ხაშურის მერიამ სოფლად მცხოვრები ქალების მიერ დასახელებულ პრობლემებს უპასუხა

ხაშურის მერიამ სოფლად მცხოვრები ქალების მიერ დასახელებულ პრობლემებს უპასუხა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისგან “ქართულმა მედია ჯგუფმა” საპასუხო წერილი მიიღო. უწყება იმ საკითხებს განმარტავს, რომლებიც “ფემინისტური მოძრაობის” წევრმა სოფლად მცხოვრებმა ქალებმა თემში მუშაობისას გამოკვეთეს. სოფლებში ქვიშხეთში, წრომსა და ცხრამუხაში ქალები განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული სამუშაოების საჭიროებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

“ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წრომსა და ქვიშხეთში სოფლამდე მისასვლელი გზა სრულად და შიდა გზების ნაწილი მოასფალტებულია. სოფელ ქვიშხეთში, მჭედლიშვილების უბანში 2021 წელს განხორციელდა 39 676 ლარის ღირებულების სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სოფელ ცხრამუხაში გზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ უახლოეს მომავალში ხაშურის მუნიციპალიტეტში საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით იგეგმება წყლისა და კანალიზაციის სისტემის სრულად მოწესრიგების მასშტაბური პროექტის განხორციელება. პროექტი ქალაქ ხაშურთან ერთად მოიცავს სოფელ ცხრამუხას და სოფელ ოსიაურს. აქედან გამომდინარე, სოფელ ცხრამუხაში გზების რეაბილიტაციის დაწყება შესაძლებელი გახდება მხოლოდ აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდგომ”, – წერია ხაშურის მუნიციოპალიტეტის მერიის წერილში.

სოფლად მცხოვრებმა ქალებმა ხაშურის მუნიციპალიტეტს ახალი თაობისთვის სამუშაო ადგილების შექმნის თემაზეც მიმართეს, რაზეც მერიამ განმარტა, რომ ხაშურში დასასრულს უახლოვდება პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს. მერიის აზრით, ეს ხელს შეუწყობს მათ ადგილზე დასაქმებას და მიგრაციის პრევენციას.

შეგახსენებთ “ქართულმა მედია ჯგუფმა” შიდა ქართლში ფემინისტური მოძრაობა “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით შექმნა, სადაც ამ დროისთვის სოფლად მცხოვრები 70-მდე ქალია ჩართული.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

%d bloggers like this: