მთავარი ბლოგი ქალები ტექნოლოგიებში – როცა სტერეოტიპები პროგრესს ებრძვიან

ქალები ტექნოლოგიებში – როცა სტერეოტიპები პროგრესს ებრძვიან

by GMG

ქალები ტექნოლოგიებში – როცა სტერეოტიპები პროგრესს ებრძვიან

ტექნოლოგიები უკვე აღარ არის მხოლოდ პროფესია — ეს არის სამყარო, სადაც  ყოველდღიურად იწერება მომავლის ისტორია. მაგრამ ამ ისტორიაში ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ქალის სახელი ჩანს. დღესაც კი, როცა ინოვაცია და გლობალური განვითარება ყველაზე სწრაფად ვითარდება, ბევრ ქალს სჯერავს, რომ „აიტი მათთვის არ არის“. თითქოს ეს სფერო მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც ძლიერი სხეული, არა კი ძლიერი გონება აქვს. ბევრი დამსაქმებელი ქალებს ტექნოლოგიურ პოზიციებზე ნაკლებად სასურველ კადრებად მიიჩნევს. მიზეზი თითქოს მარტივია – ტექნოლოგიებში სამუშაო რთულია, ზოგჯერ სტრესული და ტექნიკურად მოთხოვნადი. მაგრამ ეს სტერეოტიპი სრულიად აცდენილია რეალობას.

აიტი არ საჭიროებს ფიზიკურ ძალას – ის მოითხოვს აზროვნებას, სიზუსტეს და შემოქმედებას. სწორედ ის თვისებები, რომლებიც ქალებში ძლიერადაა განვითარებული. და მაინც, სტერეოტიპების გამო ბევრი ქალი თავს იკავებს ტექნოლოგიურ კარიერაზე ფიქრისგანაც კი. მათ ხშირად ეუბნებიან, რომ „ეს მძიმე სფეროა“, რომ „გოგოსთვის არ
არის“, ან რომ „ოჯახისა და პროგრამირების შერწყმა შეუძლებელია“.

მსოფლიოში ტექნოლოგიურ სექტორში ქალების წილი მხოლოდ 26–28%-ს შეადგენს. ლიდერულ პოზიციებზე კი ეს რიცხვი მხოლოდ 14%-მდე ეცემა. საქართველოში მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია – ტექნოლოგიურ სფეროში ქალების წილი დაახლოებით 12%-ია. ეს ნიშნავს, რომ ათი აიტი-სპეციალისტიდან მხოლოდ ერთია ქალი. საინტერესოა, რომ ტექნოლოგიების ისტორია სწორედ ქალებით დაიწყო. პირველი პროგრამისტი იყო ადა ლავლეისი – ქალი, რომელმაც მე-19 საუკუნეში დაწერა პირველი ალგორითმი.

გრას ჰოპერმა შექმნა პირველი კომპილატორი, ხოლო ჰედი ლამარმა იმუშავა იმ ტექნოლოგიაზე, რომელმაც მოგვიანებით Wi-Fi-სა და Bluetooth-ის საფუძველი შექმნა. და მაინც, დღეს ამ სფეროში მათი შემცვლელები იშვიათად გვხვდება — არა იმიტომ, რომ ქალებს არ შეუძლიათ, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ აცლის. საქართველოში ბოლო წლებში ჩნდება მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს ამ სტერეოტიპების გატეხვას.

პროგრამები, როგორიცაა Women Go Tech და Women in Tech Georgia, ქალებს აძლევს საშუალებას სწავლონ, მიიღონ მენტორობა, განავითარონ ტექნიკური უნარები და დაიჯერონ, რომ ტექნოლოგიებში მათი ადგილი ნამდვილად არის
ეს ორგანიზაციები ქმნიან უსაფრთხო სივრცეს, სადაც ქალი არ განიხილება როგორც „სუსტი სქესი“, არამედ როგორც ინოვატორი, შემოქმედი და ლიდერი. ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობა მხოლოდ გენდერული თანასწორობის საკითხი არ არის – ეს არის პროგრესის პირობაც.

როდესაც გუნდში სხვადასხვა ხედვა, აზროვნება და გამოცდილება ერთიანდება, იქ იბადება ყველაზე ძლიერი იდეები. თუმცა სანამ ქალებს კვლავ უთხრეს, რომ „აიტი მათთვის ძალიან რთულია“, პროგრესი არასრულყოფილი იქნება. ტექნოლოგიები არ ეკუთვნის სქესს – ეკუთვნის იდეებს, გამბედაობასა და ცოდნას. ქალი ტექნოლოგიებში ნიშნავს ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ პროფესიულ არჩევანს.  ეს არის გადაწყვეტილება – დაამსხვრიო სტერეოტიპი, აჩვენო მაგალითი და შექმნა სივრცე მომავალი თაობისთვის, სადაც აღარ იკითხება კითხვა: „შეძლებს კი ქალი აიტიში წარმატებას?“ პასუხი უკვე ცნობილია – კი, შეძლებს და შეძლებს ისე, რომ შეცვალოს მსოფლიო.

 

ანა სვიანაძე

About Author

დაკავშირებული პოსტები