მთავარი ბლოგი “ყველაზე სწორი ნაბიჯი ცხოვრებაში მოძალადე ქმრისგან წამოსვლისას გადავდგი” – 4 შვილის დედა

“ყველაზე სწორი ნაბიჯი ცხოვრებაში მოძალადე ქმრისგან წამოსვლისას გადავდგი” – 4 შვილის დედა

by GMG

მიუხედავად არაერთი ორგანიზაციის აქტიურობისა და ჩართულობისა, ჩვენ ქვეყანაში ქალებს სხვადასხვა მიზეზის გამო ძალადობაზე საუბარი, რეალური ისტორიების სხვისთვის გაზიარება – სიმართლის აღიარება  ისევ უჭირთ. ერთ-ერთი ასეთი მეც ვიყავი იქამდე, ვიდრე სიღრმისეულად არ გავაანალიზე რა ხდებოდა ჩემ თავს და როგორ ვკარგავდი დღითითდღე ამ ერთადერთ სიცოცხლეს.

ჩვენ შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მისი მხრიდან ღალატის შესახებ გავიგე. ხშირი კონფლიქტების გამო რაიმე უბედურების ასაცილებლად, თავის დაზღვევის მიზნით, პოლიციას მივმართე, თუმცა მიუხედავად მათი მხრიდან რეაგირებისა, ვითარება ვერ დასტაბილურდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩემ ყოფილ ქმარს სოფელში უნდა ეცხოვრა, მე და ბავშვებს კი – ისევ თბილისში, მის სახლში. გარკვეული დროის შემდეგ  მან ჩვენზე ზეწოლა ძველებურად გააგრძლა. ჩემ ინტერესებს დედამთილი მუდამ იცავდა, მაგრამ მამამთილი პირიქით  – მე და ჩემ შვილებს ანუ საკუთარ შვილიშვილებს  სახლიდან წასვლას გვაიძულებდა, რის გამოც მასთან მუდმივ კონფლიქტში ვიმყოფებოდი. ასეთი ძალადობა დედამთილმა ვერ აიტანა და გარდაიცვალა. ეს იყო ბოლო ფაქტი, რამაც კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ საკუთარი თავისთვისაც უნდა მეშველა და ბავშვებისთვისაც, წინაღმდეგ შემტხვევაში ალბათ ეს ყველაფერი შეიწირავდა ჩემ სიცოცხლეს და ბავშვები საერთოდ ვისთან როგორ გაიზრდებოდნენ გააზრებაც მიჭირდა. თავი ჯერ ჩვენებს შევაფარე დევნილთა დასახლებაში. დედა და ჩემი ძმა ცოლ-შვილით – კოტეჯში  5 სული ცხოვრობს. იქვეა ჩემი დაც, ქმარ-შვილთან ერთად. მოგეხსენებათ, დევნილთა საცხოვრისები ისედაც მცირე ფართია,  მე კი, მათ კიდევ ოთხი ბავშვით დავემატე.

ოჯახის დანგრევა რა თქმა უნდა არავისთვისაა ადვილი და მათ შორის არც ჩემთვის იყო, მაგრამ ეს ნაბიჯი არასოდეს მინანია.

ძალიან ვინერვიულე და ისეთი რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა შემექმნა, ფსიქოლოგებთან კონსულტაციებზეც ვიარე. მანამდე უხმო და უთქმელმა მოთმინების უნარი დავკარგე, პროტესტს ყველაფერზე ხმამაღლა გამოვხატავდი. მათ შორის დედაჩემსა და ჩემ დასაც სხვა ტონით ლაპარაკი დავუწყე. არა-და, ისინი ხომ ჩემი და ჩემი ბავშვების  ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან!..

ამჟამად ქირით ვცხოვრობ, 350 ლარი მხოლოდ ამისთვის მჭირდება. დენის და გათბობის ხარჯებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. დედაჩემი  უმუშევარია, მაგრამ ძმასთან ერთად მაინც მეხმარება. თუ რაიმე შეუძლიათ, მხარში გვიდგანან, მაგრამ ოთხი შვილით ქირით ცხოვრება რთულია.

მიუხედავად ყველაფრისა თითქოს ძალები მოვიკრიბე და საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ შემიძლია… შემიძლია საკუთარი ცხოვრების წარმართვა, ისე როგორც ეს მე და ჩემ შვილებს სჭირდებათ.

ე.წ. წესებით და ხალხის მიერ “დასწავლილ” ცხოვრებას 100-ობით ქალის სიცოცხლე შეეწირა. ოჯახების ძალიან დიდ ნაწილში პატრიარქატი ისევ მძვინვარებს, პრივილეგირებული ისევ კაცია, ყველაფერს ის წყვეტს, ქალი კი, (მაპატიონ ქალებმა სიმართლის ხმამაღლა დაფიქსირების გამო) ოჯახური სიმყუდროვის შესანარჩუნებლად,  რჩება ქმრის ბრძანების,  სურვილების შემსრულებლად ან ყველაზე უკეთეს ვარიანტს თუ ვიტყვით, – მსმენელად. აზრის მოზიარის ვალდებულება ძვალსა და რბილში ისე აქვს გამჯდარი, “როგორც დაგიბარებიათ“. მბრძანებლობა ერთია, თუმცა, როდესაც ოჯახში კონფლიქტი ღალატის საფუძველზე  ხდება – ეს მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. არ მესმის და ვერ გავიზიარებ აზრს: “კაცია და სხვა ქალთან “გავლა” რა პრობლემაა”, აბა, მაშ როგორ გინდა?!“ ,,კაცია და თუ სხვასთან “გაიგულავა”, მერე რა მოხდა, ქალმა უნდა მოითმინოს“, “კაცია და ეპატიება”, რატომ? სად წერია, ვინ დააწესა, რომ ურთიერთობას და კავშირს, რომელსაც ოჯახი ჰქვია, ამას ითვალისწინებს?

არა ქალებო, სიჩუმის დრო დიდი ხნის წინ დასრულდა. რა მაგალითს ვაძლევთ ჩვენ შვილებს, ისინიც ჩუმად უნდა იტანდნენ ძალადობას, ღალატს, შეურაცხყოფას და ა.შ. ამ ყველაფერს მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირება.

ცხადია სუსტ კაცებს არ მოწონთ ძლიერი ქალები, რომლებიც მათ გამოგონილ ადათ-წესებს კი არ შეეწირება არამედ ძალადობისგან თავისუფლებისთვის იბრძოლებს და ვთვლი, რომ მე ეს შევძელი. ჩავერთე არაერთ საინტერესო პროექტში, მაქვს სამსახური და საკუთარი შემოსავალი, ჩემი შვილების თვალებშიც სიხარულს ვხედავ და მე ეს მაბედნიერებს.

ჩვენ გავქვს უფლება გავუფრთხილდეთ ჩვენ ერთადერთ სიცოცხლეს, ვიხსნათ ჩვენი თავი იმ გარემოსგან, რომელიც გვანადგურებს. დიახ, ეს შესაძლებელია თუ კი ჩვენ ამას გადავწყვეტთ. გამოსავალი ყოველთვის არის..

თეა ნათაძე

About Author

დაკავშირებული პოსტები