთან დაკავშირებულ კიდევ 2 ტრენინგს გაივლიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.