• კვი. სექ 8th, 2024

“ეს გაზეთი უფროსი თაობისთვის ერთადერთი საინფორმაციო წყაროა” – “ქართული მედია ჯგუფი”

ByGMG

აგვ 11, 2024

“ქართულმა მედია ჯგუფმა” სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. ორგანიზაციის წარმომადგენლები კარდაკარ დადიან და გაზეთს “ხმა ქართველი ქალისა” პირადად ავრცელებენ. ამ პროცესში ორგანიზაციას მხარს უჭერს “ფონდი ტასო”, რომლის ფარგლებში რეგიონის მასშტაბით, პროექტი ჯამში 10 სოფელს მოიცავს.

“გორის, ქარელის, ხაშურის, კასპის სოფლებში ვხვდებით იმ მოსახლეობას, რომელსაც სხვადასხვა მიზეზის გამო, ხელი არ მიუწვდება ინტერნეტ რესურსებთან. არაინფორმირებულ დასახლებებში მარტივად ვრცელდება დეზინფორმაცია და შესაბამისად, მისი გავლენებიც აშკარად შესამჩნევია. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ვცდილობთ მოქალაქეებს ავუხსნათ, რატომ გვჭირდება დემოკრატია ქვეყანაში და ევროინტეგრაცია მომავალში. ვფიქრობთ, იმ სოფლებში, რომლებსაც მოვიცავთ, უახლოეს პერიოდში გაცილებით მეტი სწორი ინფორმაცია ექნება მოსახლეობას მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ვიდრე აქამდე ჰქონდა“, – აღნიშნა პროექტის მონაწილემ, მერი კორინთელმა.

გაზეთთან ერთად, სოფლებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არჩევნებთან დაკავშირებული სხვა ბეჭდვური მასალაც ვრცელდება, რომელიც მკითხველს, დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქის როლის და კონკრეტულად ხმის მიცემის პროცესში მისი მონაწილეობის აუცილებლობაში დაარწმუნებს.

“ეს გაზეთი შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი საინფორმაციო წყაროა, საიდანაც უფროსი თაობის ადამიანები მარტივად იგებენ რატომ არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. ხშირად მითებით აჯერებენ ადგილობრივებს, რომ დასავლეთი “კარგს არაფერს მოუტანს” საქართველოს, სინამდვილეში კი იმ უამრავ სიკეთეს უმალავენ, რასაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისგან და აშშ-სგან ათეული წლებია იღებს. მოგვიწია ოჯახებში მისვლაც და ინფორმაციის ამ სახით მიწოდება მოსახლეობასთან, სადაც არჩევნების ახალ ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით, გადავეცით ბუკლეტები. საინფორმაციო მასალაში აღწერილია, როგორ უნდა გააფერადონ სასურველი პოლიტიკური პარტიის აღნიშვნა, რომ მათი ხმა მიღებულად ჩაითვალოს. იყო ნიჰლისტური დამოკიდებულებაც, თითქოს მათი აქტიურობა არაფერს შეცვლის. ჩვენ კი ფაქტებით ავუხსენით თუ რა როლი აქვსთითოეულ ხმას და როგორ აღმოჩნდა სხვადასხვა არჩევნებზე სწორედ ერთი ხმა გადამწყვეტი კონკრეტული ქვეყნბისა თუ ქალაქისთვის“,-აღნიშნა ლიკა თოთლაძემ.

შეხვედრები სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან შემოდგომამდე გაგრძელდება, რა დროსაც თემში გამოკვეთილ საკითხებს ადგილზე, კომპეტენტური პირები უპასუხებენ.

About Author

By GMG