საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად ქალთა ეკონომიკური გაძლიერება რჩება. 2024 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც CRRC-საქართველომ ჩაატარა, საინტერესო სურათს გვიხატავს: ჩვენი საზოგადოება თითქოს აღიარებს ქალის მუშაობის საჭიროებას, თუმცა იქვე უამრავ “ბარიერს” უწესებს მას.
რას ამბობს ციფრები?
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა – 83% ეთანხმება მოსაზრებას, რომ მუშაობა ქალისთვის დამოუკიდებლობის საუკეთესო საშუალებაა. ეს პოზიტიური მაჩვენებელია, რომელიც მიანიშნებს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ფასი გაცნობიერებულია.
თუმცა, პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც საქმე პრიორიტეტების გადანაწილებაზე მიდგება:
-
გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (48%) მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილების სიმცირის პირობებში, დასაქმებისას უპირატესობა კაცებს უნდა მიენიჭოთ. ეს აჩვენებს, რომ კაცი კვლავ აღიქმება ოჯახის მთავარ „მარჩენალად“, ხოლო ქალის შრომა — მეორეხარისხოვნად.
-
რესპონდენტთა 71% მიიჩნევს, რომ ქალმა იმაზე ნაკლები უნდა იმუშაოს, ვიდრე მუშაობს, რათა მეტი დრო დაუთმოს ოჯახს. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საოჯახო საქმე და ბავშვებზე ზრუნვა კვლავ მხოლოდ ქალის მოვალეობად განიხილება.
ასეთი დამოკიდებულებები ქმნის ე.წ. „შუშის ჭერს“ ქალებისთვის. ერთი მხრივ, საზოგადოება მოუწოდებს ქალს იყოს დამოუკიდებელი, მეორე მხრივ კი სთხოვს, რომ კარიერა მეორე პლანზე გადაწიოს ოჯახური იდილიის სასარგებლოდ. სანამ პროფესიული ზრდა და საოჯახო პასუხისმგებლობა თანაბრად არ გადანაწილდება პარტნიორებს შორის, ქალთა სრულფასოვანი ეკონომიკური ემანსიპაცია რთული მისაღწევი იქნება.
წყარო: UN Women / CRRC-Georgia (2024). “გენდერული თანასწორობის მიმართ
დამოკიდებულების კვლევა საქართველოში“.
