ღია და ადვილად დამუშავებად ფორმატში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობამ ჟურნალისტებსა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს საკითხების სიღრმისეული შესწავლის უნიკალური შესაძლებლობა მისცა. სხვადასხვა მონაცემების ერთმნეთთან დაკავშირებითა და პროგრამული ანალიზით , შესაძლებელი გახდა გამოაშკარავებულიყო საჯარო ფიგურებისა თუ მაღალი თანამდებობის პირების მანამდე უცნობი ბიზნეს კავშირები და ინტერესები, მათ საკუთრებაში არსებული ქონებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია,უკანონო გარიგებები და საჯარო ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა.
დღეს უკვე გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი უწყებიდან გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია და ამისათვის სულაც არ არის საჭირო ვიყოთ მაღალი თანამდებობის პირი. ღია მონაცემების არსებობამ მოსახლეობას მისცა იმის საშუალება,რომ იცოდნენ, მაგალითად,ბიუჯეტი რაში იხარჯება, რა გაკეთდა ამა თუ იმ რეგიონში და ასევე რა იგეგმება.
სახელმწიფო ორგანოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება დემოკრატიული მმართველობის შემადგენელი ნაწილია. თავის მხრივ, მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს სწორედ ინფორმაციის თავისუფლება წარმოადგენს.საქართველოში კი საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ისევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
ქალაქ გორში ამ თემასთან დაკავშირებით განხორციელდა პროექტი, სადაც მონაწილეებმა ღია მონაცემებზე დაყრდნობით შექმნეს ვიზუალური მასალები, რომლებიც მოიცავდა რეგიონში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს. მონაწილეებმა საჯარო უწყებებიდან გამოითხოვეს ინფორმაციები და შემდგომ შექმნეს ინფოგრაფიკები,რომლის პრეზენტაციაც დასკვნით ღონისძიებაზე გააკეთეს. უნდა აღინიშნოს, ის ფაქტიც, რომ ზოგიერთმა უწყებამ მოთხოვნილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა და დაგვჭირდა საკუთარი ძალებით აღმოგვეჩინა ის ფაქტები, რაც თემასთან დაკავშირებით გვჭირდებოდა. ამისათვის გამოვიყენეთ პორტალი Askgov.ge, სადაც გამოთხოვილი ინფორმაცის რაოდენობა 1300-ზე მეტია.
საბოლოოდ,შემაჯამებელი ღონისძიება ძალიან საინტერეესო და ინფორმაციული იყო. მონაწილეებმა განიხილეს რეგიონში არსებულ პრობლემები და გამოწვევები, რაც მათ განსაკუთრებით აწუხებთ. მიხარია, რომ მომეცა საშუალება ვყოფილიყავი მათი მენტორი და ამ პროექტის ფარგლებში მათთვის გამოცდილება გამეზიარებინა. მნიშვნელოვანია, რომ საერთო ჯამში შექმნილმა ნამუშევრებმა საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია, რაც დასტურდება ინფოგრაფიკების წყაროდ გამოყენების სურვილით და სამომავლო თანამშრომლობის მზაობით.
ლიკა ომაძე