14 წელი კრიტიკულ მედიცინაში და მუდმივი ბრძოლა ახალშობილთა გადასარჩენად – თეონა ეგნატაშვილის პროფესიული ისტორია ექთნობიდან იწყება და დღეს წამყვანი ექიმი-ნეონატოლოგის სტატუსით გრძელდება. ამ გზაზე იყო სასწრაფო პედიატრია და კატასტროფის სამედიცინო ბრიგადის რეანიმატოლოგის ურთულესი პასუხისმგებლობა. თუმცა, მიღწევებთან ერთად, თეონას ცხოვრებაში კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი როლია – ის 3 მცირეწლოვანი შვილის დედაა. მისი ყოველდღიურობა ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ ქალისთვის შეუძლებელი არაფერია: კარიერული ზრდა, რეგიონული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილი და მრავალშვილიანი ოჯახი ერთმანეთთან იდეალურ, ჰარმონიულ სინერგიას ქმნის.
უმძიმესი გრაფიკისა და უდიდესი პასუხისმგებლობის მიუხედავად, თეონა არასდროს წყვეტს თვითგანვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიურ სიახლეებს თამამად პასუხობს. მან წარმატებით გაიარა ხელოვნური ინტელექტის მიმართულების კურსები და დღეს “AI მედიცინის ასოციაციის” აქტიური წევრია, რაც მის მუდმივ სწრაფვას ინოვაციებისკენ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
— თეონა როგორ ახერხებთ 3 მცირეწლოვანი შვილის დედობის, მუდმივი პროფესიული წინსვლისა და ურთულესი სამედიცინო მიმართულებების — ახალშობილთა რეანიმაციისა და პედიატრიის შეთავსებას? რა არის თქვენი მთავარი საიდუმლო იმისა, რომ არცერთ სფეროში არ დათმოთ პოზიციები?
— პირველ რიგში სიყვარული — ჩემი პროფესიის და ჩემი ოჯახის. ჩემი მეუღლისგან უდიდესი მხარდაჭერა მაძლევს ამ ძალას. ჯერ დავიწყე მედიცინის სწავლა, მოვიხიბლე რეანიმაციის სფეროთი და გადარჩენილი სიცოცხლით მიღებული ბედნიერების განცდით. მივხვდი, რომ ეს იყო სწორედ ის პროფესია, სადაც ვიპოვე საკუთარი თავი. მოგვიანებით გავხდი დედა და მოკლე პერიოდში 3 შვილი მეყოლა. იყო მცირე პაუზა კარიერაში და ამ დროს კიდევ უფრო მეტად მომენატრა ჩემი საყვარელი საქმე – ექიმობა. ისევ დავბრუნდი ახალი ძალებითა და შემართებით და მას მერე ვცდილობ, უფრო და უფრო განვვითარდე და წინ წავიდე.
— საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი, რომ კრიტიკული მედიცინა, კატასტროფების სამედიცინო ბრიგადებში მუშაობა და ახალშობილთა გადარჩენისთვის ბრძოლა “ზედმეტად მძიმე და მამაკაცური” სფეროა. როგორ ამსხვრევთ ამ მითს ყოველდღიურ პრაქტიკაში, როცა წამებში იღებთ სიცოცხლისთვის გადამწყვეტ გადაწყვეტილებებს?
— კი, ძალიან მძიმე და ემოციებით დატვირთული საქმეა, თუმცა არ ვეთანხმები ამ სტერეოტიპულ აზრს. თუ იცი შენი საქმე, იცი, როგორ მოიქცე კრიტიკულ სიტუაციაში და როგორ მართო შენი გუნდი ისე, რომ სინქრონულად და ზედმეტი ქაოსის გარეშე წარიმართოს პროცესი — სწორედ აქ ავლენ შენს ძალას და გამარჯვებაც კიდევ უფრო სასიხარულოა.
— თქვენი გზა ექთნობით, უმცროსი ექიმობითა და ასისტენტობით დაიწყო, დღეს კი წამყვანი კლინიკის ექიმ-ნეონატოლოგამდე, მენეჯმენტისა და ხარისხის კონტროლის სერტიფიცირებულ სპეციალისტამდე გაგრძელდა. როგორ გამოგადგათ ქვედა საფეხურებიდან დაწყებული ეს გრძელი გზა იმისათვის, რომ დღეს ძლიერი, ავტორიტეტული და თავდაჯერებული პროფესიონალი ყოფილიყავით?
— ვფიქრობ, ყველა სამედიცინო მუშაკმა უნდა გაიაროს ეს ეტაპები იმისთვის, რომ იცოდეს, თითოეულ რგოლში რა სირთულეს უნდა ელოდოს. ასევე, აუცილებელია იცოდე შენს დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის საქმიანობის სპეციფიკა, რათა როგორც ხელმძღვანელმა და გამოცდილმა სპეციალისტმა, უკეთ გააანალიზო საერთო მიზნისკენ — პაციენტის კეთილდღეობისა და გამოჯანმრთელებისკენ მიმავალი გზა.

— თქვენი მეუღლეც პროფესიით ექიმია. ორივე უკიდურესად სტრესულ, პასუხისმგებლობით სავსე და მძიმე რეჟიმის სფეროში საქმიანობთ. როგორ უწყობს ხელს ურთიერთგაგება და ოჯახური სინერგია იმას, რომ ორივემ წარმატებით განავითაროთ კარიერა და ერთდროულად სამი შვილი აღზარდოთ?
— ვფიქრობ, უკეთესიც კია, რომ ერთი სფერო გვაქვს. უფრო უკეთ გვესმის “ერთმანეთის ენა“, ტერმინოლოგია, ზოგჯერ აზრთა გაცვლით ერთმანეთს რჩევებსაც ვაძლევთ ხოლმე. ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს მორიგეობის შემდგომი დღე, ამიტომ საოჯახო საქმეებსაც ისე ვგეგმავთ, რომ ბავშვებსაც მაქსიმალურად დავუთმოთ დრო ერთად ყოფნისთვის.
— ბოლო წლებში თქვენ აიღეთ სერტიფიკატები ნეიროსონოგრაფიაში, ჯანდაცვის მენეჯმენტში, სამედიცინო ხარისხის კონტროლში და დაასრულეთ პედიატრიის რეზიდენტურა. საიდან პოულობთ ამდენ ენერგიას და მოტივაციას მაშინ, როცა წარმატებული პრაქტიკოსი ექიმი უკვე ხართ? რა არის თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა?
— ალბათ ის, რომ, პირველ რიგში, მედიცინა ყოველ წამს ვითარდება და ვალდებულები ვართ, ჩვენც ავყვეთ ამ რიტმს. მეორე მიზეზი ისაა, რომ სულ უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით — მინდა მეტი ვიცოდე და ვცდილობ, სადაც შევძლებ, ყველგან რაღაც წინსვლა მქონდეს. და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი: ამჟამად ვცხოვრობ და ვმუშაობ რეგიონში, სადაც, სამწუხაროდ, ახალგაზრდობის უკან დაბრუნება ნაკლებად ხდება. მინდა ჩემი მაგალითით სხვებსაც ვუთხრა, რომ რეგიონშიც სრულიად შესაძლებელია განვითარდე, გქონდეს წინსვლა და იყო ბედნიერი შენი საქმიანობით.
— რას ეტყოდით იმ ახალგაზრდა გოგონებსა და ქალებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოჯახის შექმნა და წარმატებული, მაღალი რანგის სამედიცინო კარიერა ერთმანეთს გამორიცხავს? რა არის მთავარი გაკვეთილი, რომელიც თქვენმა 14-წლიანმა სამედიცინო გამოცდილებამ გასწავლათ?
— ყველა ქალს შეუძლია იყოს წარმატებული პროფესიონალი მედიკოსი და, ამავდროულად, დედა. მთავარია, მხოლოდ ერთი გზით სვლა არ აირჩიოს და საკუთარი თავის ირწმუნოს. მე პირადად, ჩემი პროფესიის და შვილების სიყვარული მაძლევს ძალას, ვიდგე მყარად ფეხზე და გავაგრძელო სვლა. სტრესული, დამღლელი დღის თუ პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვით დაცლილ ენერგიას მოსიყვარულე ოჯახის სითბო ისევ ავსებს და დილით… ყველაფერი ახალი შემართებით იწყება.
