21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, სოფლად მცხოვრებ ქალებს არ ეძლევათ საშუალება ფეხი აუწყონ თანამედროვე გამოწვევებს. მათ ხშირად აღიქვამენ მხოლოდ საოჯახო საქმიანობის შემსურებლებად და ხშირ შემთხვევაში ქალის როლი მხოლოდ გათხოვებაში და შვილების აღზრდაში გამოიხატება.
მათ არ ეძლევათ უფლება მიიღონ განათლება, იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, მათ მიერ ოჯახში გაწეული საქმიანობა კი უმეტეს შემთხვევაში არ არის ანაზღაურებადი. გავრცელებული სტერეოტიპებიდან გამომდინარე არის პროფესიები, რომლის შესრულებაც მხოლოდ კაცებს შეუძლიათ და ისინი თვლიან, რომ ქალს იმ სფეროში არაფერი ესაქმება.
ოჯახში ძირითადად გადაწყვეტილების მიმღებიც კაცები არიან და ქალები კაცების “მფარველობის” ქვეშ არიან მოქცეულები. უმეტეს შემთხვევაში ქალები მამაკაცის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემსრულებლებად გვევლინებიან, თუმცა ვიცით, რომ ქალები უფრო ჰუმანურები არიან პრობლემების მოგვარებაში და უფრო ეფექტუიცაა მათი ქმედებები.
ქალები ნაკლებად მონაწილეობენ სოფლის პრობლემების მოგვარებაში, არ მონაწილეობენ სოფლის კრებებში, ისევ იმ მიდგომით, რომ ქალს არაფერი ესაქმება გარეთ და მხოლოდ კაცები წყვეტენ თუ რა უნდა გაკეთდეს თემში. უმეტეს შემთხვევაში ქალების პრობლემა ისიცაა, რომ სოფელში არ არის გამართული ინფრასტრუქტურა და ზოგგან არ არის წყალიც.
ეს პრობლემები მხოლოდ ქალს აწუხებს და სწორედ გენდერული თანასწორობა გულისხმობს საქმიანობის თანაბრად გადანაწილებას ქალსა და კაცს შორის. ამ მხრივ არაერთხელ შეუქმნიათ დისკომფორტი ჩემთვისაც სოფლის მაცხოვრებლებს. აქტიურად ვარ ჩართული არასამთავრობო სექტორთან და ხშირად ვმონაწილეობ სხვადასხვა პროექტებში, რათა ავიმაღლო ცნობიერება ისეთ საკითხებზე, რომელიც არ ისწავლება არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში. წარმატებებს მალევე მივაღწია, გავხდი NEO FEST-2022 წლის კონკურსის გამარჯვებული, რამაც მოტივაცია კიდევ უფრო ამიმაღლა, აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული არა მხოლოდ შეხვედრის მონაწილედ, არამედ საკუთარი გამოცდილება სხვებისთვისაც გამეზიარებინა.
რამდენიმე წელში შევძელი, რომ უკვე მე თვითონ ჩამეტარებინა ტრენინგები ქალებთან და ახალგაზრდებთან. მათ ვინც ხშირად ფიქრობს ნეტა რისთვის გადის ამხელა გზას და ესწრება აქტივობებსო, მინდა ვუთხრა, რომ აქამდე მოსვლა არ ყოფილა მარტივი. როცა ტენინგზე მიწევდა წასვლა, ყოველთვის მქონდა გადაადგილების პრობლემა, მათ შორის ბავშვების დატოვების და ყოველთვის ვცდილობდი, რომ მომეძებნა გამოსავალი და მე როგორც რიგითი ადამიანი გავზრდილიყავი, როგორც აქტიური მოქალაქე და არ ვყოფილიყავი უბრალო დიასახლისი.
მერი კორინთელი