გაზეთი “ხმა ქართველი ქალისა” შიდა ქართლის რეგიონში უფასოდ ვრცელდება. “ქართული მედია ჯგუფის” გადაწყვეტილებით, გამოცემა იმ დასახლებებში შედის, სადაც ონლაინ რესურსებთან მოსახლეობას ხელი ნაკლებად მიუწვდება. “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, 8 გვერდიან გაზეთში რეგიონის წარმატებულ, მებრძოლ და უფლებადამცველი ქალების შესახებ იწერება, ბოლო ნაწილი კი ეთმობა ამონარიდებს, კატო მიქელაძის საუკუნისწინანდელი გამოცემიდან.
სოფლად მცხოვრები ქალების თქმით, მსგავსი შესაძლებლობა წლებია არ ჰქონიათ, აქტიური ქალების შესახებ წაკითხული ინფორმაცია კი მათ დამატებით მოტივაციას აძლევს.
“ქართულ მედია ჯგუფს” წარმომადგენელი შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში ჰყავს, რომლებიც გაზეთის მკითხველს თვეში ერთხელ საინტერესო ქალებზე სტატიებს უმზადებენ. პარალელურად მიმდინარეობს ადგილობრივი მედიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოების საქმიანობის მონიტორინგი, რომელთა შედეგებსაც პროექტის გუნდი შემოდგომისთვის წარმოადგენს.