• შაბ. სექ 7th, 2024

15 წელი დევნილობაში – რა შეიცვალა 2008 წლის შემდეგ, ომგამოვლილი ქალების ცხოვრებაში?

ByGMG

აგვ 8, 2023

41 წლის ვარ და უკვე 15 წელია – დევნილი მქვია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ვცხოვრობ.  დავოჯახდი, მაგრამ ჩემი პირადი ცხოვრება არ წარიმართა კარგად. ახლა ჩემს შვილთან ერთად ვცხოვრობ. წლების მატებასთან ერთად ცხოვრებას სხვანაირად ვუყურებ. ახლა მეტი საზრუნავიც მაქვს, თუმცა უკეთესობა არის ის, რომ ოჯახის სხვა წევრები გაიზარდნენ და უკვე ოჯახში შემომტანები არიან. მატერიალურად მეხმარებიან და საკუთარ თავსაც ირჩენენ.

თავდაპირველად, ძალიან გაგვიჭირდა. დევნილობის პირველ წლებში არც ჭურჭელი გვქონდა, არც ლოგინი და არც სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ახლა კი ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს.  დევნილთა ნაწილი სხვადასხვა საქმით დაკავდა.  განათლება მიიღეს და ყველაფერი შეიძინეს. ზოგმა ბიზნესიც წამოიწყო. მათ გაეზარდათ თვითშეფასება წლების შემდეგ და მიხვდნენ, რომ შეუძლიათ მეტი გააკეთონ და განვითარდნენ. შეიცვალა ქალების მდგომარეობაც. მათ იციან საკუთარი უფლებების შესახებ და ამოიღეს ხმა ძალადობის წინააღმდეგ. მათ შორის ვარ მეც.  ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ძალადობის მსხვერპლი არასოდეს ვიქნებოდი, თუმცა ამ რეალობის წინაშე დავდექი, გამიჭირდა თუმცა ვიბრძოლე, ხმა ამოვიღე და ჩემს თავს ვუშველე. მე უკვე აღარ მეშინია, ყოველთვის ვიბრძოლებ ძალადობის წინააღმდეგ, რადგან სწორედ ჩემზე განხორციელებულმა ძალადობამ შეიწირა ჩემი ჯანმრთელობა და ოჯახის წევრების სიცოცხლეც. თუმცა სამწუხაროა, რომ ჩემს გარშემო კიდევ მრავლადაა მსგავსი ფაქტები, და ისევ არიან ქალები, რომლებიც ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებენ და უსიტყვოდ ითმენენ სხვადასხვა ფორმით ჩაგვრას.

ბევრჯერ ჩავრეულვარ, თუმცა ისევ მათშია პრობლემა და არ უნდათ ამ სიტუაციას თავი დააღწიონ. შესაძლოა ეს გამოიწვია გარკვეულწილად დევნილობამაც და მიყენებულმა სტრესმა, რომ კაცები გახდნენ მოძალადეები, თუმცა ჩემი მეუღლე არ ყოფილა დევნილი და ძალადობდა ჩემზე.

ჩვენთან მუდმივად მუშაობდნენ ფსიქოლოგები, როგორც ქალებთან ისე ბავშვებთან, თუმცა, შემდეგ მოქალაქეები აღარ აქტიურობდნენ და თვითონაც აღარ იყვნენ ჩართულები, რომ მიეღოთ ფსიქოლოგის მომსახურება.

ასევე  იყო ბევრი პროექტი, სადაც შეეძლოთ ჩართვა, თუმცა არ დაინტერესდნენ. დევნილთა ნაწილს არ სურს თავისი ცხოვრება შეცვალოს და ამ რეალობას არიან შეგუებულები. ქალების ნაწილს ქმარი არ აძლევდა უფლებას, ზოგს დედამთილი, ნაწილი კი თავად არ იყო დაინტერესებული რომელიმე აქტივობაში მიეღო მონაწილეობა, რაც ძალიან სამწუხაროა. ვფიქრობ საჭიროა მათი მეტად დატრენინგება და საზოგადოებაში ინტეგრაცია. მათი ცნობიერების ამაღლება აუცილებელია, რომ იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის. 

იზა ოქროპირიძე

ხურვალეთის დევნილთა დასახლება

About Author

By GMG