ქალთა საჭიროებები საოკუპაციო ხაზთან და ადვოკატირება მერიასთან

ქალთა საჭიროებები საოკუპაციო ხაზთან და ადვოკატირება მერიასთან

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ქალებს ყოველდღიურად მძიმე ფიზიკური შრომა უწევთ. ისინი ამბობენ, რომ მთელ დღეებს ბაღ-ვენახებში ატარებენ და საკუთარი თავისთვის დრო აღარ რჩებათ.

“ჩვენი დილა არ იწყება ყავის სმით”, – ასე იწყებს საკუთარი ყოველდღიურობის აღწერას რუსიკო მესხი. ის წითელუბანში ცხოვრობს და საკუთარ მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს. ამბობს, რომ არ იცის, როგორია “დილი ძილი”, რადგან წლებია, ადრიანად დგება და შრომას იწყებს. 

“დილით ადრე ვდგები. ჯერ შევდივარ პირუტყვთან, ვწველი, ვუვლი. მერე ვიწყებ თავის მოწესრიგებას მაღაზია მაქვს და მომხმარებელს მოწესრიგებული ვხვდები აუცილებლად. სოფელში სხვა სამსახურები არ გვაქვს, ძირითადად საქონელი, მეურნეობა, სულ ესაა ჩვენი შემოსავალი”, – ამბობს რუსიკო მესხი.

მძიმე ფიზიკური შრომით ირჩენს თავს ზარდიაანთკარში მცხოვრები ციცინო ელიკაშვილი და მისი ოჯახი. მიწების დამუშავება და შინაური ფრინველ-ცხოველების მოვლა, როგორც ციცინო გვეუბნება, ზარდიაანთკარში ქალების ყოველდღიურობის ნაწილია. 

“ჯერ ომის დროს ძალიან გაგვიჭირდა და კოვიდმა კიდევ უფრო უკან დაგვხია. ეკონომიკური პრობლემებია, ხალხი გაჭირვებულია. ქალებს საკუთარი თავისთვის დრო აღარ რჩებათ, გადართულები არიან მეურნეობაზე. ჩვენი ქალები ნაკლებად დადიან სალონებში, ამისთვის დრო საერთოდ არ აქვთ”, – აღნიშნა ელიკაშვილმა.

​კონფლიქტისპირა სოფლების პრობლემებზე საუბრობს აძვში მცხოვრები მარი კორინთელი, ის ამბობს, რომ სოფელში არც აფთიაქი და არც საბავშვო ბაღია. 

“როგორც მცირეწლოვანი შვილების დედა, ყველაზე მეტად ვისურვებდი, რომ ჩვენს სოფელში რაიმე გასართობი იყოს. სოფელს აქვს ტერიტორია, სადაც შეიძლება გასართობი სივრცე მოაწყონ. აქ უკვე ახალგაზრდობა აღარ არის, 7 წლის შვილი მყავს და უბანში მისი ასაკის არავინაა, რომ ითამაშოს, მარტო გაიზარდა. პირველად საბავშვო ბაღში, რომ მივიდა ბავშვებს ვერ ეგუებოდა, სულ მარტო იყო, ძლივს მიეჩვია. უნდა მიხედონ ჩვენნაირ სოფლებს, არც ბაღი გვაქვს, არც სუპერმარკეტი და აფთიაქი”, – თქვა მარი კორინთელმა.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალები ამბობენ, რომ სოფელში არსებული პრობლემები მათ ყოვედღიურობას კიდევ უფრო ამძიმებს. მათი საჭიროებები კვლევის შედეგად კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრმა შეისწავლა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ადვოკატირების მიზნით განმოკვეთილი პრობლემებით უკვე მიმართეს გორის მერიას, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მცოვრებ ქალებს მხარდაჭერას დაჰპირდა.  

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

%d bloggers like this: