მთავარი სიახლეები 150 ქალს მუნიციპალურ სერვისებს “ქართული მედია ჯგუფი” პირადად გააცნობს

150 ქალს მუნიციპალურ სერვისებს “ქართული მედია ჯგუფი” პირადად გააცნობს

by GMG

ხშირად ქალები წლების განმავლობაში იტანენ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას, ებრძვიან ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებს ან რჩებიან საზოგადოებისგან იზოლირებულნი მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ შესაბამისი ინფორმაცია. ბევრმა არც კი იცის, რომ სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტს ბიუჯეტში ყოველწლიურად გათვალისწინებული აქვს თანხები კონკრეტული სერვისებისთვის. მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ დახმარების მიღების გზა იმდენად რთულია, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს.

სწორედ ამ ინფორმაციული ვაკუუმის შესავსებად metalab.ge –ს სპეციალური კატეგორია დაემატა, რომელიც შიდა ქართლში მცხოვრები ქალებისთვის ერთიან, გამჭვირვალე და მარტივ გზამკვლევს წარმოადგენს.

პლატფორმის მთავარი უპირატესობა მისი სიმარტივეა. იმისთვის, რომ მომხმარებელი ინფორმაციაში არ დაიკარგოს, საიტი მუნიციპალიტეტების მიხედვითაა დაყოფილი. ეს ნიშნავს, რომ გორში, ხაშურში, კასპსა თუ ქარელში მცხოვრები ქალები იღებენ ინფორმაციას მხოლოდ იმ პროგრამებზე, რომლებიც უშუალოდ მათ ქალაქსა და სოფლებში მოქმედებს. სერვისები – metalab.ge  მოიცავს ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა:

  • ჯანმრთელობის დაცვა

  • სოციალური დახმარება

  • შშმ პირთა მხარდაჭერა

  • უფლებების დაცვა და რეაბილიტაცია

მიუხედავად იმისა, რომ metalab.ge მუდმივად ხელმისაწვდომია, შიდა ქართლში ჯერ კიდევ არსებობენ ქალთა ჯგუფები, რომლებსაც ინტერნეტთან ან ციფრულ მოწყობილობებთან ხელი არ მიუწვდებათ. სწორედ ამიტომ “ქართული მედია ჯგუფი” მხოლოდ პლატფორმის შექმნით არ შემოიფარგლება და მომდევნო ორი თვის განმავლობაში იწყებს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას უშუალოდ რეგიონის სოფლებში.

ჩვენ ვესტუმრებით 10-მდე სოფელს, რათა ინფორმაცია კარდაკარ მივიტანოთ იქ, სადაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ. ვგეგმავთ, რომ 150-ზე მეტ ქალს, პირდაპირი შეხვედრებით დეტალურად განვუმარტოთ თუ რა სერვისების მიღება შეუძლიათ საკუთარ მუნიციპალიტეტში. შეხვედრებისას ქალები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს იმ ეტაპების შესახებ, რაც საჭიროა ჯანდაცვის, სოციალური თუ იურიდიული მხარდაჭერის მისაღებად”, – ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი შორენა ბიჭიკაშვილი, რომელმაც დღეს პირველი შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტში გამართა.

About Author

დაკავშირებული პოსტები