სულ ახლახანს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე აღვნიშნეთ. გავავრცელეთ პოსტერები, მოვამზადეთ სტატიები, გადავიღეთ ფილმები და წარმოვაჩინეთ, ქალები, რომლებსაც საზოგადოება ნამდვილად უნდა იცნობდეს, თუმცა გადის წლები და ამ დღესაც კი რატომღაც ჩრდილში ექცევიან ქალები, რომლებიც სოფლად, განსაკუთრებით კი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, სიცოცხლის რისკის ფასად ცხოვრობენ. საუბარია იმ ქალებზე, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმისგან ძალადობის მსხვერპლები არიან და ცხინვალის ან სოხუმის ე.წ. საპატიმროში ხვდებიან.
ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქეებს სისტემატურად აკავებენ. ეს პროცესი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება. დაკავებულთა შორის არიან ქალები, რომლებიც საკუთარ მიწის ნაკვეთში მუშაობისას ან საცხოვრებელი სახლის ეზოებიდან გაიტაცეს. უმძიმეს პირობებში რამდენიმე დღე, კვირა, თვეც ჰყავთ და ე.წ. ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2008 წლიდან – სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულია 3397 პირი, მათგან 1 927 ოკუპირებული აფხაზეთის, 1 470 – ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. მათ შორის 493 ქალია.
საქართველოს მოქალაქეთა დაკავების სტატისტიკა ოკუპირებულ რეგიონებში (2008-2022/09):
ოკუპირებული რეგიონების საპატიმროებიდან გამოყვანილი ქალების ნაწილი დღეს იმავე საფრთხის ფონზე აგრძელებს ცხოვრებას, თუმცა როგორც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ძალადობის მსხვერპლები რაიმე განსაკუთრებულ მხარდაჭერით ვერ სარგებლობენ, თუ არ ჩავთვლით არასამთავრობო სექტორის მხრიდან განხორციელებულ იურიდიულ-ფსიქოლოგიურ თუ სხვა დახმარებას.
მომხდარი ფაქტები ვრცელდება მედიაში, ანგარიშებში, განცხადებებში და ა.შ. თუმცა როგორ ვზრუნავთ მას შემდეგ მათზე? ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობისა თუ სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირების ფონზე, საოკუპაციო ძალების „კლანჭებისგან“ ძლივს გადარჩენილ ქალებს ისევ მძიმე ყოფაში ვაბრუნებთ. ვაიძულებთ, რომ თავად მიხედონ საკუთარ პრობლემებს, რომელიც მათ არ შეუქმნიათ. თუნდაც სიცოცხლის რისკის ფასად დაამუშაონ მავთულხლართებით გაყოფილი მიწის ნაკვეთები და რუსეთის ჯარისკაცების კონტროლის ქვეშ აღებული მოსავალი მთელი წელი იკმარონ. მიხედონ ოჯახსაც და დღის ბოლოს გადაქანცულები, რომ თვალებს მილულავენ, ისევ გატაცების მომენტებზე ფიქრი სტანჯავდეთ.