საქართველოში LGBTQ თემის საკითხი უკვე წლებია აქტუალურია საზოგადოებრივ დებატებში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული თემა. მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური და გენდერული უმცირესობები მოქალაქეების მხოლოდ მცირე პროცენტს წარმოადგენენ, ისინი ხშირად ექცევიან პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრად. მმართველ პარტიას არაერთხელ გამოუყენებია LGBTQ საკითხი საზოგადოების მანიპულაციისა და საკუთარი ინტერესების დასაცავად. შესაბამისად, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას რუსული გავლენებით.
საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას – მაღალი ინფლაცია, სოციალური უთანასწორობა, განათლების სისტემის კრიზისი, სამართლიანობის დეფიციტი და ეკონომიკური სიდუხჭირე. ამ პრობლემების მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლებისთვის სერიოზული საფრთხეა. სწორედ ასეთ პირობებში LGBTQ თემა, როგორც ემოციურად დამუხტული საკითხი, იდეალური იარაღია ყურადღების გადასატანად. პროპაგანდისტულ მედიასივრცეში უმეტესად ვხედავთ სიუჟეტებს „ლგბტ პროპაგანდაზე“, გეი აღლუმებზე” და ა.შ. იმისათვის, რომ მოსახლეობამ ეს აღიქვას მთავარ პრობლემად. თითქოს ქვეყანაში უფრო მეტად მნიშვნელოვანი პრობლემები არ გვქონდეს.
მმართველი პარტია ხშირად ცდილობს მტრის ხატის ფორმირებას. ეს მტერი შეიძლება იყოს „უცხოური გავლენები“, „დასავლური იდეოლოგიები“ ან უბრალოდ „ჩვენი ტრადიციების მტრები“. LGBTQ თემი უმეტესად ჩამოყალიბებულია, როგორც საფრთხე ეროვნული ღირებულებების, რელიგიის და „ქართული იდენტობის მიმართ“. ამ გზით, “ხელისუფლება” თავს წარმოაჩენს როგორც „ტრადიციების მცველი“, რომელიც „უცხოურ ზეწოლასაც არ ემორჩილება“ და შიდა მტერსაც ებრძვის. ამ დროს, ქვეყნის რეალური პრობლემების გადაჭრის ვალდებულება მოცილებულია დღის წესრიგიდან.
საქართველო მხარს უჭერს ევროპულ ინტერგრაციას. თუმცა, ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგი ხშირად პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებიც დასავლური კურსის ნაწილია, მათ შორის უმცირესობათა უფლებების დაცვას. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოძალადეები არ ისჯებიან ან იღებენ მსუბუქ სასჯელს. ამ გზით, “ხელისუფლება” აწარმოებს ორმაგ თამაშს: დასავლეთს აჩვენებს „ცივილიზებული“ სახელმწიფოს სახეს, ხოლო ქვეყნის მოსახლეობას ასიამოვნებს „ტრადიციულ ფასეულობებზე“ დამყარებული ქმედებებით.
ბოლო წლებში შეინიშნება გარკვეული რადიკალური, ჰომოფობიური ჯგუფების გააქტიურება. მათი აქტივობები, ეს იქნება ძალადობა ჟურნალისტებზე, აქტივისტებზე თუ ლგბტ პირებზე – ხშირად რჩება დაუსჯელი. ეს ქმნის განცდას, რომ ამ ჯგუფებს გარკვეული პოლიტიკური მფარველობა აქვთ.
ასეთ ჯგუფებს შეუძლია ის ფუნქცია შეასრულოს, რასაც ხელისუფლება თავად ღიად ვერ იზამს. მაგალითად, შეაფერხოს პრაიდის მსგავსი ღონისძიებები ან დემონსტრაციები, თუმცა ფორმალურად ხელისუფლება დაიკავებს ნეიტრალურ პოზიციას. ეს არის ე.წ. დელეგირებული რეპრესია, რომელიც საშუალებას აძლევს სახელმწიფოს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, მაგრამ შეინარჩუნოს პოზიცია.
LGBTQ თემა საქართველოში ხელისუფლებისთვის მეტია, ვიდრე უბრალოდ სოციალური საკითხი. ეს არის პოლიტიკური იარაღი, რომელიც ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებასა და საზოგადოებრივი უკმაყოფილების მართვას. ამით ზიანდება, როგორც LGBTQ თემის უფლებები და უსაფრთხოება, ასევე მთელი საზოგადოების დემოკრატიული განვითარება. რეალური პრობლემების გვერდით გადადება და მცდარი დღის წესრიგის წინ წამოწევა მხოლოდ აყოვნებს პროგრესს და ზრდის დაპირისპირებას.
თამარ ლეკიშვილი