• შაბ. ნოე 9th, 2024

41%-ის აზრით, ქორწინებამდე სექსუალური კავშირი მხოლოდ ბიჭისთვისაა დასაშვები – WIC-ის კვლევა

ByGMG

აპრ 13, 2023

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა (WIC) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში (ბოლნისი, ზუგდიდი, ქედა, ხარაგაული, ხაშური) საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპების, მოქმედი გენდერული ნორმებისა და მავნე წეს-ჩვეულებების შესწავლას ითვალისწინებდა. 

კვლევაში ქალისა და კაცის ქცევაცაა წარმოდგენილი, რაც განსხვავებულად ფასდება საზოგადოების მხრიდან. მაგალითად, რაც კაცისათვის მისაღებია, ქალისათვის დაუშვებელ საქციელად აღიქმება.  გამოკითხულთა 41% თვლის, რომ ქორწინებამდე სექსუალური კავშირი ვაჟისათვის დასაშვებია, მხოლოდ 7% თვლის, რომ ქორწინებამდე სექსუალური კავშირის ქონა, დასაშვებია, როგორც ქალისათვის, ისე კაცისთვის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა 52% თვლის, რომ ქორწინებამდე სექსუალური გამოცდილების ქონა არცერთი სქესისთვის არ არის დასაშვები.  ძლიერია სტერეოტიპი, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში ვაჟი უნდა იყოს უფრო აქტიური.

სამიზნე მუნიციპალიტეტებში გამოკითხულთა საერთო რაოდენობის უმრავლესობას, კერძოდ, 68%-ს მიაჩნია, რომ სიყვარული კაცმა უნდა აუხსნას ქალს, მხოლოდ 2% მიიჩნია, რომ სიყვარული ქალმა უნდა აუხსნას კაცს, დაახლოებით მესამედი თვლის, რომ გრძნობების გამომჟღავნების შემთხვევაში სქესს მნიშვნელობა არ აქვს. 

გამოკითხვის შედეგებიდან ირკვევა, რომ ოჯახის შექმნის მიზნით, გოგონების მოტაცების ტრადიცია წარსულს ბარდება. რესპონდენტთა 81%-ს მიაჩნია, რომ ოჯახის შექმნის მიზნით, გოგონების მოტაცება აღარ ხდება და ბოლო 3 წლის მანძილზე მსგავსი ფაქტების შესახებ არ სმენიათ. რესპონდენტთა მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ ცალკეულ შემთხვევებს იშვიათად, მაგრამ მაინც აქვს ადგილი, მაგრამ არ ხმაურდება. თუმცა, ყველა რესპონდენტი მიიჩნევს, რომ ოჯახის შექმნის ეს მავნე პრაქტიკა დღეს აღარ არის გავრცელებული.

წინა წლებთან შედარებით, ნაკლებად, მაგრამ კვლავ გვხვდება მშობლების მიერ შერჩეულ პირზე, გოგონების, მშობლების ნებით დაქორწინების პრაქტიკა. კერძოდ, რესპონდენტთა 13% მიიჩნევს, რომ მათ მუნიციპალიტეტში მსგავსი პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია, 39%-ის აზრით კი, ხდება ასეთი ცალკეული შემთხვევები.

მყარია სტერეოტიპი, რომ გათხოვების შემდეგ ქალმა ბავშვი მალევე, სასურველია, პირველივე წელს, უნდა გააჩინოს. რეპონდენტთა ურმავლესობა, კერძოდ 65% მიიჩნევს, რომ სასურველია, ქალმა ბავშვი დაქორწინებიდან 1-2 წლის მანძილზე გააჩინოს. მხოლოდ 35% თვლის, რომ ბავშვის გაჩენა, მაშინ არის სასურველი, როდესაც ქალი თვითონ გადაწყვეტს. სიღრმისეული ინტერვიუებიდან ჩანს, რომ ახლად დაქორწინებულ ქალებზე, საკმაოდ მაღალია ვაჟის ოჯახის ზეწოლა ამ თვალსაზრისით. საზოგადოებაც ამ სახის მოლოდინს აქტიურად გამოხატავს.

კვლევა განხორციელდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ სამიზნე მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით, დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. კვლევაში მოყვანილი მოსაზრებები არ გამოხატავს დონორი ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას. 

კვლევის შედეგების დეტალურად გასაცნობად გადადით ბმულზე:

About Author

By GMG