ქალები, შიდა ქართლის 15 სოფლიდან, პრობლემების მოგვარებისთვის ერთიანდებიან

ქალები, შიდა ქართლის 15 სოფლიდან, პრობლემების მოგვარებისთვის ერთიანდებიან

“ადგილობრივი გოგონებისა და ქალების გაძლიერება, თემის ლიდერობისთვის შიდა ქართლში” – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც რეგიონში “ქართული მედია ჯგუფი” შვედური ორგანიზაციის, “სამოქალაქო უფლებების დამცველების” მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა. მისმა მონაწილეებმა საჭირო თემებზე ტრენინგ-სემინარები გაიარეს, 2022 წლის პირველივე თვიდან კი ადვოკატირების კამპანია დაგეგმეს.

“ქალთა უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები”, ასევე “უსაფრთხოება ონლაინ სფეროსა და ფიზიკურ სივრცეში” – ამ საკითხებზე ტრენინგებს თავად მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენლები – თამარ კიკაჩეიშვილი და მორეტა ბობოხიძე უძღვებოდნენ. რომლებმაც ქალებს, შიდა ქართლის 15-სოფლიდან აღნიშნულ თემებზე ინფორმაცია გაუზიარეს, შემდეგ კი მათ კითხვებსაც უპასუხეს.

თამარ კიკაჩეიშვილი – Civil Rights Defenders-ის სამხრეთ კავკასიის პროგრამის ოფიცერი.

შიდა ქართლში “ქართული მედია ჯგუფის” მიერ შექმნილ ფემინისტურ მოძრაობას ქალები სხვადასხვა სოფლიდან შეუერთდნენ. მათ შორის არიან, საოკუპაციო ხაზთან მდებარე და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებიდან. ერთ-ერთი მათგანია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ალიონა ნუკრაძე.

ალიონა ნუკრაძესთან ერთად სოფლად მცხოვრები 15 ქალი, ადვოკატირების კამპანიისთვის ემზადება. ამ თემაზე ტრენინგი მათ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, დაკო მურადაშვილმა ჩაუტარა. ქალებმა ადგილობრივ საჭიროებებზე იმსჯელეს და მათი გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე მიიღეს ინფორმაცია. ვიდრე უშუალოდ პროცესში ჩაერთვებიან, მათ საჯარო გამოსვლის და პრეზენტაციისთვის საჭირო უნარებიც გაიუმჯობესეს. ამ მიზნით, საკუთარი გამოცდილება ფემინისტური მოძრაობის წევრებს, “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელმა, ელენე რუსეცკიმ გაუზიარა.

“სამოქალაქო უფლებების დამცველების” მიერ მხარდაჭერილი პროექტის განხორციელება შიდა ქართლში ნოემბრიდან დაიწყო და 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში “ქართული მედია ჯგუფი” თვითმმართველობებში შეხვედრების დაორგანიზებას გეგმავს, სადაც თემში არსებულ საჭიროებებზე თავად ქალები ესაუბრებიან გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მათ პასუხებსაც პირადად მოისმენენ. პარალელურად, მომზადდება გადაცემა “სოფლად მცხოვრები ქალების ხმა”, სადაც პროექტის მონაწილეები გამოკვეთილ პრობლემებზე უფრო ვრცლად ისაუბრებენ და ადგილზე შექმნილი გარემოებების გაუმჯობესების შესაძლებლობებზე უფლებადამცველთა მოსაზრებებსაც გაეცნობიან.

ქალთა მიერ წამოჭრილ საკითხებზე, მათ იდეებზე, სურვილებსა და სიახლეებზე ვიდეო სიუჟეტები და სტატიებიც მომზადდება. პროექტის გუნდი თვლის, რომ აღნიშნული აქტივობებით ერთის მხრივ, თემში მცხოვრებ ქალებს გააქტიურებაში დაეხმარებიან, მეორეს მხრივ კი, ადგილობრივი პრობლემების მოგავრებაში ქალთა ჩართულობასაც ხელს შეუწყობენ.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

%d bloggers like this: