6 თვიანი პროექტი საიტის პრეზენტაციით და აქტივობების შეჯამებით დასრულდა

სტატიები
114 ნახვა

დასრულდა “ქართული მედია ჯგუფის” 6 თვიანი პროექტი სახელწოდებით, ფემინისტური მოძრაობა – სოფლად მცხოვრები გოგონებისა და ქალების მხარდასაჭერად შიდა ქართლში. “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი აქტივობები ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, პროექტის კოორდინატორმა, ლელა ლობჟანიძემ შეაჯამა.

“შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან დაინტერესებულთა რიცხვი პერიოდულად იზრდებოდა. გარდა იმისა, რომ შიდა ქართლის 4-ვე მუნიციპალიტეტიდან თავდაპირველად 10 ქალი ჩაერთო, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შედეგად, ფემინისტურ მოძრაობას, რომელიც რეგიონის მასშტაბით შევქმენით, ჯერ 50, მოგვიანებით კი კიდევ 15 ქალი შემოუერთდა. ისინი ტრენინგებიდან მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ და უშუალოდ ჩაერთვნენ საკუთარ თემში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის პროცესში“, -აღნიშნა ლელა ლობჟანიძემ.

საკუთარ სოფლებში არსებულ ვითარებაზე პროექტში ჩართულმა ქალებმა ონლაინ-ფორუმზე ისაუბრეს და დაინტერესებული ქალების შეკითხვებსაც უპასუხეს. ღონისძიებას, რომელიც 15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების დღეს მიეძღვნა 65-მდე ქალი დაესწრო. მათ შორის იყვნენ უფლებადამცველები, მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკებულოების წარმომადგენლები, რომლებმაც სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებები მოინიშნეს და კომპეტენციის ფარგლებში მათ დახმარებას დაპირდნენ.

20 ნოემბერს კი პროექტის შეჯამებისას, “ქართულმა მედია ჯგუფმა” საიტიც წარმოადგინა, სადაც პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია ვრცელდებოდა და სოფლად მცხოვრები ქალების ვიდეო ბლოგები და გადაცემები ქვეყნდებოდა. პროექტის ხელმძღვანელის თქმით, ქალებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სხვადასხვა მედიანამუშევარს, “ქართული მედია ჯგუფი” კვლავაც აქტიურად გააგრძელებს.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დავასრულეთ, ვაგრძელებთ ჩვენს ბენეფიციარ ქალებთან კომუნიკაციას, რომელთა რიცხვი თანდათან იზრდება. სასიხარულოა, რომ ამ დრომდე ჩვენი პროექტით არერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია ინტერესდება და ჩვენი უშუალო ჩართულობით და შუამდგომლობით ხდება ამ ადამიანებთან დაკავშირება და არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით მათი შესწავლა, ერთგვარი ადვოკატირების სახით. საიტი Feminism.ge აქტიურად გააგრძელებს მუშაობას და ის სოფლად მცხოვრები ქალების ხმას პერიოდულად მიაწვდის კონკრეტულ ადრესატებს, გარდა ამისა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რეგიონში ქალთა უფლებების დაცვისთვის მუშაობენ ამ სივრცის გამოყენებას ვთავაზობთ საჭიროების შემტხვევაში სხვადასხვა ინფორმაციის გასავრცელებად” – განმარტა პროექტის ხელმძღვანელმა ნინო ჩიბჩიურმა.

დასკვნით შეხვედრაზე პროექტის მონაწილეებმა, დამსწრე საზოგადოების რეკომენდაციებიც მოისმინეს და მათთან თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვეს.

“ჩვენ მზად ვართ ჩვენი გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, სიამოვნებით შემოგთავაზოთ ის რესურსი, რაც საკანონმდებლო დონეზე არსებობს, გარკვეული გზამკვლევები, წყაროს მითითებით შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი საიტიდანაც რაც ქალებს გაძლიერებასა და პრობლემების დაძლევაში დაეხმარება. კარგი იქნება თქვენ საიტზეც თუ ატვირთავთ ოჯახში ძალადობის შესახებ კანონს და სხვა დოკუმენტებს, რასაც თქვენი საიტის მომხმარებელი აქვე გაეცნობა და მას ამის მოსაძიებლად სხვაგან გადასვლა არარ დასჭირდება. მნიშვნელოვანი, რომ ლოკალურ დონეზე ასეთი გაერთიანება შეიქმნა, რომელიც სოფლად მცხოვრებ ქალებს გააქტიურებში ეხმარება”, აღნიშნა ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ელენე რუსეცკიმ.

ონლაინ შეხვედრამდე, “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის 10 სოფელში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით,”ქართულმა მედია ჯგუფმა” მუნიციპალიტეტების მერებს სარეკომენდაციო წერილით მიმართა, სადაც გამოკვეთილი საკითხებისთვის თანხების გათვალისწინებას 2022 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ურჩევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.