“ქართული მედია ჯგუფის” პროექტის მონაწილე “აწარმოე საქართველოში” გამარჯვებულია

ბლოგი
123 ნახვა

“ქართული მედია ჯგუფის” პროექტის მონაწილე ქეთევან გიგოლაშვილი ბიზნესის განვითარების პროგრამის “აწარმოე საქართველოში” გამარჯვებულია. ის 6 თვის განმავლობაში GMG-ის აქტივობებში აქტიურად იყო ჩართული და სოფლად მცხოვრებ ქალებს “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით მოწყობილი ტრენინგებიდან მიღებულ გამოცდილებას უზიარებდა. იმ პერიოდში საკუთარ ინტერესებს სხვა მონაწილეებსაც უზაირებდა და საკუთარი საქმიანობის გავრცელებას ფართო აუდიტორიაში გეგმავდა.

“ვცხოვრობ სოფელ წრომში. ეს სოფელი მსოფლიოში ცნობილია 626-635 წლებში აგებული წრომის ტაძრით, გამორჩეული თავისი ისტორიით და არქიტექტურით.

სოფლად ცხოვრება ბევრ სირთულეს გვიქმნის ახალგაზრდებს. მინდა შევცვალო ის ერთფეროვანი გარემო, რომელშიც გვიწევს ცხოვრება და სოფელში დავაარსო სამკერვალო სახელოსნო. ბავშვობიდან ვკერავ, ვაკეთებ ხელნაკეთ ნივთებს, ვაფერადებ ორნამენტებით და ახალ სიხოცხლეს ვძენ ძველ ნივთებს. სამკერვალო სახელოსნოში ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების შერწყმით მინდა შევკერო ტანსაცმელი, აღვადგინო ძველი ორნამენტები და ნაქარგობების სახით გადავიტანო თანამედროვე სამოსზე, ხელჩანთებზე. ასევე მსურს შეიკეროს სასულიერო პირთა სამოსი (კაბები) და საეკლესიო შესამოსელი (სამღვდლო და სადიაკვნო შესამოსლები, სტიქრები), რომლის კერვაც შევისწავლე მონასტერში. აგრეთვე, ქართული ტრადიციული სამოსი: ყაბალახები, ჩოხები, კაბები, ჩიხტიკოპები, ჩანთები.

ჩავატარე მცირე კვლევა, გამოვკითხე მოსახლეობის ნაწილი და გამოიკვეთა, რომ ამ მიმართულებით ხაშურში არც ერთი სამკერვალო არ მუშაობს. წრომისა და მეზობელი სოფლების მიწობის, ხცისის, ახალშენის მოსახლეობის გამოკითხულთა უმრავლესობამ, ისურვებდნენ თუ არა სამკერვალო ატელიეს არსებობას სოფელ წრომში, უპასუხა, რომ ადგილზე, დროის და ტრანსპორტის ხარჯის დაზოგვით, ურჩევნია ისარგებლონ ადგილზე სამკერვალოს მომსახურებით.

ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ფართი იჯარით გამოყოფილია წრომის ადმინისტრაციულ შენობაში, რისთვისაც მადლობას ვუხდი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ლიპარტელიანს და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ თენგიზ ჩიტიაშვილს.

გარდა ამისა, ვმუშაობ პოლიმერულ თიხაზე, ვამზადებ ჭიქებს, დეკორატიულ ნივთებს, სამკაულებს, აქსესუარებს, რომლის რეალიზაცია დავიწყე სოციალური სივრცით. რამდენჯერმე მივიღე მონაწილეობა გამოფენა – გაყიდვაშიც, რამაც შესაძლებლობა მომცა ჩემი ნამუშევრები ფართო სპექტრისთვის გამეცნო.

სამკერვალოსთან ერთად მინდა გავხსნა უფასო სახელოვნებო წრე ბავშვებისა და მოყვარულებისათვის, სახელწოდებით „ხელსაქნარი“, სადაც სხვადასხვა ხელსაქმესთან ერთად შეისწავლიან ტრადიციული ხელსაქმის ისტორიას. სახელოსნოში გამოვყოფთ სივრცეს, სადაც მოეწყობა ბავშვებს მიერ დამზადებული ნაკეთობები და შეკერილი ნაწარმის გამოფენა – გაყიდვა.

დიდი მადლობა ხაშურის გენდერული თანასწორობის საბჭოს, ჩემი მცირე ხელსაქმის შეფასება და დაფასება დიდი სტიმული იყო, რამაც მიბიძგა, უფრო გამეღრმავებინა ცოდნა და ახალ ეტაპზე გადავსულიყავი. მადლობა ნდობისთვის „აწარმოე საქართველოს“. ვეცდები ნდობა გავამართლო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.