პირველი კლასი ბავშვის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპია. პატარა ჯერ ვერ აცნობიერებს, სად და რატომ მოხვდა. ვერ იაზრებს, რომ მისთვის ახალი ცხოვრება იწყება, რომელსაც თან ახლავს მოვალეობები. სკოლა მისთვის უცნობი სამყაროა, სადაც ერთდროულად ბევრი სიახლე ხვდება: ახალი სოციალურ გარემო, თანატოლთა ახალი საზოგადოება, ახალი მეგობრები, მასწავლებლები. ბუნებრივია, იწყება ახალ გარემოსთან შეგუება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ადაპტაცია, რაც სპეციალისტების შეფასებით ხანგრძლივი პროცესია. ამ რთული და გრძელი გზის გავლაში მოსწავლეს მშობელთან ერთად კლასის დამრიგებელიც ეხმარება, რაც ასევე უდიდეს ძალისხმევვას გულისხმობს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს რთული ქცევის მქონე ბავშვებთან. ეს კი დღეს ერთ-ერთ საკმაოდ აქტუალურ თემას წარმოადგენს.
ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, „ქართული მედია ჯგუფის“ შეკითხვებს, გორის მე-8 საჯარო სკოლის, პედაგოგი ლალი მშვიდობაძე პასუხობს, რომელსაც წლების განმავლობაში პროფესიული მოვალეობის შესრულება განსხვავებულ თაობებთან უწევს.
- ქალბატონო ლალი, პირველ რიგში გაეცანით მკითხველს, გვითხარით თქვენ შესახებ, როდის დაიწყეთ პედაგოგობა, რამდენი დაწყებით კლასი გაუშვით ამ დრომდე და ა.შ.
1978 წელს, წითელ დიპლომზე დავამთავრე გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტი. 1978 წლიდან დღემდე ვმუშაობ დაწყებითი კლასების პედაგოგად. მაქვს წამყვანის სტატუსი და 45 წლიანი გამოცდილება. წელს უკვე ჩავიბარე ჩემი მე-12 გამოშვება.
- რამდენად რთულია პედაგოგობა და რა ძირითადი უნარებია საჭირო ბავშვებთან ურთიერთობისა და მათთან მუშაობისთვის?
ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩემ საქმეს. წინა წლებში უფრო მეტად ვიყავი ორიენტირებული სწავლებაზე(რაც შეიძლება მეტი მასალა მესწავლებინა), მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დაწყებითი კლასის მასწავლებელმა უფრო მეტი ყურადღება უნდა გადაიტანოს მოსწავლეთა აღზრდაზე და მათი აზროვნების განვითარებაზე. ახლა ვცდილობ მასალა მზამზარეულად კი არ მივაწოდო, არამედ ვასწავლო თუ როგორ ისწავლონ. ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური, თავისი უნარებით და გონებრივი მონაცემებით, ამიტომ ყველა მოითხოვს თავისებურ მიდგომას, ამისათვის კი საჭიროა განათლების სისტემაში გატარდეს მხოლოდ ერთი რეფორმა: კლასში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იჯდეს 15 ბავშვზე მეტი. (მაგრამ ჩვენ ვინ გვისმენს..) მე თუ მკითხავ პედაგოგს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შემდეგი უნარები: 1. ბავშვების უსაზღვრო და უპირობო სიყვარული. 2. უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა. 3. პედაგოგი აუცილებლად უნდა იყოს სამართლიანი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საქმიანობის პერიოდში არასოდეს დამირღვევია ეს სამი პირობა.
- დროთა განმავლობაში ბავშვებთან მიდგომები შეიცვალა, შესაბამისად შეიცვალნენ თაობებიც, თქვენ რა ძირითადი გარდატეხა დაინახეთ ძველ და ახალ თაობას შორის, როგორი იყო მაშინდელი დაწყებითი კლასის მოსწავლე და როგორია ახლა?
გეთანხმებით, რომ დროთა განმავლობაში შეიცვალა ბავშვებთან მიდგომებიც და ბავშვებიც. ადრე უფრო ,“მორჩილი“ მოსწავლეები იყვნენ, თითქოს კანონებს უფრო ადვილად ერგებოდნენ. ახლანდელი თაობა უფრო თავისუფალი, თამამი, გახსნილი და მოაზროვნეა. მე პირადად ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ადრე ჩემი ურთიერთობა არ სცდებოდა მასწავლებელი მოსწავლის ზღვარს, რაღაც თითქოს უფრო მბრძანებლური ტონიც მქონდა. წლების გამოცდილებით მივხვდი, რომ მე მათთვის უნდა ვიყო უფროსი მეგობარი, მათ ძალიან მოწონთ, როდესაც ესაუბრები როგორც დიდ ადამიანს, უფრო გახსნილები და თავისუფლები არიან. ჩემმა ბავშვებმა ყოველთვის იციან, რომ უნდა ისწავლონ საკუთარი თავისთვის და არა რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის, რომ უნდა შეეჯიბრონ მხოლოდ საკუთარ თავს და არა სხვას (ვარ თუ არა დღეს იმაზე უკეთესი, ვიდრე ვიყავი გუშინ), ყოველთვის მოექცნენ სხვას ისე, როგორც თავად უნდათ რომ მოექცნენ. არასოდეს დააბეზღონ მეგობარი.
- არსებობენ რთული ქცევის ბავშვები, რაც სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული, მათი ადაპტირების პროცესში დამეთანხმებით დიდი როლი აქვს როგორც სკოლას, ისე მშობელს. როგორ ფიქრობთ, როგორი მიდგომებია ასეთ ბავშვებთან საჭირო, რა ძალისხმევას მოითხოვს მასთან სწორი ურთიერთობა?
წლების გამოცდილებამ ერთი რამ მასწავლა, როცა ბავშვი გიყვარს, ის ამას გრძნობს, სიყვარულით კი ყველა საქმე უფრო გულმოდგინედ კეთდება, ყველა ბავშვისგან ვიღებ მისი შესაძლებლობის მაქსიმუმს. აუცილებელია მასწავლებელს და მშობელს ჰქონდეს ერთნაირი მიდგომა სწავლა აღზრდის საკითხებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი ერთ-ერთის მხრიდან იქცევა ბულინგის მსხვერპლად. საჭიროა ხშირი საუბრები მშობლებთან მათთვის საინტერესო საკითხებზე. ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს, ამიტომ საჭიროა მასწავლებელმა და მშობელმა ხშირად ისაუბრონ და შეაჯერონ აზრები. რთულმა სოციალურმა და ეკოლოგიურმა პროცესებმა ამ ბოლო წლებში ძალიან გაახშირა სკოლებში რთული ქცევის და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეების რაოდენობა, ასეთი ბავშვების მშობლები ცდილობენ დამალონ ბავშვის პრობლემები, არ სურთ გადაიყვანონ ბავშვები სპეციალურ საჭიროებებზე, რაც პრობლემას უქმნის მასწავლებელს კლასში. თუ კლასში რთული ქცევის ბავშვია მასწავლებელს უნდა ჰყავდეს ასისტენტი, რათა კლასში არ ჩავარდეს სასწავლო პროცესი. მე მესმის, რომ ასეთი ბავშვები უნდა იყვნენ სკოლებში, რათა იგრძნონ თავი ჩვენი საზოგადოების ნაწილად და დავიცვათ მათი უფლებები, მაგრამ მეორეს მხრივ, რა დააშავეს დანარჩენმა ბავშვებმა, რომელთა უფლებებიც ირღვევა იმის გამო, რომ სასწავლო პროცესი ხშირად იშლება და 10-15 წუთი იკარგება. ( როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობ მიპირისპირებენ საწინააღმდეგო აზრს: დადებითია ის, რომ ასეთ ბავშვებთან ურთიერთობით ბევრ სასიკეთო და ცხოვრებისეულ უნარებს იძენენო.) ის კი ვიცი, რომ სკოლებს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ფსიქოლოგი.
- დღეს მშობლებს ძალიან უჭირთ ბავშვების გაჯეტებისგან მოცილება, ეს ყველაფერი ალბათ იგრძნობა სკოლაში მოსულ ბავშვშიც, რას ურჩევდით მშობლებს, რა ხერხს მიმართონ იმისთვის, რომ მათ შვილს მექანიკური მოქმედებები ჩვევაში არ გადაეზარდოს და დროთა განმავლობაში არ მოუდუნდეთ აზროვნების/ანალიზის უნარი?
მშობლებს ვურჩევდი: მეტი თავისუფალი დრო გაატარონ შვილებთან. ერთად ითამაშონ, ისაუბრონ მათთვის საინტერესო თემებზე. არასოდეს არავის არ შეადარონ(ეს განსაკუთრებით არ უყვართ ბავშვებს). შვილს ენდეთ, მაგრამ აკონტროლეთ. უყიდეთ საინტერესო და ასაკისთვის შესაფერისი წიგნები.
- და ბოლოს, უფრო კონკრეტულად მინდა გკითხოთ სწორედ მშობელსა და შვილს შორის ურთიერღობაზე. ყველამ ვიცით, რომ დღეს ჩვენი შვილები ბევრად თავისუფალ გარემოში იზრდებიან, ვიდრე ჩვენ ვიზრდებოდით, თუმცა მშობლების ნაწილისგან დღეს ისევ გვესმის “შვილი გაზარდე მტრულადა მოყვარედ გამოგადგება”, ამ მიდგომებით თაობები იზრდებოდა, რამდენად სწორია ასეთი დამოკიდებულება, სად გადის ზღვარი სიმკაცრეს და ბავშვის საუკეთესო ინტერესებს შორის? რას ურჩევდით დაწყებითი კლასების მშობლებს, რომლებიც განსხვავებული მეთოდებით ცდილობენ ბავშვები სკოლას და “დავალებების შესრულებას” მიაჩვიონ.
“მტრულად გაზრდა“ – ეს ცოტა მკაცრი ნათქვამია, მაგრამ მშობლები ყველა სურვილს, რომ უსრულებენ ბავშვებს, არც ეს არ არის მათთვის სასიკეთო. რაღაცაზე ხომ შეიძლება აკრძალვაც დავუწესოთ. პატარა სანამ არის ბავშვი, შეიძლებთ მისია ყველა მოთხოვნის შესრულება, გაიზრდება და მეტს მოინდომებს, ვერ შეუსრულებ და მოზარდს შეიძლება ცუდი საქციელისკენ ვუბიძგოთ. რაც შეეხება საშინაო დავალებას, ამასთან დაკავშირებით ყველა მასწავლებელს საკუთარი აზრი აქვს. მე პირადად საშინაო დავალებად ვაძლევ მხოლოდ იმ მასალას, რაც შევასწავლე, მაინტერესებს, როგორ გაიგო ჩემი ახსნილი. ყოველთვის ვთხოვ ბავშვებს, დავალება დაწერეთ დამოუკიდებლად და შეამოწმეთ რამდენად გაიგეთ მასალა, თუ გაგიჭირდებათ აუცილებლად მითხარით მეორე დღეს, რომ თემა ისევ გავიაროთ. ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ არაფერი არ დაშავდება თუ ვერ შეასრულებენ, ჩვენ მას ხელმეორედ ვუბრუნდებით, თუ რაიმე საპატიო მიზეზის გამო ვერ ასრულებენ ამასაც ვიგებ. აი სულ ეს არის საშინაო დავალება. მშობელმა შეიძლება გადახედოს თუ როგორ შეასრულა. თუ მიხვდებით, რომ ვერ აკეთებს არ არის საჭირო საყვედურები და ზედმეტი სტრესი. სკოლა სასწავლო დაწესებულებაა და ვალდებულია მასწავლებელი რამდენჯერაც დაჭირდება ბავშვს იმდენჯერ აუხსნას.
ესაუბრა ნინო ჩიბჩიური