“ქართული მედია ჯგუფი” შიდა ქართლში მოქმედ მედიასაშუალებებს აკვირდება. მონიტორინგს რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი სპეციალურად გადამზადებული ჯგუფი ახორციელებს. ძირითადი აქცენტი კეთდება მედიის მიერ შერჩეულ რესპონდენტთა რაოდენობრივ მაჩვენებელზე, სქესის მიხედვით. გასული ერთი თვის განმავლობაში პოლიტიკურ თემებზე მომზადებულ მასალებში ძირითადად კაცები საუბრობდენ, ქალები კი უმრავლეს შემთხვევაში წარმოდგენილები არიან, როგორც წარმატებული პედაგოგები, ხელსაქმით გამორჩეული დიასახლისები ან კარგი კულინარები.
“აპრილის თვის მონიტორინგის შედეგად, შემიძლია ვთქვა, რომ მომზადებული მასალების დიდ ნაწილში კაცების მოსაზრებებია წარმოდგენილი. ჟურნალისტური მასალების მცირე პროცენტი ეხება ქალებს, როგორც აქტორებს და კიდევ უფრო ცოტა მათ უფლებრივ მდგომარეობას რეგიონში. თემატური მასალები თითქმის არ გვხვდება, თუ არ ჩავთვლით კონკრეტულ ახალ ამბავს, სადაც მხოლოდ მომხდარი უსიამოვნო ფაქტებია გადმოცემული, ისიც ნიუსის დონეზე ვრცელდება და არ ხდება სიღრმისეული განხილვა, თუ რა უძღოდა წინ ამ ყველაფერს და ვისი ბრალეულობა უდევს საფუძვლად მომხდარ შემთხვევას”, -ამბობს “ქართული მედია ჯგუფის პროექტის წარმომადგენელი, თამარ გლურჯიძე.
მონიტორინგის ჯგუფის წევრების განმარტებით, შიდა ქართლში მოქმედი მედიასაშუალებები გენდერული ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს იშვიათად იყენებენ, ამ საკითხზე ძირითადი აქცენტები მაშინ კეთდება, როდესაც ქალებთან დაკავშირებული რაიმე თარიღი აღინიშნება.
” მონიტორინგის პროცესში ჩართული ვართ 10-მდე წარმომადგენელი და ცალ-ცალკე ვაკვირდებით სხვადასხვა მედიასაშუალებას. ჩემი სამონიტორინგო მედიის შემთხვევაში გასულ თვეს, გამოიკვეთა ქალების მეტი რაოდენობა კაც რესპონდენტებზე, მხოლოდ ქუჩის გამოკითხვების დროს. რაც შეეხება საკრებულოს სხდომებს, სხვადასხვა პოლიტიკურ თემებს, ამ შემთხვევაში ძირითადად კაცები ჩანან. იკვეთება ტენდენცია, რომ ადგილობრივი ჟურნალისტები ნაკლებად ზრუნავენ რესპონდენტი ქალებისა და კაცების თანაბარი რაოდენობით წარმოჩენაზე საკუთარ ნამუშევრებში,”-ამბობს პროექტის კიდევ ერთი წარმომაგდენელი, ლიკა თოთლაძე.
“ქართული მედია ჯგუფი” ადგილობრივი მედიის მონიტორინგს “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით ახორციელებს. პროცესი გრძელდება და საბოლოო შედეგები დასკვნით ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი. მანამდე, თვის განმავლობაში გამოვლენილ ტენდენციებს პროექტის გუნდი გადაცემაში “ქალის ხმა” მიმოიხილავს.