მთავარი გადაცემები ქალები, სოციალური ქსელები და ფსიქოლოგიური ტერორი – გადაცემა “ქალის ხმა”

ქალები, სოციალური ქსელები და ფსიქოლოგიური ტერორი – გადაცემა “ქალის ხმა”

by GMG

თანამედროვე ციფრულ ეპოქაში სოციალური ქსელები ბევრი ქალისთვის არა განვითარების, არამედ ნამდვილ ფსიქოლოგიურ ტერორად იქცა. სოციალურ სივრცეში ქალები ხშირად ხდებიან ლანძღვისა და ბულინგის მსხვერპლნი არა მხოლოდ უცხოების, არამედ ახლობლების მხრიდანაც. აგრესორები მათ ხშირად მიუთითებენ, რომ მათი ადგილი მხოლოდ სამზარეულოშია და აკრიტიკებენ აზრის გამოთქმის გამო ფრაზებით: „წადი სახლს მიხედე“ ან „შენ რა იცი ამ თემაზე, რომ ლაპარაკობ“.

ეს გაუსაძლისი სტრესი გახდა მიზეზი იმისა, რომ ბევრმა რეგიონში მცხოვრებმა ქალმა რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და მასობრივად გააუქმა საკუთარი Facebook-ანგარიში. მათთვის ციფრული სამყარო დღის წესრიგის ამრევ და საფრთხის შემცველ გარემოდ იქცა.

ამ კრიზისულ ვითარებაში „ქართული მედია ჯგუფი“ (GMG) ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, რომელმაც ქალების ციფრული უსაფრთხოების საჭიროება დაინახა. ორგანიზაცია უკვე 11 წელია აქტიურად მუშაობს რეგიონში ქალების გაძლიერების, ცნობიერების ამაღლებისა და მათი საჭიროებების ადვოკატირების მიმართულებით.

GMG-ს როლი მრავალმხრივია და მოიცავს როგორც საინფორმაციო მხარდაჭერას, ისე პრაქტიკული უნარების განვითარებას:

ორგანიზაციამ აღადგინა კატო მიქელაძის ლეგენდარული გაზეთი „ხმა ქართველი ქალის“, რომელიც სოფლებში უფასოდ ვრცელდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი რესურსი მათთვის, ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება, რაც ეხმარებათ გადამოწმებული ინფორმაციის მიღებასა და იმ ქალების წარმატების ისტორიების გაცნობაში, რომლებიც მანამდე “ჩრდილში“ იყვნენ.

GMG აქტიურად ცვლის იმ მავნე დამოკიდებულებებს, რომლებიც ხშირად „ტრადიციის“ სახელით ინიღბება. ორგანიზაციის მიერ მომზადებული მასალების შედეგად, არაერთხელ მოხდა ადრეული და იძულებითი ქორწინების პრევენცია და არასრულწლოვნების დაცვა.

ციფრული ჰიგიენა და უსაფრთხოება

ნაცვლად იზოლაციისა, GMG ქალებს თავდაცვის მექანიზმებს სთავაზობს. ორგანიზაციამ 100-მდე სოფლად მცხოვრები ქალი გადაამზადა ე.წ. „ციფრულ ჰიგიენაში“.

„როგორც დილით ხელ-პირის დაბანაა აუცილებელი, ისეა საჭირო ჰიგიენის დაცვა ინტერნეტშიც, რათა თავი დავიზღვიოთ ფსიქოლოგიური დარტყმებისგან“ — განმარტავს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნინო ჩიბჩიური.

2025 წლიიდან GMG-მ განსაკუთრებული აქცენტი ხელოვნური ინტელექტის (AI) სწავლებაზე გადაიტანა. ეს ინოვაციური მიდგომა ქალებს საშუალებას აძლევს:

  • მართონ ბიზნესი სახლიდან გაუსვლელად, ოჯახური წნეხის პირობებშიც კი, ქალები ხდებიან ონლაინ მეწარმეები.
  • AI აგენტები, როგორც თანაშემწეები, ხელოვნური ინტელექტი მათ ეხმარება ბუღალტერიაში, სტრატეგიების დაგეგმვასა და ინფორმაციის დამუშავებაში, რაც ზოგავს ფინანსებსა და დროს.
  • ეკონომიკური დამოუკიდებლობა – ორგანიზაცია ეხმარება მათ საკუთარი პროდუქტის პიარში, რაც ქალებს უფრო კონკურენტუნარიანებს ხდის ბაზარზე, ასაკისა და გამოცდილების მიუხედავად.

გარდა პრაქტიკული ტრენინგებისა, პლატფორმები metalab.ge და feminism.ge ასევე გაზეთი “ხმა ქართველი ქალისა” რჩება გადამოწმებული ინფორმაციის მთავარ წყაროდ. აქ ქალები იღებენ ცნობებს მუნიციპალური სერვისების, სახელმწიფო მხარდაჭერისა და ოჯახში ძალადობისგან თავდაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.

“ქართული მედია ჯგუფი“ აგრძელებს სოფლებში გასვლას და ქალებთან პირისპირ შეხვედრებს. ორგანიზაციის მიზანი უცვლელია: ციფრული სივრცე, რომელიც ბევრისთვის ძალადობისა და ტერორის გარემოდ იქცა, გადაიქცეს ქალების თვითრეალიზაციის, წარმატებისა და ეკონომიკური თავისუფლების საშუალებად. სწორედ აღნიშნული თემების განხილვას დაეთმო გადაცემა “ქალის ხმა” – შორენა ბიჭიკაშვილთან ერთად, რომლის თანაწამყვანია GMG-ს ხელმძღვანელი, ნინო ჩიბჩიური.

პოდკასტი მომზადდა პროექტის ფარგლებში – “სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში გაეროს სამოქალაქო სივრცის მხარდამჭერი ერთიანი თემატური ფონდის დაფინანსებით ახორციელებს. პოდკასტში წარმოდგენილი ინფორმაცია და მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შეიძლება არ ასახავდეს გაეროს ან/და მისი რომელიმე სააგენტოს მოსაზრებებს.

About Author

დაკავშირებული პოსტები