გორში დღეს იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაციამ “თანხმობა” კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოებისთვის შეხვედრა გამართა, რომელსაც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მონაწილეთ შეკითხვებსაც უპასუხეს, რომელთა ნაწილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მიზნებსა და საფრთხეებს ეხებოდა.
“დღევანდელ ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა, სადაც მოვიწვიეთ 50 ქალი დევნილთა დასახლებიდან და საოკუპაციო ხაზის სოფლებიდან. ასევე გვესწრებოდნენ სტუდენტებიც, რომლებსაც ინფორმაცია გავუზიარეთ იმ ბენეფიტებზე, რასაც საქართველო ევროპასა და ნატოში გაწევრიანებით მიირებს. გვქონდა საუბარი ადამიანის უსაფრთხოებაზე. სტუმრებს აინტერესებდათ როდის გახდება შესაძლებელი საქართველოს ნატოში მიწვევა. უფრო მეტად უსაფრთხოების თემა ქალებს აღელვებთ. იყო კითხვები იმ კანონზე, რომელზეც, მსჯელობა მიმდინარეობს პარლამენტში. ჩვენი აზრით საეჭვო და ტრაგიკული შეცდომა იქნება თუ მას დაამტკიცებენ. ნამდვილად ეს შეაფერხებს ჩვენი გზის განვითარების შესაძლებლობას. განვითარება ხდება სამოქალაქო და სახელმწოფოს სექტორის თანამშრომლობით და თუ ვერ შეძლებენ ისინი საქმიანობის გაგრძელებას, ეს პირველ რიგში მოსახლეობას დააზარალებს. რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანმთელობა და ფსიქო-რეაბილიტაცია”, – აღნიშნა იულია ხარაშვილმა.