დედებს, რომლებსაც 2026 წელს შეეძინებათ შვილი და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 000-ს არ აღემატება, გორის მუნიციპალიტეტის მერია 1000 ლარამდე დახმარებას სთავაზობს. ეს თანხა განკუთვნილია ჩვილისთვის აუცილებელი ჰიგიენური საშუალებებისა და სხვა დამხმარე ნივთების შესაძენად. მერიის განმარტეებით, აღნიშნული პროგრამა მშობლებს საშუალებას აძლევს, ბავშვის ცხოვრების პირველ ეტაპზე ყველაზე საჭირო ნივთები უფასოდ, მუნიციპალიტეტის დაფინანსებით მიიღონ. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის წარდგენა აფთიაქიდან ან მაღაზიიდან, რის შემდეგაც მერია თანხას პირდაპირ ობიექტს გადაურიცხავს.
სიახლეა მათთვისაც, ვინც მეხუთე ან მომდევნო შვილს ელოდება. ასეთ ოჯახებს სახელმწიფო ერთჯერადად 1000 ლარს გადასცემს. ეს არის პირდაპირი ფულადი მხარდაჭერა, რომელიც ოჯახს ეხმარება ახალშობილის საჭიროებების დაკმაყოფილებაში. მთავარი პირობაა, რომ მშობელი და შვილები ბოლო ერთი წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში იყვნენ რეგისტრირებულნი.
