“აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ’’,- თითქოს არაფერია, ერთი უბრალო ფრაზა.. განვითარებულ, საღად მოაზროვნე ადამიანებს, ბოდიშის მოხდა არც გვეთაკილება და არც პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენთვის, მაგრამ ეს სიტყვები გარდამტეხი აღმოჩნდა ბევრი ადამიანისთვის, როდესაც ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, გორში ჩამოსულმა ბიძინა ივანიშვილმა წარმოთქვა.
არაა მარტივი გასააზრებელი, თუ როგორ შეიძლება ნაომარ ქალაქში, იქ სადაც წლების წინ ბომბები ცვიოდა, იქ სადაც რამდენიმე კილომეტრში ოკუპაციაა, სადაც ადამიანებმა სახლები დაკარგეს, ოჯახისწევრები, მეგობრები… ჩახვიდე და თქვა, რომ “2008 წლის აგვისტოს ომის გამო, ჩვენ – საქართველოს მოქალაქეებს ბოდიში ვინმესთან გვაქვს მოსახდელი.
16 წლის ასაკიდან არ გამომიტოვებია აქცია და პროტესტი.. მუქარაც გამოვიარე, შანტაჟიც, დაშინებაც, მაგრამ არაფერს გავუბრაზებივარ ისე, როგორც იმას, რომ ომგამოვლილ ბავშვებს ბოდიშის მოხდა მოგვთხოვეს.
2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებისას, 6 წლის ბავშვი, სულ მარტო ვიყავი სახლში, პატარა და-ძმასთან ერთად, დედა სამსახურში იყო და გაათმაგებული პასუხისმგებლობა მქოდა, ორივეს მიმართ. ბავშვურ თამაშებში გართულებმა, უცებ გავიგეთ ძალიან დიდი ხმა, თითქოს რაღაც აფეთქდაო, ვერ ვიაზრებდით რა შეიძლებოდა ყოფილიყო, მახსოვს ზემოთ რომ ავიხედე მზიან ცას შავი კვამლი ჰქონდა გადაფარებული… ომი დაიწყო! ომია… მხოლოდ ეს ხმა ისმოდა გარშემო, პატარა რუსკამ არ იცოდა რა იყო ომი, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ამის შემდეგ აღარაფერი იქნებოდა ძველებურად.
გარშემო მხოლოდ ქაოსი იყო, ყველა სადღაც გარბოდა, ამდენ ნაცნობ ადამიანში, ყველაზე მეტად სამსახურიდან დაბრუნებული დედის დანახვამ გამახარა. მერე ბევრი აღარაფერი მახსოვს, მხოლოდ ქაოსი, ჩანთები და ის, რომ საღამოს ერთ-ერთ სოფელში მივედით, ჩვენს ნაცნობთან.. იქ მხოლოდ 2 ან 3 დღე დავყავით და ორი დღის მანძილზე, ტელევიზორის ყურებისას ოჯახში მყოფები მუდამ ტიროდნენ. ორი ან სამი დღის შემდეგ, როდესაც ომი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, სახლში დავბრუნდით, მე დედა და ჩემი პატარა ძმა, არც ტრანსპორტი მოძრაობდა და არც მანქანები ჩანდა გარშემო. ამიტომ ქალაქის ცენტრიდან, სადგურის დასახლებისკენ, ფეხით მოგვიწია წასვლა. გარშემო ისეთი არეული იყო ყველაფერი, შიშისგან დედას ვებღაუჭებოდი. მახსოვს, მხოლოდ ორი მომენტი, ერთი, როდესაც ე.წ ,,პირველი გაჩერების’’ ბინიდან ბებომ გადმოგვძახა, ალბათ საკვები არ გექნებათ შვილო, ჩემსას გაგიყოფთო. ბებოს ისე ჰქონდა კარი ჩარაზული, თქვენ აქ ვერ შემოხვალთო და მე-3 სართულიდან თოკზე მობმული კალათით ჩამოგვაწოდა 1 ხმელი პური, პეჩენია, 2 კიტრი და ერთი პომიდორი… ნეტა ახლა თუ ცოცხალია ის ბებო და თუ იცის, რომ იმ დღეს, მშიერი კუჭი მისმა ოდნავ ხმელმა პურმა დაგვინაყრა.
რამდენიმე მეტრში, მტკვრის ხიდთან, ქართველი ჯარისკაცები შეგვხვდნენ, მაშინ ვერ ვარჩევდი ვინ იყვნენ და მათმა დანახვამ ამატირა, მოგვიახლოვდნენ, ერთ-ერთმა ჩემი ძმა ხელში აიყვანა და მეორეს გადაულაპარაკა “ამ ბავშვებმა ომი აღარ უნდა ნახონო’”, ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს, გარდა იმისა, რომ ომის დასრულებისას, დედას დიდ მანქანებთან მივყავდით ხოლმე, იქიდან საკვებს გვაძლევდნენ და ასე დავძლიეთ ომის გასაჭირი. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როდესაც ამ ყუთებს ვხსნიდი. მხოლოდ ზრდასრულობისას გავიგე, რომ ეს საკვები საერთაშორისო პარტნიორებისგან იყო.
ომის დაწყებასთან ერთად, დასრულდა ჩემი ბავშვობა, მას შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იყო, ისე არა, როგორც ფილმებშია, ომის შემდეგ მშვიდობა არ მოსულა, ომის შემდეგ ომი არ დასრულებულა, დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის, ბრძოლა არსებობისთვის და ბრძოლა მომავლისთვის.
ომმა ბავშვობა დაუსრულა ჩემს თაობას, მე ბევრი რამ არ მახსოვს, მაგრამ ვიცი ბავშვები, რომლებმაც ნახეს დამწვარი ადამიანები, ბავშვის დამწვარი ფეხსაცმელები, გადამწვარი სახლები. დღეს, ჩემი ქალაქის ქუჩებს ტყვიების კვალი აქვს. დღეს, ამდენი წლის შემდეგაც, სულ მცირე ნივთის დავარდნის ხმაც კი ისე მაშინებს, როგორც პირველად ჩამოვარდნილმა ბომბმა შემაშინა.
ჩემს თაობას, როგორც აფხაზეთის ომის ბავშვებს, ჩვენი დაღი გვაქვს. რუსული აგრესიისა და რუსეთის მიერ დაწყებული ომის დაღი, რომელმაც ბავშვობა წაგვართვა, ამიტომ არ ვაპირებთ ბოდიშის მოხდას. “ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან!’’
რუსკა ბუზიაშვილი