“გოგოს გვიანობამდე გარეთ რა უნდა”- მარიამ გაბლიშვილი არსებულ სტერეოტიპებზე

“გოგოს გვიანობამდე გარეთ რა უნდა”- მარიამ გაბლიშვილი არსებულ სტერეოტიპებზე

11 ოქტომბერს, გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება, მისი მიზანია, გოგონათა უფლებების აღიარება და დაცვა, განათლების ხელშეწყობა და მათი შესაძლებლობების გაზრდა. 

მარიამ გაბლიშვილი საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს. ის ზარდიაანთკარიდანაა, სოფლიდან, სადაც 2008 წლის საომარი მოქმედებების კვალი დღემდე არ წაშლილა. აქ ადამიანის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, რაც ძირითადად უსაფრთხოების პრობლემებს უკავშირდება. ამ პრობლემაზე კი განსაკუთრებით ადგილობრივი ახალგაზრდები საუბრობენ, რომელთა რაოდენობა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პერიოდულად მცირდება. სხვა თანატოლებისგან განსხვავებით, მარიამს სოფელი არ დაუტოვებია და ადგილიდან ცდილობს გოგონებისა და ქალების გააქტიურებას. ის “ქართული მედია ჯგუფის” მიერ შექმნილი ფემინისტური მოძრაობის წევრია, რომლის მიზანს რეგიონში სწორედ გოგონებისა დაქალების მხარდაჭერას წარმოადგენს.

“სტერეოტიპული დამოკიდებულებები გოგონების მიმართ ჩემ სოფელშიც დღემდე არსებობს. რაც სხვადასხვა სიტუაციების დროს ვლინდება. მაგალითად ჩვენთან ტრანსპორტის პრობლემაა, რის გამოც შეიძლება გვიან მივიდეთ გოგონები სახლში. შუადღეს არის ხოლმე შუალედი და გვიან, როცა მივდივართ სახლში მაინც საშიშია გარეთ გასვლა საოკუპაციო ხაზის სიახლოვის გამო. ხშირად მომისმენია ასეთი რეპლიკები ,,რა უნდა ასეთ დროს გოგოს გარეთ” ან თუნდაც ზაფხულში როცა სტადიონზე გავდივართ, მაშინაც ასე ფიქრობენ, სამწუხაროდ” საერთო ჯამში ცალკე პრობლემა აქვთ გოგონებს ის, რომ მათ მიმართ საზოგადოება სტერეოტიპულ მიდგომებს იჩენს, მეორე კი ისაა, რომ უსაფრთხოდ გადაადგილების განცდა არ გვაქვს სოფელში,” – ამბობს მარიამ გაბლიშვილი. 


გარდა ამისა, პრობლემას მარიამი დასაქმების კუთხითაც ხედავს. მისი თქმით, სოფლის განვითარებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებში ძირითადად მამაკაცები ფიგურირებენ, ახალგაზრდა გოგონების გამოჩენა კი მისივე განმარტებით, საზოგადოებაში სხვაგვარად აღიქმება და ხშირად ეს ზოგიერთისთვის მიუღებელიც ხდება. 

“მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ვეხმარებოდი ადმინისტრაციულ საქმეებში, რადგან ჩემი პროფესია სამართალია, გადავწვიტე ამ მიმართულებით, პრაქტიკული ნიშნით მიმეღო გამოცდილება. მაშინ მერის წარმომადგენელმა შემომთავაზა რომ შტატის გარეშე, უბრალოდ ვიმუშავებდი და მივეხმარებოდი, ვისწავლიდი ამ ადმინისტრაციულ საქმეებს ასე დაახლოებით 1 თვე ვიყავი. შემდეგ დამოუკიდებელმა დეპუტატმა და სხვა თანამშრომლებმა სამწუხაროდ სხვანაირად აღიქვეს ჩემი იქ ყოფნა და ხალხში გაავრცელეს, ინფორმაცია, თითქოს იქ არაკანონიერად ვეწეოდი საქმიანობას. ეს ინფორმაცია მერამდეც მივიდა და მითხრეს, რომ აღარ უნდა გამეგრძელებინა მოხალისეობრივად მუშაობა. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მოხდა ჩემი გენდერული ნიშნით შევიწროება”, – ამბობს მარიამი. 

ის ახლა სხვადასხვა პროექტის მონაწილეა, რომელთა უმრავლესობა ქალთა გააქტიურებას გულისხმობს. მარიამი ფიქრობს, რომ ამ მხრივ მხარდაჭერა განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ გოგონებს სჭირდებათ, ვინც რჩება ადგილზე და სურს საკუთარი თემის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში თავადაც მიიღოს მონაწილეობა.

მარიამ გაბლიშვილი აპირებს, რომ საკუთარი თანამოაზრე გოგონები მეზობელი სოფლებიდანაც შემოიკრიბოს და გოგონების უფლებების დაცვას მათთან ერთად, უფრო აქტიურად შეუდგეს. მანამდე, კი “ქართული მედია ჯგუფის” მხარდაჭერით, უახლოეს პერიოდში, სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრებაზე საზოგადოებას მოხსენებას წარუდგენს. 

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

%d bloggers like this: