მთავარი სიახლეები “სოფლად მცხოვრები ქალები და უსაფრთხოება”-15 ოქტომბერს გორში დისკუსია გაიმართება

“სოფლად მცხოვრები ქალები და უსაფრთხოება”-15 ოქტომბერს გორში დისკუსია გაიმართება

by GMG

15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, გორში დისკუსია გაიმართება თემაზე, “ქალები და უსაფრთხოება”. ღონისძიებაზე მოწვეული ქალები სოფლად არსებულ საჭიროებებზე ისაუბრებენ, რომელთა შორის საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებლებიც იქნებიან.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2008-2022 წლებში, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, 500-მდე ქალია დაკავებული. გარდა ამისა, არსებობენ ქალები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან და მათი ყოველდღიურობა არ არის უსაფრთხო. ვფიქრობთ, რომ გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალების მდგომარეობაზე ხშირი დისკუსიები უნდა იმართებოდეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წელს, სოფლად მცხოვრები ქალების დღის აღნიშვნისას, სხვა საჭიროებებთან ერთად, მათი უსაფრთხოების საკითხზეც ვიმსჯელოთ”, – აღნიშნა “ქართული მედია ჯგუფის” ხელმძღვანელმა, ნინო ჩიბჩიურმა.

დისკუსიის თემიდან გამომდინარე, მოხსენებებს კიბერუსაფრთხოების კურსის სერტიფიცირებული მონაწილეები გააკეთებენ და მოწვეულ სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებსა და მხარდაჭერის შესაძლებლობებს კი ქალთა უფლებადამცველები და ხელისუფლების წარმომადგენლები მიმოიხილავენ.

შეხვედრას “ქართული მედია ჯგუფი” მასპინძლობს, რომელიც მოწვეულ სტუმრებს უსაფრთხოების კურსის ბოლო ნაკადსაც წარუდგენს და შვედური ორგანიზაციის (Civil Rights Defenders) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს გაუზიარებს.

About Author

დაკავშირებული პოსტები